დღეს, 5 აგვისტოს, დაახლოებით 08:00 საათისთვის საქართველოს მასშტაბით უმეტეს რეგიონში ელექტროენერგია სრულად გაითიშა. ეს ბოლო ორ კვირაში ქვეყანაში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის უკვე მესამე შემთხვევაა.
ელექტროენერგიის გათიშვის შემდეგ გაჩერდა მეტრო, საქალაქთაშორისო მატარებლები, გაითიშა შუქნიშნები, ავტობუსის გაჩერებებზე არ მუშაობდა ელექტრონული ტაბლოები, ქუჩების ნაწილში კი განათება.
გაჩერებული იყო ესკალატორებიც. მეტროს სადგურებში მყოფ მოქალაქეებს გვირაბებიდან ფეხით გამოსვლა მოუხდათ.
მომხდართან დაკავშირებით თავდაპირველად ფეისბუქზე განცხადება გამოაქვეყნა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) წევრმა, გიორგი ფანგანმა. მისი თქმით, სახელმწიფო ელექტროსისტემა ენგურჰესის აგრეგატებზე ატარებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი 24 და 25 ივლისის ავარიების შემდეგ სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება იყო.

ფანგანის განცხადებით:
„ტესტირების ფარგლებში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გათვალისწინებული იყო საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობაც. აღნიშნული რეჟიმი დაკავშირებული იყო მნიშვნელოვან ტექნიკურ რისკებთან, მათ შორის, ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვის შესაძლებლობასთან.
როგორც უკვე ცნობილია, ტესტირების მიმდინარეობისას მოხდა საქართველოს ელექტროენერგეტიკული სისტემის სრულად გათიშვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მომხდარის დეტალური ანალიზი და შესაბამისი შეფასება, რათა დადგინდეს ავარიის ზუსტი მიზეზები და შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მსგავსი შემთხვევების განმეორება“.
რამდენიმე ხნის შემდეგ აღნიშნული პოსტი ფეისბუქზე აღარ იძებნებოდა.
ამის შემდეგ, მალევე, განცხადება გაავრცელა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამაც“.
„24–25 ივლისს ქვეყანაში მომხდარი სასისტემო ავარიების შემდეგ, ენგურჰესზე მიმდინარეობდა გარკვეული სამუშაოები. კერძოდ, სადგურის შესაბამისი მოწყობილობების შესწავლის მიზნით აუცილებელი იყო ელექტროსისტემის იზოლირებულ რეჟიმში მუშაობა სიხშირის ნომინალურისგან განსხვავებულ სიხშირეებზე, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის დროებითი გათიშვა გამოიწვია.
ელექტროენერგიის აღდგენის მიზნით მყისიერად განხორციელდა აუცილებელი ღონისძიებები, რის შედეგადაც ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ უკვე აღდგენილია. უახლოეს დროში კი ელექტროენერგიის მიწოდება მთელი ქვეყნის მასშტაბით აღდგება“.
შეგახსენებთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია უკვე ორჯერ, 24 და 25 ივლისსაც გაითიშა.
25 ივლისს მომხდარ მეორე სისტემურ ავარიასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „სემეკის“ თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ. მისი თქმით, პირველადი შეფასებით, ავარია „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე არსებულმა დაზიანებამ გამოიწვია.
როგორც თბილისის სატრანსპორტო სამსახურმა “ნეტგაზეთს” უთხრა, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა ნაწილობრივ აღდგენილია.
მოქალაქეები “ახმეტელის მეტროდან”- “300 არაგველის” მეტრომდე გადაადგილებას შეძლებენ. “ისანი”-“ვარკეთილის” სადგურებზე მოძრაობა კვლავ შეზღუდულია. ასევე გაჩერებულია “საბურთალოს ხაზიც”.
სატრანსპორტო სამსახურის ცნობით, მიმდინარეობს სისტემის გადატვირთვა. როდის აღდგება მეტროს მუშაობა სრულად, ზუსტ დროს ვერ ასახელებენ.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·