საქართველოს ჩინეთისგან პოლიტიკური სარგებელი არ მიუღია – ინტერვიუ

1 hour ago 3

„ეს ყველაფერი უფრო მეტად პარტიულ ურთიერთობას წააგავს, ვიდრე სახელმწიფოებრივს. იმიტომ, რომ საქართველოს ჩინეთთან ურთიერთობის შედეგად პოლიტიკური სარგებელი არ მიუღია“, – ამბობს ჯიპას პოლიტიკის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კონფლიტოლოგი გიორგი კობერიძე ნეტგაზეთთან საუბარში.

მისი თქმით, ერთია, როდესაც ისეთ დიდ ქვეყანასთან როგორიც ჩინეთია კარგი და ორმხრივად სასარგებლო ეკონომიკური ურთიერთობები გაქვს, თუმცა მეორეა, როდესაც მას მთავარ პოლიტიკურ პარტნიორად და განვითარების ვექტორად აცხადებ.

რამდენად ჯდება საქართველო-ჩინეთს შორის არსებული ურთიერთობა სტრატეგიულ პარტნიორობაში, რა პოლიტიკურ სარგებელს იღებს ქვეყანა ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავებით და რას ნიშნავს, როცა სტრატეგიული პარტნიორი გაეროში შენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისგან თავს იკავებს – გიორგი კობერიძეს სწორედ ამ და სხვა საკითებზე ვესაუბრეთ.

„ქართულ ოცნებაში“ ხშირად უსვამენ ხაზს, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის ლიდერებიც აქტიურად თანამშრომლობენ და ესაუბრებიან ჩინეთის ხელმძღვანელობას. ამ შემთხვევაში რა განსხვავებაა მათსა და „ქართულ ოცნებას“ შორის? როგორ ხედავს დასავლეთი ჩინეთს და როგორ ხედავს მას „ქართული ოცნება“?

— ზოგადად, ეკონომიკურ პარტნიორობაში პრობლემა არ არის. მეტიც, ჩინეთთან ეკონომიკური პარტნიორობის ალტერნატივა მსოფლიოში ძალიან ცოტაა, რადგან ჩინეთი საკმაოდ იაფ და საბითუმო პროდუქციას ქმნის და, რაც მთავარია, ტრანსპორტირების საკმაოდ იაფად ორგანიზება შეუძლია. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ სიტუაცია იცვლება, როგორც კი პოლიტიკური განზომილება შემოგვაქვს. ერთი მხრივ, ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და პრაქტიკაში, შესაძლოა, უალტერნატივოც კი იყოს.

მაგრამ.

მეორე მხრივ, გვაქვს პოლიტიკური განზომილება. პოლიტიკური ურთიერთობები მოითხოვს თანამშრომლობას ისეთ საკითხებში, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, ადამიანის უფლებების დღის წესრიგში დაყენება, ანტიკორუფციული საკითხები და ა.შ. თუ, მაგალითად, ჩინეთი არ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, თუკი საქართველო მისი მხრიდან გამოყენებულია მხოლოდ სტრატეგიულ დერეფნად და ჩინეთის ინტერესი ჩვენდამი მინიმალურია; და ამასთან, საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეულწილად ჩინეთის ხელისუფლებისადმი მიბაძვა დაიწყო იმაში, თუ როგორ დამოკიდებულებას აყალიბებს იგი საკუთარი მოსახლეობის მიმართ, ვგულისხმობ არადემოკრატიულ და არაჯანსაღ პროცესებს, გამოდის, რომ საქართველო პოლიტიკური თვალსაზრისით ყველაზე არასასურველ საკითხებში აკოპირებს ჩინეთს და მისგან პოლიტიკურად არ იღებს მთავარს – ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

ამასთანავე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ეკონომიკური მხარდაჭერა და საქართველოში რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომლებსაც ასევე სტრატეგიული მნიშვნელობა ექნება, მათ შორის, იმ პროექტებისა, რომლებიც დერეფნების ამუშავებას უკავშირდება.

