საქართველოში ვხედავთ ავტოკრატიული თავდასხმების ლაბორატორიას - გერმანელი ევროპარლამენტარი ევრონესტზე

1 day ago 3

დღეს სომხეთში „აღმოსავლეთის პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის“, იმავე ევრონესტის ტრიბუნიდან გამომსვლელებმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. მმართველი პარტია ასამბლეას არ ესწრებოდა.

„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეა არის ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის პროგრამის საპარლამენტო კომპონენტი, რომელიც 2011 წელს დაფუძნდა.

28-30 ოქტომბერს სომხეთში, დედაქალაქ ერევანში იმართება ასამბლეის მე-12 სესია.

სხდომას ესწრებოდა ევროპარლამენტის ვიცესპიკერი იუნუს ომარიე, რომელიც პრეზიდენტ რობერტა მეცოლას წარმოადგენდა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, დევნილობაში მყოფი სვიატლანა ციხანოუსკაია.

დღეს, 29 ოქტომბერს ევრონესტის პლენარულ სესიაზე გერმანელმა ევროპარლამენტარმა სერგეი ლაგოდინსკიმ („მწვანეები“) მოკლედ ისაუბრა „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელზე ოპოზიციური პარტიების ასაკრძალად.

„ევროპარლამენტარები ძალიან მკაფიოდ ვაცხადებთ, ეს გადაწყვეტილება არის არადემოკრატიული და ეწინააღმდეგება დემოკრატიასა და პლურალიზმს - იმ ქვეყანაში, რომელიც ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ“, - განაცხადა ლაგოდინსკიმ.

მან უფრო ფართო სურათშიც ისაუბრა საქართველოსა და ევროპის ურთიერთობაზე:

„ეს არის ქვეყანა, რომელსაც მკაფიო ევროპული მისწრაფებები ჰქონდა, მაგრამ იქ ვხედავთ ავტოკრატიული თავდასხმების ლაბორატორიას. რადგან იქ შესწავლილი და გამოყენებულია თავდასხმის ახალი მეთოდები - მეთოდები, რომლებიც აქამდე არ არსებობდა“, - თქვა მან.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ერევანში, 29 ოქტომბერი

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ერევანში, 29 ოქტომბერი

28 ოქტომბერს პოლიტიკურ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის კომიტეტის შეხვედრაზე ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ განაცხადა, რომ მოხარულია სომხეთის პროგრესით, თუმცა „მეორე მხრივ, გვყავს საქართველო“:

„ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ჩვენს ანგარიშებში იმის წაკითხვა, თუ რა ხდება ადგილზე. ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ასეთი შეფასებების წაკითხვა ქვეყნის შესახებ, რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში წამყვანი ქვეყანა იყო.

როგორ უნდა დაუახლოო ქვეყანა ოკუპანტს ისე, რომ ეს არ თქვა; როგორ დაუახლოო კულტურული მოდელი ოკუპანტის მოდელს ისე, რომ არ თქვა, რასაც აკეთებ.

ამ პერსპექტივიდან, არა მხოლოდ ეგზისტენციალური, არამედ კარგი გაკვეთილია იმის დანახვა, თუ სად არის ჩვენი დემოკრატიების სისუსტეები. ნუ დაგვავიწყდება - საქართველო იყო დემოკრატია, პიონერი ევროპეიზაციისა და ტრანსატლანტიზაციის გზაზე“, - განაცხადა მან.

გერმანელმა ევროპარლამენტარმა ასევე ისაუბრა ევროპის უარყოფით როლზე საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გზაზე:

„სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ: სიმართლე ისაა, რომ ჩვენც შევიტანეთ წვლილი ამ პროცესში - უკრაინის ისე არ დაცვით, როგორც ეს თავიდანვე აუცილებელი იყო.

ჩვენ წვლილი შევიტანეთ მავნე ნარატივში, რომ „თუ ევროპას აირჩევთ, ევროპა არ მოვა თქვენს დასახმარებლად, არ დაგეხმარებათ ისე, როგორც საჭიროა“. სწორედ ეს ნარატივები გამოიყენეს და ბოროტად გამოიყენეს საქართველოში“, - განაცხადა ლაგოდინსკიმ.

წინა დღეს, 27 ოქტომბერს ევრონესტს წერილით მიმართა სადავო პარლამენტში ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა და განაცხადა, „საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან“.

ლევან მახაშვილი

ლევან მახაშვილი

„ღრმად ვართ შეშფოთებულები ევროპარლამენტარების გადაწყვეტილებით, პლენარულ სესიაზე „სამოქალაქო საზოგადოების“ საფარით მოიწვიონ პირები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მონაწილეობდნენ ან მხარს უჭერდნენ არჩევნების უარყოფას, ლეგიტიმური დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრას და საქართველოში ხელისუფლების დამხობის ბოლოდროინდელ მცდელობას“, - წერდა ის.

„ქართულმა საზოგადოებამ იხილა, თუ როგორ უერთდებოდნენ აღნიშნული ევროპარლამენტარები საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციებს, რაც სცილდებოდა საპარლამენტო დიპლომატიის ფარგლებს“, - განაცხადა მახაშვილმა.

„ქართული ოცნების“ არყოფნას ევროპარლამენტარმა კშიშფოტ ბრეიზამ X-ზე ასე უპასუხა:

„ეს გასაკვირი არ არის მაშინ, როდესაც 2024 წლის „არჩევნები“ გაყალბებულია და თქვენი ლეგიტიმურობა მთელ ევროპაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, სკამები ცარიელად დატოვება უფრო ადვილი გზაა“.

ღონისძიებას საქართველოდან პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, ასევე, „კოალიცია ცვლილებისთვის" საგარეო მდივანი მარიკა მიქიაშვილი.

სრულად წაკითხვა