საქართველოს ეწვევა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჟენი, ამის შესახებ ცნობილი გახდა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მაო ნინის ბრიფინგიდან.
მისი ინფორმაციით, ჰან ჟენი მიწვევის საფუძველზე, 6-დან 12 ნოემბრამდე პერიოდში თურქეთს ეწვევა, სადაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინის სპეციალური წარმომადგენლის სტატუსით, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის (COP31) 31-ე შეხვედრის ფარგლებში, ანტალიის ლიდერთა სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
"ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოსაც ეწვევა", - თქვა მაო ნინმა.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტოს შეკითხვის პასუხად, თუ რა მოლოდინები აქვს ჩინეთას ამ ვიზიტისგან, მაო ნინმა უპასუხა:
"ჩინეთი და საქართველო ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ბოლო წლებში, ორი ქვეყნის ლიდერების მიერ განსაზღვრული კურსის შესაბამისად, ორმხრივი ურთიერთობები სწრაფად ვითარდება და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა ნაყოფიერ შედეგებს იძლევა.
ვიზიტის ფარგლებში ვიცე-პრეზიდენტი ჰან ჟენი საქართველოს ხელმძღვანელობასთან ორმხრივი ურთიერთობებისა და ურთიერთინტერესის საკითხებზე მოსაზრებებს გაცვლის.
ჩინეთი მზად არის, ქართულ მხარესთან ერთად, სრულად განახორციელოს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული მნიშვნელოვანი საერთო შეთანხმებები, გააღრმაოს ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა და შეინარჩუნოს ორმხრივი ურთიერთობების მდგრადი განვითარება ორივე ქვეყნის ხალხის საკეთილდღეოდ", - თქვა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.
სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან
„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაღრმავდა.
2023 წლის ივლისში, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის დროს, თბილისმა და პეკინმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს. ერთობლივი განცხადება პოლიტიკურ და ეკონომიკურ თანამშრომლობასთან ერთად ითვალისწინებდა კავშირების გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში.
2023 წლის სექტემბრიდან საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა, ხოლო 2024 წლის მაისიდან ჩინეთმა უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვისაც შემოიღო.
2026 წლის ივნისში თბილისმა და პეკინმა ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ, „ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის“ დონეზე აიყვანეს.
ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება მიმდინარეობს საქართველოს ტრადიციულ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების ფონზე.
ევროკავშირის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული კურსის გამო ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2024 წელს დე ფაქტო შეჩერდა. მოგვიანებით, 2024 წლის 28 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებდა.
გაუარესდა ურთიერთობები შეერთებულ შტატებთანაც. 2024 წლის 30 ნოემბერს ვაშინგტონმა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულ ქმედებებსა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას დაუკავშირა.
radiotavisupleba ახალი ამბები