სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ „შემაშფოთებელია საჯარო წყაროებში გავრცელებულ ვიდეო კადრებში ასახული მოქალაქეების, ჟურნალისტების და პოლიტიკოსების მიმართ, პოლიციის მხრიდან განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და ძალის გადამეტების ფაქტები“. განცხადება 2 თებერვალს საღამოს გავრცელდა, მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეთა დაკავებებისა და პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ სისასტიკის ამსახველი ვიდეოკადრები მედიაში გავრცელდა. აქციის მონაწილეები თბილისი მოლთან შეიკრიბნენ, სადაც გზის გადაკეტვას და პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას აპირებდნენ.
სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ „ვრცელდება ინფორმაცია, პოლიციელების მხრიდან „ტვ პირველის“ დაშავებული ოპერატორის თაობაზეც. ასევე, პირდაპირ ეთერში ვიხილეთ პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის კადრები ქალების, მათ შორის ქალი პოლიტიკოსების მიმართ“. მან განაცხადა, რომ იგი გმობს „პოლიციელების მხრიდან ყველა სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედებას, განსაკუთრებით კი არასათანადო მოპყრობის ფაქტებს“. „სახალხო დამცველი თითოეულ ფაქტზე განახორციელებს სამართლებრივ რეაგირებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა ამ ფაქტზე გამოძიება და მისცეს შესაბამისი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ასევე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას „პოლიციელების მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფებისა და არაეთიკური მიმართვების ფაქტებზე ჩატარდეს სამსახურებრივი შემოწმება“.
მიუხედავად იმისა, რომ შსს-ს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, 2 თებერვალს „თბილისის მოლთან“ აქციაზე სავარაუდოდ 20-ზე მეტი მომიტინგე დააკავეს, მათ შორის პოლიტიკოსები გიგი უგულავა, ნიკა მელია და ბადრი გრიგალაშვილი, გიორგი კირთაძე (მოგვიანებით გაათავისუფლეს), და თენგო თევზაძე (მოგვიანებით გაათავისუფლეს), ასევე აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავდა ტვ პირველის ოპერატორი ნიკო კოკაია, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.
შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი (ე.წ. ხარება), რომელმაც, სავარაუდოდ, აქციის მონაწილეებს პირადად მიაყენა შეურაცხყოფა.
გარდა კადრებისა, როდესაც პოლიცია სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ურტყამს დემონსტრანტებს, გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიციელები მუშტებს ურტყამენ გამვლელ მანქანას, რომელმაც მომიტინგეების მხარდასაჭერად დაასიგნალა.
ასევე წაიკითხეთ:
- 24/12/2024 – ცრემლსადენი გაზი, წამება და მედლები: HRW საპროტესტოაქციებზე ხელისუფლების პასუხს აკრიტიკებს
- 20/12/2024 – სანქცირებული შინაგან საქმეთა მინისტრი ვიცე-პრემიერად დაინიშნა
- 16/12/2024 – Amnesty International გმობს საქართველოს ხელისუფლების ძალადობას და საერთაშორისო საზოგადოებას მოქმედებისკენ მოუწოდებს
This post is also available in: English (ინგლისური)