საქართველოში ბოლო პერიოდში სტატისტიკურად უმუშევრობა მცირდება, თუმცა დასაქმებულთა რაოდენობა არ იზრდება.
ასეთი, ერთი შეხედვით პარადოქსული სურათის მიზეზი სამუშაო ძალის კლებაა, ანუ შრომისუნარიანი მოსახლეობის ნაწილი ქვეყანას ტოვებს, ნაწილი კი სამუშაოს ძებნას თავს ანებებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტების თანახმად კი, უმუშევარი მხოლოდ ის პიროვნებაა, ვინც სამსახურს ეძებს და ვერ ნახულობს.
სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, მცირდება იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც სამუშაოს ეძებს. ეს კი თავის მხრივ ქვეყანაში უმუშევრობის მონაცემს ამცირებს.
2026 წლის პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, უმუშევრობა 0.3 პროცენტული პუნქტით 14.4%-მდე (ამ სტატისტიკაში რიცხვი რაც უფრო დაბალია, მით უკეთესია, რადგან ასახავს იმ ადამიანების რაოდენობას, ვისაც მთლიანი სამუშაო ძალიდან სამუშაო არ აქვს), ხოლო მეორე კვარტალში 0.5 პროცენტული პუნქტით 13.8%-მდე შემცირდა. უცნაურია, მაგრამ უმუშებრობის სტატისტიკის შემცირების პარალელურად შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობაც, პირველ კვარტალში 25 ათასით და მეორე კვარტალში 1.1 ათასით. თუ უმუშევრობის სტატისტიკაში ისეა, რომ რიცხვი რაც უფრო დაბალია, მით უკეთესია, აქ პირიქითაა, ქვეყანაში, რაც უფრო მეტი ადამიანია დასაქმებული – უფრო კარგია.
სამუშაო ძალა 15+ ასაკის მოსახლეობიდან გამოითვლება. ის დასაქმებულებსა და უმუშევრებს აერთიანებს. მოსწავლეები, ის სტუდენტები და პენსიონერები რომლებიც სამსახურს არ ეძებენ, აგრეთვე სხვა პირები, რომლებმაც სამუშაოს ძიება შეწყვიტეს, სამუშაო ძალის მიღმა არიან დარჩენილები.
15+ ასაკის მოსახლეობის რაოდენობა პირველ კვარტალში 0.4%-ით და მეორეში 0.9%-ით გაიზარდა, ამ ფაქტს სხვა თანაბარ პირობებში სამუშაო ძალის მოცულობა უნდა გაეზარდა, თუმცა მოხდა პირიქით და სამუშაო ძალის მოცულობა ჯერ 2.1%-ით და შემდეგ 0.6%-ით შემცირდა. ორივე შემთხვევაში შემცირებულია დასაქმებულთა რაოდენობა, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე და დასაქმების დონე. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე სამუშაო ძალის 15+ ასაკის მოსახლეობასთან შეფარდებით, დასაქმების დონე კი დასაქმებულების 15+ ასაკის მოსახლეობასთან შეფარდებით გამოითვლება.
სამუშაო ძალის მაჩვენებელი (1000 ადამიანი)
წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური2026 წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებული შემთხვევები სიახლეს არ წარმოადგენს. 2025 წელსაც, დასაქმებულთა რაოდენობა 13 ათასით შემცირდა, თუმცა სამუშაო ძალის შემცირების ხარჯზე, უმუშევრობის დონე 13.9%-ზე შენარჩუნდა.
საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანაში მნიშვნელოვანია იმის გარკვევაც, თუ ვინ ქმნის სამუშაო ადგილებს, სახელმწიფო თუ ბიზნესი. ჯარი, პოლიცია, სახანძრო-სამაშველო სამსახური, საჯარო სკოლები და ბიუროკრატიული აპარატი ის სფეროებია, სადაც ადამიანებს სახელმწიფო ასაქმებს. სახელმწიფო სექტორში დასაქმებულები ხელფასს ბიუჯეტიდან იღებენ, ბიუჯეტს კი გადასახადის გადამხდელები ავსებენ. გადასახადს ყველა იხდის, მათ შორის უმუშევარიც. მაღაზიაში რაიმეს ყიდვისას ნივთის სარეალიზაციო ღირებულებაში დღგ და ზოგ შემთხვევაში აქციზი უკვე ასახულია. სახელმწიფო ჯარის და სხვა აუცილებელი უწყების გარეშე ვერ იარსებებს, თუმცა რომელიმე გამგებლის მოადგილის თანაშემწის მძღოლის გარეშე გაძლებს (დასახელებული მაგალითი პირობითია).
