საქართველოს სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით (Amicus Curiae) ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
„სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტების შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებისათვის საჭიროა, სახეზე იყოს რელევანტური და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებულისათვის თავისუფლების ამ ხარისხით შეზღუდვას გაამართლებს.
აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობაში პროკურატურა როგორც მიმალვის, ასევე მტკიცებულებების განადგურების/მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებზე მიუთითებდა.
ამგვარი რისკები პოტენციურად, შესაძლოა, ყველა სამართალწარმოების ფარგლებში არსებობდეს, სადაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს. თუმცა საფრთხე, რომელიც გაამართლებს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას და თავისუფლების შეზღუდვას, უნდა იყოს კონკრეტული. წინააღმდეგ შემთხვევაში, აბსტრაქტული საფრთხის პირობებში, პატიმრობის გამოყენება, ფაქტობრივად, ყველა შემთხვევაში შესაძლებელი იქნება.
პროკურატურა, თავის შუამდგომლობაში აგრეთვე მიუთითებდა ხელახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე, მთავარ არგუმენტად მოყვანილი ჰქონდა ის ფაქტი, რომ ბრალდებული რამდენიმე საათის გათავისუფლებული იყო ადმინისტრაციული დაკავებიდან, სასამართლომ კი ეს არგუმენტი გაიზიარა.
აღსანიშნავია, რომ ფაქტი, რის საფუძველზეც მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, არ არის სასამართლოს მიერ შეფასებული. სასამართლოს არ განუხილავს მზია ამაღლობელის დაკავების კანონიერება ან მის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა. ამ პირობებში სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ხსენებული გარემოება არ წარმოადგენს იმგვარ არგუმენტს, რომელიც პატიმრობის გამოყენების წინააღმდეგ არსებულ ყველა სხვა არგუმენტს დაძლევდა.
ამასთან, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის წარდგენისას პროკურორი ვალდებულია, დაასაბუთოს მის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობა და სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა.
სახალხო დამცველის აპარატი გაეცნო წარმოდგენილ ბრალდების შესახებ დადგენილებას, პროკურორის შუამდგომლობას, სასამართლოს განჩინებას, დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და დაასკვნა, რომ პროკურორს სათანადოდ არ დაუსაბუთებია, თუ რატომ არ იყო სხვა, უფრო ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება მიზანშეწონილი, მით უფრო, რომ, სააპელაციო საჩივრის მიხედვით, დაცვის მხარე მზადყოფნას გამოთქვამდა როგორც გირაოს საკმაოდ დიდი ოდენობით გადახდაზე, აგრეთვე დამატებითი ვალდებულებების დაკისრებაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ცხადი გახდა, რომ სასამართლომ სათანადოდ არ უპასუხა დაცვის მხარის მიერ წარდგენილ შეთავაზებას და ჯეროვანი დასაბუთების მიღმა დატოვა ნაკლებ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საკითხი.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მხედველობაში მიიღებს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში მოხმობილ სამართლებრივ არგუმენტებს და იმსჯელებს მზია ამაღლობელის მიმართ პროპორციული აღკვეთის ღონისძიების გამოყენებაზე, რომელიც იქნება კონკრეტული საფრთხეებით დასაბუთებული, ასეთის არსებობის შემთხვევაში“, – აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ონლაინგამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორს მზია ამაღლობელს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 14 იანვარს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთის ღონისძიება საბოლოო გადაწყვეტილებას არ წარმოადგენს, თუმცა პროკურატურის მიერ წაყენებული ბრალდებით, მას ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება. მომდევნო სასამართლო სხდომა 4 მარტს არის ჩანიშნული.
მზია ამაღლობელი 11 იანვარს ადმინისტრაციული წესით დააკავეს ბათუმში მიმდინარე აქციაზე პლაკატის გაკვრისთვის, რომელზეც ეწერა: „იფიცება საქართველო 15 იანვარს, 15:00 საათზე“. რამდენიმე საათის შემდეგ იგი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, თუმცა რამდენიმე წუთში სამმართველოს შენობაში მომხდარი ინციდენტის გამო ისევ დააკავეს სისხლის სამართლის წესით პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით – ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აწნავს იგი სახეში სილას ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს.
