WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ევროკომისია გაფართოების ანგარიშს აქვეყნებს, სადაც საქართველოში მიმდინარე პროცესები მკაცრად არის გაკრიტიკებული.

“საქართველოში ფუნდამენტურ საკითხებში უკანსვლა კიდევ უფრო გაღრმავდა, ხოლო გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია”. – წერია ანგარიშში. 

ანგარიშის ავტორები დე-ფაქტო შეჩერებულ პროცესზე პასუხისმგებლობას “ქართული ოცნების” ხელისუფლებას აკისრებენ.

მათი თქმით, საქართველო კვლავ ვერ აკმაყოფილებს ცხრა ნაბიჯს, რომლებიც კომისიამ კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციაში განსაზღვრა. ხელისუფლებას არ გაუთვალისწინებია შეშფოთება დემოკრატიისა და ძირითადი უფლებების მდგომარეობის გამო. ამის გამო ევროკავშირმა დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეაჩერა. ეს ვითარება საფრთხეს უქმნის ზოგადად უვიზო რეჟიმსაც.

რაც შეეხება არჩევნებს, დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნები  საზოგადოებაზე დაშინებისა და ზეწოლის ფონზე ჩატარდა.

დემოკრატიული სტანდარტები, ძირითადი უფლებები და თავისუფლებები და კანონის უზენაესობა საქართველოსა და თურქეთში კიდევ უფრო გაუარესდა”. ანგარიშის მიხედვით, ორივე ქვეყანაში გრძელდება ინსტიტუციური გარანტიების დემონტაჟიც”, – ვკითხულობთ დოკუმენტის კიდევ ერთ თავში. 

გაფართოების ანგარიშის ავტორები, საქართველოში “რეპრესიულ გარემოზე” წერენ და ამბობენ, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში მოქმედებს და შემზღუდველი კანონდებლობის ქვეშაა, ეს კი დოოკუმენტის თანახმად შემაკავებელ ეფექტს აღრმავებს.

საქართველო იმ სამ ქვეყანას შორისაა (სერბეთსა და თურქეთთან ერთად), სადაც სამოქალაქო სივრცის შეზღუდვა რეალურად ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალ და უსაფრთხო მუშაობას.

დოკუმენტში საუბარია სასამართლო და სახელმწიფოს მიტაცების რისკებზეც.

სასამართლოს დამოუკიდებლობა კვლავ სერიოზულად შესუსტებულია, განსაკუთრებით თურქეთსა და საქართველოში. სასამართლოს პოლიტიკური გავლენის საკითხზე დოკუმენტი აღნიშნავს, რომ ყველაზე მძიმე ვითარება სწორედ ამ ორ ქვეყანაშია.

კორუფციის თემაზე ანგარიში აფრთხილებს, რომ სახელმწიფოს მიტაცების რისკი კვლავ თვალსაჩინოა, განსაკუთრებით საქართველოში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, სერბეთსა და თურქეთში.

დოკუმენტში ცალკე თავი ეთმობა ადამიანის უფლებებს და მედიას – დოკუმენტი მიუთითებს, რომ ამ მიმართულებით საქართველოში ვითარება გაუარესებას განაგრძობს. ჩვენი ქვეყანა ამ კატეგორიაში თურქეთსა და სერბეთს შორის მოხვდა.

გაფართოებსი ანგარიშშია პირდაპირ წერია, რომ საქართველოს თანხვედრა ევროკავშირთან კიდევ უფრო შემცირდა.

ვიზის პოლიტიკის თვალსაზრისით საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, რომლებმაც ძალისხმევა უნდა გაააქტიურონ: “სხვა პარტნიორებმა, განსაკუთრებით ბოსნია და ჰერცეგოვინამ, საქართველომ, კოსოვომ და სერბეთმა, უნდა დააჩქარონ ძალისხმევა”.

ჩამოთვლილი ნაკლოვანებების ფონზე, ევროკომისია საქართველოსთვსი კარს არ ხურავს და ამბობს, რომ ანგარიში ხაზს უსვამს მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობისადმი:

“ევროკავშირის დიდი ხნის მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უცვლელია, ისევე როგორც მისი შეურყეველი მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი”.

დოკუმენტი კარს არ ხურავს. თუ ხელისუფლება გადაწყვეტს კურსის შეცვლას და ხელახლა დაიბრუნებს გაწევრიანების საფუძველ პრინციპებს, ანუ დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ძირითად უფლებებს, ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა შეიძლება განახლდეს. კომისია მიესალმებოდა ასეთ განახლებას, ქართველებსა და ევროკავშირის მოქალაქეებს შორის მჭიდრო კავშირებისა და ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული მომავლისთვის ფართო და ხანგრძლივი საზოგადოებრივი მხარდაჭერის გათვალისწინებით.