საქართველოში, საარჩევნო დარღვევების შესასწავლად, EU – ს “ტექნიკური მისია” ჩამოვა

1 month ago 8

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, საქართველოში ევროკავშირის კომისიის “ტექნიკური მისია” ჩამოვა. 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს საკითხი, სადაც აღინიშნა, რომ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში შესაძლოა უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს. ODIHR ევროკავშირის ოფიციალურ პირებს, სიტუაციის შესახებ ცნობებს მიაწვდის. ეს გადაწყვეტილება ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა,  ჯოზეფ ბორელმა სპეციალურ ბრიფინგზე დაადასტურა. 

“2024 წლის 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამ მოქმედი ხელისუფლების მიერ ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა დაადასტურა. “ქართული ოცნების” ლიდერებმა ქვეყანა ევროკავშირის გზას დააშორეს, ეწინააღმდეგებიან ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომ ქვეყანა ევროკავშირის გზაზე იდგეს. ჩვენ ყველას გვსურს, რომ საქართველო დაბრუნდეს ევროპულ გზაზე და ეს მოითხოვს ძალისხმევას. ჩვენ გავაგზავნით მისიას საქართველოში. ვიმსჯელებთ დარღვევებზე, არჩევნები უნდა იქნეს გამოძიებული და ხელისუფლებამ ცვლილებები უნდა განახორციელოს კონკრეტული ქმედებებით. საქართველოს არ შეუძლია წინსვლა გააგრძელოს ევროკავშირთან ურთიერთობაში მკაფიო ცვლილებების გარეშე. ჩვენ მოვიწვევთ ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, რათა წარმოგვიდგინოს მათი მიგნებები არჩევნების დარღვევებზე. ქართველ ხალხს კი მინდა გავუმეორო, რაც ვთქვი წინა წელს ჩემი ვიზიტისას, ევროკავშირის კარი ღია დარჩება, მაგრამ ხელისუფლების კურსი, როცა ეს შეეხება კანონის უზენაესობის პატივისცემას და საბაზისო პრინციპებს, მათ შორის იმას, როგორც ჩატარდა არჩევნები, საქართველოს ევროინტერგაციის გზას აშორებს”, – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი.

ევროპარლამენტარებმა ისაუბრეს საქართველოს სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე, მათ შორის რუსეთის სავარაუდო ჩარევაზეც. დებატებზე აღინიშნა, რომ არჩევნები საქართველოში “სერიოზული დარღვევებით” წარიმართა.

“მმართველმა პარტიამ გამოიყენა მის ხელთა არსებული ყველა რესურსი და მოახდინა ომის შიშის ინსტრუმენტალიზაცია. პოზიციონირებდა, როგორც ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს სტაბილურობა და მშვიდობა ქვეყანაში”, – ამბობს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, მარგარიტის შინასი.

ევროკავშირმა საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლას 2024 წლის ივნისიდან უპასუხა, შეამცირა პოლიტიკური კონტაქტები და შეაჩერა კრიტიკული დახმარება (30 მილიონი ევრო ევროპული სამშვიდობო ფონდის დახმარებით და 121 მილიონი ევრო პირდაპირი დახმარება მთავრობისთვის). შედეგად, საქართველოს გაწევრიანების პროცესიც შეჩერდა.

“რეჟიმმა ასევე გაავრცელა დეზინფორმაცია და აცხადებდა, რომ საქართველო პროგრესირებდა ევროკავშირის გზაზე. ეს ტაქტიკა წარმატებული აღმოჩნდა ოპოზიციის წინააღმდეგ, რომელიც შედარებით ფრაგმენტული დარჩა და მსგავსი რესურსები არ გააჩნდა,” – ევროკომისიის სახელით მომხსენებელმა ხაზი გაუსვა ევროპული პასუხის სამ ძირითად პუნქტს.

არჩევნების შემდგომ ევროკავშირმა მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია მკაცრი საჯარო განცხადებებით და მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გადახედოს გამოვლენილ სერიოზულ დარღვევებს. შინასის თქმით, საქართველოს ხელმძღვანელობასთან ნებისმიერი მომავალი ხელახალი ჩართულობა განპირობებული იქნება მკაფიო და მკაცრი პირობებით, რაც ასევე ასახულია კომისიის გაფართოების ბოლო ანგარიშში.

“მთავრობამ ხელახლა უნდა შეასრულოს რეფორმების დღის წესრიგი, მათ შორის კომისიის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის განხორციელება. მან ასევე უნდა შეწყვიტოს დეზინფორმაცია, ყალბი ამბები და ევროკავშირის მისამართით – სიძულვილის რიტორიკა. კონკრეტული ზომები შეთანხმებას არ ექვემდებარება: უნდა გაუქმდეს კანონი უცხოური გავლენის შესახებ და ე.წ. “ოჯახური ფასეულობების კანონი”. ამ კანონების გაუქმებისა და დემოკრატიული რეფორმების განხორციელების გარეშე საქართველოს შეუძლებელი იქნება გაწევრიანების გზაზე პროგრესი”, – განაცხადა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა.

“საქართველოს ევროპულ გზას ალტერნატივა არ აქვს. პირობები არსებობს და ნათელია: დემოკრატია და კანონის უზენაესობა. რაც უფრო ადრე გაიგებენ ამას თბილისში, მით უკეთესი”, – დაასკვნა მან.

მიუხედავად აღნიშნული მესიჯებისა და დამოკიდებულებებისა, საქართველოს მოქმედი ხელისუფლება პოზიციებს არ ცვლის და ახალი პარლამენტის პირველ შეკრებას 25 ნოემბრისთვის აანონსებს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

სტატია მომზადებულია დანიის სამეფოს “ახალი დემოკრატიის ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში

სრულად წაკითხვა