საქართველოს საკითხზე იკვეთება, რომ საქართველო გარკვეულწილად ჩინეთის გავლენის სფეროში ექცევა ისე, რომ სანაცვლოდ ჩინეთი საქართველოში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს არ ახორციელებს… ფაქტია, რომ ამაზე ჩინეთი დიდად არ იწუხებს თავს და არც პოლიტიკურ მხარდაჭერას ავლენს. აქედან გამომდინარე, სერიოზული დისბალანსი გვაქვს: საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური დამოკიდებულება ჩინეთის მიმართ იმაზე პოზიტიური და მიმბაძველურია, ვიდრე ის სარგებელი, რაც შეიძლება საქართველომ მიიღოს.

თუ დასავლეთი ჩინეთს, საქართველოსგან განსხვავებით, მხოლოდ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორად უყურებს, შეიძლება ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჩინეთს დასავლეთის ჩამნაცვლებელ ახალ სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს?

— მე ვიტყოდი, რომ ცდილობს, ასე შეხედოს. რამდენად გამოსდის და რამდენად ასეა, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ „ქართული ოცნება“ ამას ცდილობს, რადგან ჩინეთისთვის არ არის პრიორიტეტული ადამიანის უფლებების დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა. შესაბამისად, ჩინეთისთვის მსოფლიოს არცერთ წერტილში არ წარმოადგენს პრობლემას „ქართული ოცნების“ მსგავს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა. თავის მხრივ, „ქართულ ოცნებასაც“ აწყობს ჩინეთთან ასეთი ტიპის ურთიერთობა, რაც რიგითი მოქალაქეებისთვის საზიანოა. თუ ჩინეთის ყველა პოლიტიკურ მოკავშირეს გადავხედავთ, იქ მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახარბიელო, არც ადამიანის უფლებებისა და კორუფციასთან ბრძოლის და არც სტრატეგიული უსაფრთხოების კუთხით.

რატომ მიიჩნევთ, რომ სათუოა, რამდენად გამოუვა „ქართულ ოცნებას“ დასავლეთის ჩინეთით ჩანაცვლება?

— ჩინეთს საქართველოს მიმართ არ აქვს ისეთი მძლავრი და კარგად ჩამოყალიბებული ინტერესი, როგორიც, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰქონდა 2000-იან წლებში. აშშ-ს საქართველოს მიმართ გააზრებული ინტერესები ძალიან გამოკვეთილი იყო. ჩინეთის მიდგომა უფრო ასეთია: ეს ქვეყანაც მნიშვნელოვანია ჩემი ზოგადი პოლიტიკურ-ეკონომიკური გავლენებისთვის, მაგრამ არა სტრატეგიულად, როგორც ამის წარმოჩენას საქართველოს ხელისუფლება ცდილობს.

საერთაშორისო ურთიერთობების პრაქტიკაში რას ნიშნავს რეალურად „სტრატეგიული პარტნიორობა“? რა კონკრეტული ვალდებულებები ან პოლიტიკური შედეგები უნდა მოჰყვეს ამ სტატუსს?

— სტრატეგიულ პარტნიორობაში ისე არ ხდება, რომ ერთი მხარე ყველაფერს აკეთებს, მეორე კი – არაფერს ან ძალიან ლიმიტირებულად. სტრატეგიული პარტნიორობა ორმხრივ, თანაზომიერ უფლებებს, ვალდებულებებსა და განწყობების შექმნას მოიცავს. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა იმ ფუნდამენტურ გამოწვევებზე პასუხს გულისხმობს, რომლებიც ორივე მხარეს აქვს. საქართველოს შემთხვევაში, ასეთი ფუნდამენტური გამოწვევა ტერიტორიული მთლიანობაა. ჩინეთი ამ მთავარ გამოწვევას არ პასუხობს ისე, როგორც უნდა პასუხობდეს. თავის შეკავება პასუხი არ არის: როდესაც საქმე გაეროში რეზოლუციის მხარდაჭერაზე, რუსეთზე ზეწოლაზე ან თუნდაც განცხადებების დონეზე მიდგება, ჩინეთის ქმედება არცერთ შემთხვევაში არ გამოხატავს სტრატეგიულ პარტნიორობას.

