WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან და მის ნათესავთან, ვასილ მხეიძესთან, საპროცესო შეთანხმების გაფორმება იგეგმება. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების განცხადებით, საპროცესო შეთანხმებების გაფორმების გადაწყვეტილება ბურჭულაძისა და მხეიძის „გამოძიებასთან თანამშრომლობის ხარისხის გათვალისწინებით“ მიიღეს.

საუბარია ეპიზოდზე, რომლის ფარგლებშიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც ედავებიან.

ბურჭულაძეს ბრალი წარუდგინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად აღება, ხოლო მის ნათესავს, ვასილ მხეიძეს, ქრთამის აღებაში დახმარება.

საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო ჰოსპიტლისთვის სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის სამ საიდუმლო შესყიდვას. პროკურატურის ვერსიით, შესყიდვებისას „ხელოვნურად შეიქმნა არაკონკურენტული გარემო“ და 11.5 მილიონი ლარის რეალური ღირებულების საქონელი თავდაცვის სამინისტრომ დაახლოებით 18.5 მილიონ ლარად შეიძინა. უწყების თანახმად, სახელმწიფოს 6.98 მილიონი ლარის ზიანი მიადგა.

პროკურატურის ვერსიით:

  • შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა ბურჭულაძის ნათესავს, ვასილ მხეიძეს, დაახლოებით 1.9 მილიონი ლარი გადასცა;
  • მხეიძემ 400 ათასი ლარი დაიტოვა, ხოლო 1.5 მილიონი ლარი ბურჭულაძეს გადასცა;
  • ბურჭულაძემ მიღებული თანხიდან 750 ათასი ლარი თავად დაიტოვა, ხოლო მეორე ნახევარი, ასევე 750 ათასი ლარი, რამდენიმე ეტაპად ირაკლი ღარიბაშვილს გადასცა.

პროკურატურის შუამდგომლობის თანახმად, ბურჭულაძეს სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრება, საიდანაც 3 წელს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელი პირობითად ჩაეთვლება. მას ასევე დაეკისრება 1 მილიონი ლარის ჯარიმა.

ვასილ მხეიძეს სასჯელის სახით 4 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრება, საიდანაც 1 წელსა და 2 თვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 3 წელი პირობითად ჩაეთვლება. მას ასევე დაეკისრება 100 ათასი ლარის ჯარიმა.

ბურჭულაძე და მხეიძე ამავე შესყიდვებთან დაკავშირებულ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე მსჯავრდებულები არიან. 2026 წლის აპრილში სასამართლომ ბურჭულაძეს, რომელსაც ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედებოდა ბრალად, 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო მხეიძეს 8 წლით პატიმრობა განუსაზღვრა.