პოლონური წარმოშობის ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს, სახაროვის პრემიის მიღებამ გავლენა იქონია მისი გათავისუფლების გადაწყვეტილებაზე.
ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო ადამიანის უფლებების სფეროში, ანდრეი სახაროვის სახელობის პრემია, რომელიც აზრის თავისუფლებისთვის გაიცემა, ჯერ კიდევ პატიმრობაში მყოფმა პოჩობუტმა 2025 წელს, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელთან ერთად, მიიღო.
„საქმე იმაშია, რომ საჯაროობა მაინც არის ის, რისიც რეჟიმებს ეშინიათ“, — უთხრა პოჩობუტმა „ნეტგაზეთს“.
ანდჟეი პოჩობუტი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლებაც გაათავისუფლებს სახაროვის პრემიის მეორე ლაურეატს, მზია ამაღლობელს.
„ჟურნალისტი უნდა იყოს თავისუფალი. მე იმედი მაქვს, რომ მზია ამაღლობელი გათავისუფლდება. იმედი მაქვს, რომ საქართველოში პოლიტიკური რეპრესიები შეჩერდება, საქართველო განავითარებს თავის დემოკრატიას და გააუმჯობესებს ურთიერთობებს დასავლეთთან“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ პოჩობუტმა.
ამასთან, ის ამბობს, რომ ახლა თბილისი 1994 წლის ბელარუსის გზას ადგას, როცა ხელისუფლებაში ალექსანდრე ლუკაშენკო მოვიდა.
„არსებობს ასეთი გამოთქმა: რაც არ უნდა მისცე რუსებს ისინი მაინც კალაშნიკოვის ავტომატს ააწყობენ. პერიფრაზი რომ გავაკეთოთ, რაც არ უნდა მისცე პოსტსაბჭოთა ელიტას, ის ავტორიტარიზმს ააშენებს. მე ვფიქრობ, რომ ეს საერთო აქვთ ბელარუსსა და საქართველოს. საქართველოს ხელისუფლება სახიფათო მიმართულებით მიდის. იმ მიმართულებით, რომელიც 1994 წელს აირჩია ბელარუსმა, სამწუხაროდ. ზოგჯერ გადაწყვეტილებების შედეგები დროში გაწელილია. და ვფიქრობ… ვიმედოვნებ, რომ ისე შორს როგორც წავიდა ბელარუსი, საქართველოს ხელისუფლება არ წავა“, — დასძინა პოჩობუტმა.
ანდჟეი პოჩობუტი ბელარუსში პოლონური წარმომავლობის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ჟურნალისტი და აქტივისტია. ლუკაშენკოს რეჟიმის კრიტიკოსი არაერთხელ დაუკავებიათ, ბოლოს — 2021 წელს და გამოსასწორებელ კოლონიაში რვა წლით პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა მიმდინარე წლის აპრილში ბელარუსსა და პოლონეთს შორის პატიმართა გაცვლის შედეგად გათავისუფლეს. ანდჟეი პოჩობუტს პოლონეთში პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი დახვდა.
ამჟამად ის სტრასბურგში იმყოფება და 17 ივნისს, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სესიაზე სიტყვით გამოვა.
მანამდე საგარეო საქმეთა კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტისა და განვითარების ეკონომიკური კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე წარსდგა და გამოსვლა საქართველოს ხელისუფლებისადმი მიმართვით დაიწყო.
„მინდა მივმართო საქართველოს ხელისუფლებას და მოვუწოდო მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ. ჟურნალისტები თავისუფლები უნდა იყვნენ და არ ციხეებში. იმედია, საქართველოს ხელისუფლება მას გაათავისუფლებს“, — თქვა პოჩობუტმა.
კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლაში პოჩობუტმა მთავარი აქცენტი გააკეთა პოლონელი უმცირესობების უფლებებზე ბელარუსში და თქვა, რომ ერთადერთი პოლონური ასოციაცია ბელარუსში არალეგალურად გამოცხადდა.
„ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა. ეს არის ლუკაშენკოს მიდგომის შედეგი, მისი დარტყმა იმ ღირებულებებზე, რომლებსაც ჩვენ, როგორც პოლონელები, გამოვხატავთ. ჩვენ წარმოვადგენთ პოლონურ, ევროპულ ღირებულებებს. ეს ღირებულებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ აქ გვაქვს კონფლიქტი ლუკაშენკოს რეჟიმთან“, — განაცხადა პოჩობუტმა.
თავისი პატიმრობა პოჩობუტმა მის ჟურნალისტურ საქმიანობას დაუკავშირდა. თქვა, რომ ბელარუსში არ არის თავისუფალი სიტყვა, კრიტიკული ხმებიც სოციალურ მედიაშიც ისჯება.
„ციხეში შევხვდი ადამიანებს, რომელთა ერთადერთი „დანაშაული“ ის იყო, რომ მაგალითად, სოციალურ ქსელში რაღაც „დაალაიქეს“. ეს არის ბელარუსის სიტუაციის დიაგნოზი. ბელარუსი, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ტოტალიტარული სახელმწიფოა“, — დასძინა პოჩობუტმა.
მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს კომიტეტის სხვა გამომსვლელებმა, მათ შორის ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერმა.
„მზია ამაღლობელმა აჩვენა დამოუკიდებლობა თავის ჟურნალისტურ საქმიანობაში, მიუხედავად დაშინების მცდელობებისა. ჩვენ ღრმად ვწუხვართ, რომ ქალბატონი ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში რჩება საქართველოში. ნება მომეცით შეგახსენოთ, რომ ევროპარლამენტი კვლავაც ითხოვს მის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას და ურყევ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაკავებულს“, — თქვა მაკალისტერმა.

2 days ago
6







English (US) ·
Georgian (GE) ·