ამიტომ, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზე ვსაუბრობთ და ვამბობთ, რომ ჩინეთისთვის ტრანზიტული დერეფნების არსებობა და კონტროლი პრიორიტეტულია, რაც მისი გაცხადებული პოლიტიკის ნაწილია, უნდა დავფიქრდეთ: თუკი ჩინეთის ამ ინტერესს დავაკმაყოფილებთ, საპირწონედ რას ვიღებთ? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ ვიმეორებთ, რომ ჩვენი ფუნდამენტური ინტერესი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, რუსეთზე ზეწოლა და, შესაძლოა, სამხედრო მხარდაჭერაც იყოს — რასაც სანაცვლოდ არ ვიღებთ და ამის ფონზე ვცდილობთ, ჩინეთის გავლენის სფეროში აღმოვჩნდეთ, მის მხარეს გადავიხაროთ და დერეფნების კონტროლის საშუალება მივცეთ — გამოდის, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩინეთის ინტერესების დასაკმაყოფილებლად, ჩინეთი კი აქ ძალიან ლიმიტირებულად შემოდის.

ამასთანავე, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური მხარდაჭერა — პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რასაც საქართველოში ჩინეთი არ ახორციელებს. აქედან გამომდინარე, იმაზე საუბარი, რომ ქართული ღვინო გადის ჩინეთში, არასაკმარისია — ამის გაკეთება სტრატეგიული პარტნიორობის გარეშეც შეიძლება. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ სტრატეგიულ პარტნიორობას არ გამოხატავს. არც უვიზო რეჟიმი ნიშნავს სტრატეგიულ პარტნიორობას. ის შეიძლება სტრატეგიული პარტნიორობის გარეშეც მიღწეულიყო, რადგან ტურისტული ურთიერთობები, განსაკუთრებით ჩინეთისთვის, მნიშვნელოვანია — ჩინეთი ცდილობს, ტურიზმით ამა თუ იმ ფორმით მიიბას ზოგიერთი სახელმწიფო.

სტრატეგიული პარტნიორობა, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს შეთანხმებას ფუნდამენტურ საკითხებზე, რომლებიც ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია, და შემდეგ — ყველა სხვა სფეროში თანამშრომლობას. ეს, პირველ რიგში, ამა თუ იმ ინტერესების სფეროში მზაობისა და მხარდაჭერის გამოხატვაა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ამას ვერ ვხედავთ.

მაშინ რამდენად შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთთან დაახლოება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის უფრო პოლიტიკური გზავნილია დასავლეთის მისამართით, ვიდრე რეალური საგარეო-პოლიტიკური სტრატეგია?

— ეს უფრო მეტად იმას ჰგავს, რომ საქართველოს ხელისუფლება არა იმდენად დასავლეთის საპირწონის პოვნას ცდილობს, არამედ მას უჭირს ლეგიტიმაციის მოპოვება და ქვეყანაში დიდი ფინანსური რესურსის შემოტანა; ამიტომ, შიდა თუ საგარეო ლეგიტიმაციისთვის მაქსიმალურად ბევრი ძლიერი მოთამაშის პოვნას ცდილობს. ეს უფრო ჰგავს ხელისუფლების მცდელობას, რომელსაც თავად „მრავალვექტორული პოლიტიკა“ უწოდა. იდეაში, ხელისუფლება ცდილობს, ბევრი პოტენციური ფინანსური თუ პოლიტიკური საყრდენი ჰყავდეს. რადგან ჩინეთი ერთ-ერთი გავლენიანი მოთამაშეა, ის შეიძლება მართლაც იქცეს დასავლეთისთვის გზავნილად: „აი, მე მყავს სხვა მნიშვნელოვანი მფარველი და მხარდამჭერი, შესაბამისად, მარტო არ ვარ“.

მაგრამ მთლიანობაში, ჩინეთი იმდენად სუსტად არის წარმოდგენილი და მისი „რბილი ძალა“ (რაც, პირველ რიგში, მიმზიდველი ფაქტორების ერთობლიობაა — ეკონომიკურს არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ კულტურულ ფაქტორებს: ენის ცოდნას, ურთიერთობებს და ა.შ., რაც უბრალო, ადამიანურ დონეზეა მნიშვნელოვანი) იმდენად მწირია, რომ არ მგონია, საქართველოში, უბრალო ხალხში, ჩინეთის გავლენა ასეთი ძლიერი და ხელშესახები იყოს. ქართულ ცნობიერებაში ჩინეთი კვლავაც არ ასოცირდება ხარისხთან და სასურველთან, როგორც, მაგალითად, ევროპა და დასავლეთი.

