საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, რა დროსაც რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი, დაწყებული თბილისსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით ოფიციალური ცერემონიებით და დამთავრებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესტო მსვლელობით, რომელიც მოგვიანებით დედაქალაქში გაიმართება.
მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლა
„ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელიც ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მთავარსარდალია, თავის გამოსვლაში განაცხადა: „ყოველი ერის ისტორიაში არის თარიღები, რომელიც მის რაობასა და მომავალს განსაზღვრავს. ქართველი ერისთვის ასეთი დღე – 26 მაისია. 108 წლის წინ, საუკუნოვანი ანექსიის შემდეგ, ქვეყანამ აღიდგინა სახელმწიფოებრიობა და მსოფლიომ იხილა დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველო“.
მან აღნიშნა, რომ „ჩვენმა წინაპრებმა ხმლით, კალმით, ლოცვითა და თავდადებული საქმით დღემდე მოიტანეს ქართული სახელმწიფოებრიობის წმინდა იდეა და საუკუნეების განმავლობაში გადატანილი არაერთი განსაცდელის მიუხედავად, ჩვენ გადავრჩით! გადავრჩით რადგან გავიმარჯვეთ უმთავრეს ომში, დავიცავით უმაღლესი ღირებულებები – სარწმუნოება, იდენტობა, ტრადიციები და არ დავთმეთ მშობლიური ენა“.
„ამ ურთულეს გზაზე, ჩვენი ეროვნული იდენტობის, ისტორიული მეხსიერებისა და სულიერების შენარჩუნებაში გარდამტეხი როლი შეასრულა ჩვენმა დედაეკლესიამ, რომელიც საუკუნეები რუდუნებით ინახავს ქართულ ცნობიერებას და თანამედროვე ქაოტურ სამყაროშიც ჩვენი დიდი იმედია“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ყაველაშვილმა განაცხადა, რომ ეს თარიღი აჩვენებს, „თუ რამდენად განუყოფელია ერთმანეთისგან ჩვენი ისტორია და სარწმუნოება“.
ყაველაშვილმა განაცხადა, რომ „თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევების ფონზე, კარგად უნდა გავაცნობიეროთ: დამოუკიდებლობა არ არის ერთხელ და სამუდამოდ ბოძებული მოცემულობა – დამოუკიდებლობა ყოველდღიურად მოსაპოვებელი და დასაცავი ღირებულებაა, რაც ჩვენგან უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს და განუზომელ პასუხისმგებლობას გვაკისრებს“.
„ჩვენ, მუდამ უნდა გვახსოვდეს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი თითოეული გმირი, პატივი მივაგოთ და შევინარჩუნოთ, დავიცვათ და განვამტკიცოთ მათი მონაპოვარი; ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ერთად შევძლოთ ერთიანი, განვითარებული საქართველოს შენება და ჩვენს შვილებს ბევრად უფრო ძლიერი, მტკიცე და თავისუფალი სახელმწიფო დავუტოვოთ“, – დასძინა მან.
პატრიარქ შიო III-ის გამოსვლა
ყაველაშვილის შემდეგ, შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია „მუდამ იყო ქართველი ერის სულიერი საყრდენი და ეროვნული ერთიანობის საფუძველი“.
მან პატივი მიაგო საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლებს, ხაზი გაუსვა გარდაცვლილი კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის მემკვიდრეობას და განაცხადა, რომ მისი „ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობა იქცა ერის სულიერი და სახელმწიფოებრივი ერთობის, ეროვნული ცნობიერების, ეკლესიისა და ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის განმტკიცების მნიშვნელოვან საყრდენად“.
პატრიარქმა საქართველოს თავდაცვის ძალებსა და ჯარისკაცებს მიმართა: „გახსოვდეთ, თითოეული თქვენგანი არა მხოლოდ სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი, არამედ მშვიდობის, პასუხისმგებლობის და სამშობლოს სიყვარულის მაგალითად უნდა ექცეს თანამემამულეებს. ჯარის ძალა არა ომის სურვილში, არამედ მშვიდობის შენარჩუნებაში უნდა ვლინდებოდეს. მშვიდობა ის უმაღლესი მიზანია, რომელიც ამკვიდრებს კაცთა შორის მარადიულ ღირებულებებს და ჭეშმარიტ თავისუფლებას“.
შიო III-მ ახალგაზრდა თაობასაც მიმართა და განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანია, მართებულად გაიაზროთ თავისუფლების არსი. თანამედროვე სამყაროში ხშირად გვხვდება მცდარი წარმოდგენები თავისუფლებაზე. ადამიანს შთააგონებენ, თითქოს თავისუფლება მხოლოდ ყოველგვარი შეზღუდვის უარყოფაა, სინამდვილეში, ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა. ეს არის დაძლევა მანკიერი თვისებების და ვნებების, ვალდებულებაა, აკეთო ის, რაც მართებულია და ღვთისთვის სათნოა. სწორედ ამ ღირებულებების გააზრებით აღზრდილი თაობა შეძლებს, შეინარჩუნოს ქვეყნის ერთიანობა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა“.
ირაკლი კობახიძის გამოსვლა
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვან ბრძოლას სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის, ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ხალხისა და დიდი მოღვაწეების სიმამაცესა და სიბრძნეს, იმ მარადიულ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეგვინარჩუნა ეროვნული ღირსება და ეროვნული თვითმყოფადობა“.
„ამ 17 საუკუნის მანძილზე ჩვენ გარშემო იმპერიები ქრებოდა, საქართველომ კი დღემდე შეინარჩუნა ეროვნული თვითმყოფადობა და დამოუკიდებლობა. რომ არა უფლის მფარველობა და ქართველი ხალხის რწმენა, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის შვილები ვართ, ისტორიის ეს სასწაული ვერ შედგებოდა“, – განაცხადა მან.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ „დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყნის ქრისტიანულ ტრადიციებზე სიამაყით ვსაუბრობთ, უდიდესი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ჩვენი სულიერი მამის, უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქის – ილია II-ის მიმართ, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ააღორძინა და ჩვენს დედაეკლესიას ავტოკეფალია აღუდგინა“. შემდეგ მან ახალ პატრიარქს მიმართა და უსურვა, რომ მისი მოღვაწეობა საფუძვლად დაედოს კიდევ ერთ გამორჩეულ ეპოქას დედაეკლესიის ისტორიაში.
აღნიშნა რა, რომ 35 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა, კობახიძემ განაცხადა: „დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 35 წლის თავზე, თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია იამაყოს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი და სუვერენული, როგორც არასდროს. სწორედ დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტში გაძლიერებამ მისცა ჩვენს ქვეყანას შესაძლებლობა, ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, მტკიცედ დაეცვა სარწმუნოება, შეენარჩუნებინა მშვიდობა, და დადგომოდა წინსვლისა და განვითარების უწყვეტ გზას“.
This post is also available in:

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·