2026 წლის მეორე კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.2%-ით შემცირდა.
საქსტატის მიერ 8 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, აპრილ-ივნისში საქართველოში 468.8 მლნ აშშ დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა. 2025 წლის მეორე კვარტალში ეს მაჩვენებელი 610.6 მლნ დოლარი იყო.
საქსტატის განმარტებით, კლება ძირითადად რეინვესტიციის მაჩვენებლის შემცირებამ განაპირობა. 2026 წლის მეორე კვარტალში რეინვესტიციამ 300.5 მილიონი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 467.4 მილიონი დოლარი იყო.
ჩინეთი პირველ ადგილზეა
ჩინეთიდან საქართველოში 219.5 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც მთლიანი მოცულობის 46.8%-ია.
უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების სამეული ასე გამოიყურება:
- ჩინეთი - $219.5 მლნ (46.8%);
- გაერთიანებული სამეფო - $123.5 მლნ (26.3%);
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - $47.7 მლნ (10.2%).
სამ ქვეყანაზე საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 83.3% მოდის.
ბოლო წლებში საქართველოს ინვესტორთა სიაში, ძირითადად, გაერთიანებული სამეფო ლიდერობდა.
საქსტატის მონაცემებით, ჩინეთიდან ინვესტიციები მკვეთრად გაიზარდა. 2025 წლის მეორე კვარტალში ამ ქვეყნის მაჩვენებელი უარყოფითი იყო და -21.6 მილიონ დოლარს შეადგენდა, ხოლო 2026 წლის პირველ კვარტალში ჩინეთიდან 16.4 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
ჩინეთიდან ინვესტიციის მკვეთრი ზრდა, დიდი ალბათობით, უკავშირდება „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთი ბანკის“ შეძენას. საფონდო ბირჟის ინფორმაციის თანახმად, ჩინური „ჰუალინგ ჯგუფის“ კუთვნილმა „ბაზისბანკმა“ „ლიბერთიში“ 674 მილიონ ლარზე მეტი (თითქმის 250 მლნ დოლარი) გადაიხადა.
სექტორების მიხედვით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობებში განხორციელდა - 207.6 მილიონი დოლარი, რაც მთლიანი მოცულობის 44.3%-ია.
მეორე ადგილზეა უძრავი ქონების სექტორი 119.9 მილიონი დოლარით (25.6%), მესამეზე კი დამამუშავებელი მრეწველობა - 59 მილიონი დოლარით (12.6%).
სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა.
2023 წლის ივლისში, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის დროს, თბილისმა და პეკინმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს. ერთობლივი განცხადება პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობასთან ერთად ითვალისწინებდა კავშირების გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში.
2023 წლის სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა, ხოლო 2024 წლის მაისიდან ჩინეთმა უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შემოიღო.
2026 წლის ივნისში თბილისმა და პეკინმა ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ, „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ დონეზე აიყვანეს.
ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება მიმდინარეობს საქართველოს ტრადიციულ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების ფონზე.
ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული კურსის გამო ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2024 წელს დე ფაქტო შეჩერდა. მოგვიანებით, 2024 წლის 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებდა.
გაუარესდა ურთიერთობები შეერთებულ შტატებთანაც. 2024 წლის 30 ნოემბერს ვაშინგტონმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ ქმედებებსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას დაუკავშირა.
radiotavisupleba ახალი ამბები