თქვენ დასაწყისში ისაუბრეთ ტერიტორიული მთლიანობის კუთხით ჩინეთის მხარდაჭერაზე. ჩინეთი არ უჭერს მხარს გაეროს გენერალურ ასამბლეაში საქართველოს რეზოლუციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა დაბრუნების შესახებ. ამასთან, საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაშიც არ ფიქსირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პირდაპირი და მკაფიო მხარდაჭერა [აფხაზეთისა და ცხინვალის ხსენებით]. იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკის მთავარი საყრდენი წლების განმავლობაში აშშ-ისა და ევროკავშირის ძალისხმევა იყო, როგორ უნდა შეფასდეს ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ „პატივს სცემს ჩინეთის მიზეზებს“, რის გამოც იგი მხარს არ უჭერს გაეროში საქართველოს რეზოლუციას?

— უნდა ვთქვათ, რომ არანაირი ფორმით არ შეიძლება გვესმოდეს ჩინეთის გადაწყვეტილების. ეს არ არის პატარა სახელმწიფო, რომელსაც სხვა გზა არ აქვს, ან რაღაცაზე გაიყიდა. ეს არ არის, მაგალითად, ნაურუ, რომელიც შეიძლება რუსულ ფულს ან რუსულ გავლენებს დახარბდეს. ეს ჩინეთია — ჰეგემონური მოთამაშე. მარტივად რომ ვთქვათ, ჩინეთს არავინ უკარნახებს დღის წესრიგს, პირიქით — ის უკარნახებს სხვებს.

შესაბამისად, რას ნიშნავს ფრაზა „პატივს ვცემ ჩინეთის მიზეზებს“? ვისი გავლენის ქვეშ არის მოქცეული ჩინეთი, რუსეთის ეშინია? პირიქით, ჩინეთს შეუძლია რუსეთზე სერიოზული გავლენა მოახდინოს. უბრალოდ, საქართველო მას ამად არ უღირს და „ქართულ ოცნებას“ ამის აღიარება უჭირს. ეს რომ აღიაროს, გამოვა, რომ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთისთვის საკმაოდ მცირე ფასი აქვს — რუსეთთან ან ნებისმიერ სხვა გავლენიან მოთამაშესთან ურთიერთობასთან შედარებით. ეს არის პირდაპირი პასუხი. ეს რომ აღიარონ, ნათელი გახდება, რომ ჩინეთისთვის საქართველოს მცირე მნიშვნელობა აქვს, და რამდენიც არ უნდა ვისაუბროთ, რა მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია ჩვენთვის და რომ ყველაფერი წესრიგშია, სინამდვილეში თავს ვიტყუებთ. გამოვა, რომ მათი საგარეო პოლიტიკაც თავის მოტყუებაა და ამის აღიარება არ სურთ.

როცა ისეთი სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ჰეგემონური მოთამაშეა, მკაფიოდ არ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, და მეორე მხრივ, ვხედავთ საქართველოს ხელისუფლების ასეთ დამოკიდებულებას დასავლეთის მიამრთ, შეიძლება თუ არა საფრთხე შეექმნას არაღიარების პოლიტიკას? შესაძლებელია თუ არა, ხელისუფლების ამ დამოკიდებულების გამო, ერთ დღესაც სხვა ქვეყნებმა უარი თქვან არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერაზე?

— ვფიქრობ, ამ ორს შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს, რადგან დასავლეთს საკუთარი ინტერესები აქვს, რის გამოც არ ხდება ამ ტერიტორიების აღიარება. მაგრამ აქ სხვა ფაქტორიც შემოდის. საქმე მხოლოდ არაღიარებას კი არა, მხარდაჭერასაც ეხება. თუკი საქართველოსთვის საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი აღარ იქნება, გამოდის, რომ რუსეთს მეტი კარტ-ბლანში ეძლევა. ვგულისხმობ ანექსიის საკითხსაც: პროცესი შეიძლება მხოლოდ ოკუპაციით არ შემოიფარგლოს და ანექსიაში გადაიზარდოს — რუსეთის მხრიდან ტერიტორიების პირდაპირი მიერთების საკითხი დადგეს დღის წესრიგში. რა თქმა უნდა, დასავლეთი ამას გააპროტესტებს და იტყვის, რომ ეს არასწორია, მაგრამ თუ ვერ მივიღებთ ქმედით მხარდაჭერას, რომელიც გადაითარგმნება სამხედრო თუ ეკონომიკურ დახმარებაში (რაც საქართველოს ასე ძალიან სჭირდება), სწორედ ეს იქნება რეალური დანაკარგი.

