„ქართული ოცნების“ სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ 18 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში უმოკლეს ვადაში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც „საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება“.
„რა თქმა უნდა, იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა მსგავს ქმედებებს“, – განაცხადა მდინარაძემ. მისი თქმით, სამმართველო იმოქმედებს „პროაქტიულ რეჟიმში“ და მისი რეაგირება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე. მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ სამმართველომ შესაძლოა დამოუკიდებლად გაგზავნოს მასალები სასამართლოში.
მდინარაძემ განმარტა, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი არ არის „აზრისა და გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა“.
„დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველი სწორედ თავისუფალი დისკუსია და აზრთა მრავალფეროვნებაა, თუმცა ამავდროულად, ეს, თავის მხრივ, არ უნდა გახდეს ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი და საზოგადოებრივი დაპირისპირების წამახალისებელი კომუნიკაციის გამართლების საფუძველი“, – აღნიშნა მან.
მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ „მსგავსი პრაქტიკა“ არაერთ ქვეყანაში მოქმედებს და ამ ქვეყნებს შორის ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია დაასახელა, სადაც „სახელმწიფო ინსტიტუტები აქტიურად იცავენ საზოგადოებრივ სივრცეს სიძულვილის ენისა და აგრესიული კამპანიებისაგან“.
მდინარაძის განცხადების საპასუხოდ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა განაცხადა, რომ დაანონსებული მექანიზმი „ერთგვარი ცენზურის მექანიზმად გვევლინება, და, მას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ საზოგადოებაში ინტერესთა ბალანსთან“.
კიდევ ერთი უფლებადამცველი ორგანიზაციის, სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელმა, თამთა მიქელაძემ განაცხადა, რომ სიძულვილის ენის მონიტორინგი „ზოგადად ლეგიტიმურია“, თუმცა დასძინა, რომ ეს მანდატი უნდა ქონდეს არა პოლიციას, არამედ სახალხო დამცველს.
This post is also available in:

4 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·