„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, 20-წლიანი საქმიანობის შემდეგ, საქართველოში ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ოფისიც დაიხურა.
ფონდს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია, თუმცა პარტნიორებს დაუგზავნა წერილი, რომ „ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის თავისუფლებისთვის“ საქმიანობა საქართველოში სექტემბრის ბოლოს დასრულდება და მიზეზად, „ქართული ოცნების“ შემზღუდავი კანონები დაასახელა.
„ბოლო წლებში საქართველოში პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო ძირფესვიანად შეიცვალა. კერძოდ, უცხოურ დაფინანსებასა და გრანტებთან დაკავშირებულმა ახალმა რეგულაციებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა ის სამოქმედო სივრცე, რომელშიც საერთაშორისო ორგანიზაციებს ოპერირება შეუძლიათ. შედეგად, თანამშრომლობის ის ფორმები, რომლებითაც ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობდით ჩვენს პარტნიორებთან, სულ უფრო გართულდა, ან ბევრ შემთხვევაში, საერთოდ შეუძლებელი გახდა“, — ნათქვამია წერილში, რომელიც „ნეტგაზეთმა“ ნახა.
ნაუმანის ფონდის გუნდი პარტნიორებს წერს, რომ ხელი არ ჩაუქნევია საქართველოს ევროპულ მომავალზე და იმედოვნებს, რომ პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო ერთ დღეს შეიცვლება და შეიქმნება ისეთი პირობები, რომლებშიც მათნაირი ორგანიზაციები შეძლებენ საქართველოში დაბრუნებას.
ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისათვის სამხრეთ კავკასიაში 1996 წლიდან მუშაობს. მუშაობა დაიწყო აზერბაიჯანის პოლიტიკური განათლების პროექტებით, 2002 წლიდან ასევე სომხეთსა და საქართველოში. ოფისი მდებარეობდა თბილისში, საქართველოში. ფონდის ძირითადი მიზანია დაეხმაროს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დემოკრატიული განვითარების პროცესში.
პირველ ოქტომბერს, ასევე, ცნობილი გახდა, რომ კონრად ადენაუერის ფონდმა [KAS] თბილისში თავისი წარმომადგენლობა 2026 წლის 30 სექტემბერს დახურა. ფონდი აცხადებს, რომ დახურვა ნებაყოფლობითი არ ყოფილა.
„თბილისში ჩვენი წარმომადგენლობის დახურვა საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოს პირდაპირი შედეგია, რომლის პირობებშიც KAS-ს აღარ შეუძლია ადგილზე შეასრულოს თავისი, როგორც პოლიტიკური ფონდის, ძირითადი მისია“, – ნათქვამია ფონდის განცხადებაში.
2003 წლიდან კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) მოწოდებულია საქართველოში დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, საპარლამენტო განვითარებისა და ევროპული ურთიერთგაგების ხელშეწყობისკენ. მისი საქმიანობა ფინანსდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროსა (AA) და ევროკავშირის გრანტებით.
netgazeti