თორემ ჩინეთთან ურთიერთობას არავინ გიკრძალავს და არავინ გეუბნება, რომ ეს ცუდია. უბრალოდ, თუ შენ ინდიფერენტული ხარ საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და, იმისათვის, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გაამართლო, ამბობ: „პატივს ვცემ ჩინეთის მიზეზებს“, მაშინ დასავლეთისთვისაც ლოგიკური იქნება დაასკვნას, რომ შენ ანექსიასაც „გაუგებ“ და ამით დასრულდება ყველაფერი. თუ შენი ტერიტორიული მთლიანობა არ გადარდებს, ის აღარც დასავლეთისთვის და აღარც სხვებისთვის იქნება პრიორიტეტული. სწორედ ეს არის ის პრობლემა, რასაც რიტორიკის დონეზე ვაწყდებით.

ჩინეთი ავტორიტარული სახელმწიფოა, საქართველოს კონსტიტუციური მიზანი კი ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციაა. რამდენად თავსებადია ეს ორი მიმართულება ერთმანეთთან და რამდენად რეალისტურია ხელისუფლების მცდელობა, ერთდროულად შეინარჩუნოს დასავლური ინტეგრაციის კურსი და, პარალელურად, გააღრმაოს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან?

— ეკონომიკურად შესაძლებელია, პოლიტიკურად — არა. იქიდან გამომდინარე, რომ დღეს სრულიად განსხვავებულ მსოფლიო წესრიგს ვხედავთ. ის უკვე აღარ არის მხოლოდ ეკონომიკურ ინტერესებზე აგებული, არამედ ეფუძნება პოლიტიკურ და სამხედრო ინტერესებსაც, სადაც მხარეები თანდათან ირჩევენ გეოპოლიტიკურ ბანაკებს. სხვათა შორის, ამაზე თავად რუსეთის ხელისუფლებამ, კერძოდ პესკოვმა განაცხადა: უკვე აღარ არის ის დრო, როცა შეგეძლო ყველასთან ყოფილიყავი — დღეს ან ერთ ბანაკში ხარ, ან მეორეში.

ეს ნათელი გზავნილია, რომ ავტოკრატიული ქვეყნები ერთგულებას ითხოვენ, რაც, თავის მხრივ, ხალხის სიღარიბეს ნიშნავს. ავტოკრატიებში ხალხი კარგად არ ცხოვრობს: ისინი შრომობენ ძალიან ბევრს, იღებენ ძალიან ცოტას და შიმშილობენ. მდიდარი ავტოკრატიები, როგორც წესი, დიდხანს ვერ არსებობენ, ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა. ოდესღაც სამხრეთ კორეაშიც ავტოკრატია იყო და დიდი ფული ტრიალებდა, მაგრამ დღეს ის სრულიად დემოკრატიული ქვეყანაა, რადგან მდიდარი სახელმწიფოები, თუნდაც ავტოკრატიულები იყვნენ, დროთა განმავლობაში მაინც დემოკრატიულები ხდებიან.

შესაბამისად, ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში საზოგადოება, როგორც წესი, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. თუკი საქართველოს არჩევანის გაკეთება მოუწევს, მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ ჩინურ და რუსულ ბანაკში ყოფნა ნიშნავს ტერიტორიების სამუდამოდ დაკარგვას, სიღარიბეს და იმის გარანტიას, რომ გეყოლება ავტოკრატიული ლიდერი, რომელიც შენს ინტერესებს არ გაითვალისწინებს. გამოვა, რომ მას „პეკინის ესმის“: პირველ ადგილზე თბილისის ინტერესებს კი არ დააყენებს, არამედ — პეკინისას. თუ პეკინის ინტერესები საკუთარ ინტერესებზე უკეთ გესმის, მაშინ შენს ინტერესებს ვეღარ დაიცავ და ამით მთავრდება ყველაფერი.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველო აუცილებლად დადგება ამ არჩევანის წინაშე — დასავლეთი თუ ავტოკრატიული ქვეყნების ბანაკი?