ოპოზიცია მიჩნევს, რომ მზია ამაღლობელი „რეჟიმის“ პატიმარია და მას დანაშაული არ ჩაუდენია, გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტმა ასე უპასუხა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას დგებუაძის მხრიდან (საია-ს ინფორმაციით, როდესაც მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული წესით იყო დაკავებული, პოლიციის განყოფილებაში დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა).
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე ითხოვს, რომ მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდეს, რადგანაც მას შეუძლია, გავლენა მოახდინოს მზია ამაღლობელის დაკითხვის შემსწრე პირების გამოკითხვაზე, ასევე მათი მხრიდან სპეციალური საგამოძიებო სამსახურისთვის ინფორმაციის მიწოდებაზე.
„მოვინახულეთ მზია ამაღლობელი მე-5 დაწესებულებაში. დეტალურად მივაწოდეთ ინფორმაცია სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს იმ არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა მასთან მიმართებით. საუბარია მისი დაკავების შემდგომ ირაკლი დგებუაძის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების არაერთ ფაქტზე, რომელიც მოხდა როგორც პოლიციის განყოფილების ეზოში, ისე პოლიციის განყოფილების შენობაში. ირაკლი დგებუაძე რამდენჯერმე შეეცადა იმ ოთახში შესვლას, სადაც მზია ამაღლობელი იმყოფებოდა, თუმცა ადგილზე მყოფმა სხვა პოლიციის თანამშრომლებმა ის რამდენჯერმე შეაკავეს და თავიდან აირიდეს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემთხვევა, რომელსაც, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა იმ შემთხვევაში, თუ ირაკლი დგებუაძეს მიეცემოდა ამის შესაძლებლობა. ასევე, ერთ-ერთი ასეთი შესვლის დროს მან სახეში შეაფურთხა მზია ამაღლობელს. ასევე, მისი ბრძანების შესაბამისად, მზია ამაღლობელს არ ეძლეოდა წყლის დალევის, საპირფარეშოთი სარგებლობის შესაძლებლობა. ეს არის უმძიმესი ფაქტები, რომლებსაც სჭირდება სასწრაფო გამოძიება. ეს ადასტურებს არასათანადო მოპყრობის ფაქტს, რომელიც ექვემდებარება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიებას და ჩვენ მოვუწოდებთ საგამოძიებო სამსახურს, რომ სათანადო კვალიფიკაციით გამოიძიოს ეს შემთხვევა“, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
მედიის წარმომადგენლები, აგრეთვე, აპროტესტებენ კოლეგის დაკავებას და ამ ფაქტს ხელისუფლების მხრიდან თავისუფალი მედიის დევნად აფასებენ.
რაც შეეხება ხელისუფლების პოზიციას, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მზია ამაღლობელზე ამბობს, რომ „სინამდვილეში ის არის არა ჟურნალისტი, არამედ პარტიული აქტივისტი“.
„ყველამ უნდა შეიგნოს, რომ პოლიციელი არის ხელშეუხებელი, პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს, პოლიციელი წარმოადგენს სახელმწიფოს სიმტკიცეს და მით უმეტეს, როდესაც საუბარია პოლიციის მაღალი თანამდებობის პირზე, მის მიმართ ასეთი ქმედება არის უკიდურესად მიუღებელი და არა მარტო მიუღებელი, ეს არის ძალიან მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული“, – აცხადებს კობახიძე.
მზია ამაღლობელის დაკავებას გამოეხმაურა საერთაშორისო ორგანიზაცია Women Press Freedom. ორგანიზაცია პლატფორმა X-ზე წერს, რომ ნოემბრის აქციების შემდეგ პოლიციის მხრიდან ათობით ჟურნალისტი ქალი შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლი გახდა.
#Georgia: #MziaAmaghlobeli, director of @Batumelebi_ge and @netgazeti, was detained twice in Batumi—first for posting a strike sticker, then during a protest. She’s now accused of assaulting a police chief, a charge carrying 4-7 years imprisonment. While in custody, Amaghlobeli… pic.twitter.com/qnmb8kYe28
— #WomenInJournalism (@CFWIJ) January 13, 2025
ნანა ძნელაძე