ბოლო წლებში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა სისტემატურად იზრდებოდა. ტენდენცია 2025 წელსაც შენარჩუნდა. 2025 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 12 ათასით 335 ათასამდე გაიზარდა, არასახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა კი პირიქით 25 ათასით 1.055 მლნ-მდე შემცირდა. 2013 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 21%-ს შეადგენდა, 2024 წელს 23%-ს, 2025 წელს კი 24.1%-ს. საკუთრების ფორმის მიხედვით კვარტალური სტატისტიკა არ ქვეყნდება, რამდენი ადამიანი იყო დასაქმებული 2026 წელს საჯარო სექტორში 2027 წლის მაისში გახდება ცნობილი.
საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის მასშტაბურ ზრდის მთავარი მიზეზი სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა გახდა. ეს პროგრამა ირაკლი ღარიბაშვილის სახელს უკავშირდებოდა. საუბარია პროგრამაზე, რომლის ფარგლებშიც სკოლებში დარაჯებისა და სასაფლაოზე დამლაგებლების რაოდენობამ არაავთენტურად მოიმატა. ერთ-ერთ სოფელში ტანკსაც კი ალაგებდნენ. 2026 წელს პროგრამა დაიხურა. ქართულ ოცნებაში აღიარეს, რომ დასაქმება ფიქტიური იყო და პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის (25 ათასი კაცით) შემცირება, ამ ფიქტიური დასაქმების პროგრამის დახურვით ახსნეს. ერთი კვარტალის მონაცემების მიზეზებზე საუბრის მიუხედავად პასუხგაუცემელი დარჩა კითხვები თუ რატომ დაიხარჯა 4 წლის განმავლობაში ფიქტიურ პროგრამაზე 407 მლნ ლარის მოცულობის გადასახადების გადამხდელების თანხა და რატომ შემცირდა დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა ჯერ კიდევ 2025 წელს, როცა ხსენებული ფიქტიური დასაქმების პროგრამა ჯერ კიდევ მოქმედებდა.
დასაქმებულთა რაოდენობა სქესის, რეგიონისა და ასაკობრივი კატეგორიების მიხედვითაც განსხვავდება. ასაკობრივ კატეგორიაში საინტერესო ტენდენცია გამოვლინდა. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, 15-24 და 25-34 წლების ასაკობრივ კატეგორიებში დასაქმებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად, 29%-ითა და 14%-ითაა შემცირებული, რაც რაოდენობრივად 36 და 39 ათასიან კლებას ნიშნავს. ამის საპირისპიროდ, 45-54, 55-64 და 65+ ასაკობრივ კატეგორიებში მნიშვნელოვანი ზრდა შეინიშნება.
დასაქმებულთა გადანაწილება ასაკობრივ ჭრილში (ათასი ადამიანი)

წყარო: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური
2025 წელს 2019 წელთან შედარებით, ქვეყანაში 15+ ასაკის მოსახლეობის რაოდენობა 74 ათასით 3.037 მლნ-დან 2.963 მლნ-მდე შემცირდა. პარალელურად 75 ათასით შემცირდა 15-24 და 25-34 ასაკობრივ კატეგორიებში დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ათობით ათასი შრომისუნარიანი ახალგაზრდა ემიგრაციაში წავიდა.
დასაქმებულთა საერთო რაოდენობის, განსაკუთრებით დასაქმებულ ახალგაზრდათა რაოდენობის, დასაქმების დონისა და სამუშაო ძალის შემცირება ცალსახად პრობლემაა.
ამ ფონზე უმუშევრობის პროცენტული კლება ტექნიკური შედეგი გამოდის და არა რეალური სამუშაო ადგილების ზრდით მიღწეული წარმატება. პრობლემაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ რეალური ხელფასის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნადაა შემცირებული. 2026 წლის მეორე კვარტალში ნომინალური ხელფასი 8%-ით, ინფლაციის გათვალისწინებით კი მხოლოდ 2%-ით გაიზარდა.
netgazeti