— პოლიტიკური თვალსაზრისით — კი. ეკონომიკურად ჩინეთთან ურთიერთობა აუცილებელია და არანაირ ფორმასა თუ დისკურსში არ განვიხილავ ამ ორ საკითხს ერთად. ის, რომ თითქოს „ჩვენ ჩინეთთან ურთიერთობა არ გვინდა“, ჩვეულებრივი პოლიტიკური კამპანიის ნაწილია. როგორ არა, ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობა ძალიანაც გვინდა და ვინც ამ ეკონომიკური ინტერესების წინააღმდეგ წავა, ის აზიანებს ქვეყანას. ის ნარატივი, თითქოს ვინმე ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის წინააღმდეგია, უბრალო პროპაგანდაა. მაგრამ როდესაც გინდა, რომ ეკონომიკური ინტერესები პოლიტიკურში გადათარგმნო, სადაც მხოლოდ კარგავ და სანაცვლოდ არაფერს იღებ, გამოდის, რომ უბრალოდ ყველა კარტს ხსნი, მოწინააღმდეგეებს ანახებ, რა გიჭირავს ხელში და ეუბნები: „მე აღარაფერი მიჭირავს ხელში და ეს იცოდეთ“.

იმიტომ, რომ როდესაც სახელმწიფოსთან პოლიტიკური ურთიერთობა გაქვს, სასურველ პოლიტიკურ შედეგებს უნდა იღებდე. მაგალითად რომ შევადაროთ: ამერიკასთან პოლიტიკურმა ურთიერთობამ მოიტანა საქართველოს სამხედრო ძალების გადაიარაღება, ყოველწლიური წვრთნები და ეკონომიკურად დიდი მხარდაჭერა — ინვესტიციები (მათ შორის, ფრენჩაიზით გაკეთებული თუ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები). ასევე, საქართველოში ჩატარდა უამრავი დიდი კონფერენცია, რასაც მოგვიანებით საგარეო აქტორების დაინტერესება და მხარდაჭერა მოჰყვა. ჩინეთისგან ამის მსგავსს არაფერს ვიღებთ. დასავლეთთან ურთიერთობას მოჰყვა ევროკავშირთან დაახლოების პროცესიც, რაც კანდიდატის სტატუსში, უვიზო რეჟიმში, ღრმა და ყოვლისმომცველ შეთანხმებასა და ასოცირებულ წევრობაში გადაითარგმნა — ანუ ბევრ ისეთ რამეში, რაც სარგებლიანი იყო თითოეული მოქალაქისთვის. ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა კი პოლიტიკურად არაფერში გადათარგმნილა, გარდა იმისა, რომ გამოდის პრემიერ-მინისტრი და ამბობს, რომ „პატივს სცემს ჩინეთის მიზეზებს“, რის გამოც იგი არ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ საკითხებს. ეს განცხადება საზიანოა.

საქართველოში ჩინეთის გავლენები აშშ-ის ყურადღების ცენტრშიცაა. აშშ-ის კონგრესმა მიიღო აქტი, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას საქართველოში ჩინეთის გავლენების შესწავლისკენ მოუწოდებს. პარალელურად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ჩინეთთან ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ზუსტად იმავე პერიოდში გამოაცხადა. თქვენი შეფასებით, რამდენად საყურადღებოა ეს დროითი თანხვედრა?

— ეს მათი პერსონალური და პარტიული ინტერესია, რათა ჩინეთთან ურთიერთობის გაღრმავებით საკუთარი ლეგიტიმაცია მოახდინონ. მათ კარგად იციან, რომ დასავლეთთან პრაქტიკულად აღარ მიესვლებათ და მაინცადამაინც კარგი ურთიერთობა აღარ აქვთ.

სხვათა შორის, ერთი საინტერესო ფაქტორია ისიც, რომ ეს ყველაფერი უფრო მეტად პარტიულ სტრატეგიულ ურთიერთობას წააგავს, ვიდრე — სახელმწიფოებრივს, რადგან საქართველოს ჩინეთთან პოლიტიკური ურთიერთობის შედეგად სარგებელი არ მიუღია. თუ ისინი საკუთარი პოლიტიკური პარტიის საქართველოსთან გათანაბრებას ცდილობენ, ეს უკვე სასაცილო და ღიმილისმომგვრელია. სრულიად სხვა ფენომენია საქართველოს ხელისუფლება და სრულიად სხვა — საქართველოს სტრატეგიული ინტერესები. ამიტომ, პოლიტიკურად ის ფაქტი, რომ პეკინი პერსონალურად „ქართულ ოცნებას“ უკრავს ტაშს, არაფერში ითარგმნება საქართველოსთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, სასარგებლო საკითხებში. ამ ეტაპზე სწორედ ასეთი მოცემულობა გვაქვს.

თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ საქართველოში ჩინეთის გავლენების შესწავლის შესახებ შესწორება ამერიკის თავდაცვის ავტორიზაციის აქტშიც შეიძლება შევიდეს, რომელიც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტებს ასახავს, შეიძლება თუ არა ეს განვიხილოთ სიგნალად, რომ ვაშინგტონი საქართველოსა და ჩინეთის დაახლოებას უკვე უსაფრთხოების პოლიტიკის ჭრილშიც აკვირდება და აფასებს?

— ნელ-ნელა, მაგრამ შეიძლება. ეს არ არის საბოლოო ნაბიჯი, თუმცა პროცესი უკვე შემაშფოთებელია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო დასავლეთის მნიშვნელოვანი ფორპოსტი იყო; პირიქით — დასავლეთი საქართველოსთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან მისგან რესურსებს იღებდა და შეეძლო კიდევ უფრო მეტი მიეღო, მით უმეტეს უკრაინის ომის გათვალისწინებით, როდესაც აღმოსავლეთით სერიოზული კრიზისი გაჩნდა და დასავლეთის ფოკუსმა აღმოსავლეთისკენ გადმოიწია. მოლდოვამ ბევრი ბენეფიტი მიიღო, სომხეთიც კი უზარმაზარ ბენეფიტს იღებს. საქართველო კი ამ სიკეთეებს ვერ იღებს.

სომხეთს ახლა მრავალპოლუსიანი, მრავალვექტორული პოლიტიკური ორიენტაცია აქვს — ანუ ის, რასაც „ქართული ოცნებაც“ ცდილობს. თუმცა, განსხვავება იმაშია, რომ სომხეთმა პრორუსული ორიენტაციიდან დაიწყო მრავალვექტორულზე გადასვლა და ტრანზიციას (გარდამავლობას) განიცდის. ეს ტრანზიცია მას ან პროდასავლურ ორიენტაციამდე მიიყვანს, ან ისევ პრორუსულ/პროჩინურ ორიენტაციაში დააბრუნებს.

რაც შეეხება საქართველოს, მას პროდასავლური და, შესაბამისად, პროქართული ორიენტაცია ჰქონდა, რადგან პროდასავლურობა ამ კონტექსტში სუვერენიტეტის მხარდაჭერას გულისხმობდა. ახლა კი საქართველო პირიქით, უკან იხევს და მრავალვექტორულობისკენ განიცდის ტრანზიციას. ახალი „ცივი ომის“ კონტექსტში შეუძლებელია გქონდეს მრავალვექტორული პოლიტიკა, რადგან საქართველო თავისთავად დამოუკიდებელი ღერძი ვერ იქნება. ამისთვის საქართველოში მინიმუმ 50-60 მილიონი ადამიანი უნდა ცხოვრობდეს, უნდა ჰქონდეს გლობალური მასშტაბის ეკონომიკა და ტერიტორიები, უზარმაზარი ძალა უნდა იყოს… გერმანიასაც კი არ აქვს სრულად დამოუკიდებელი და მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, საქართველო ახლა უკან იხევს და შეიძლება მოუწიოს ამ მრავალვექტორულიდან პრორუსულისკენ ან პროჩინურისკენ გადასვლა, რაც საბოლოოდ შეიძლება ერთმანეთს დაემთხვეს. ჩინეთი და რუსეთი სრულიად დამოუკიდებელი ღერძები და მოთამაშეები არ არიან; რუსეთი, ჩინეთი და ირანი ერთმანეთთან ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ. ამიტომაც, ეს საკითხი უკვე მოცემულობაა.

სრულად წაკითხვა