უკრაინულმა დრონებმა სარატოვის ოლქის ქალაქ ბალაკოვოში მდებარე „სბერბანკის“ მონაცემთა დამუშავების ერთ-ერთ ცენტრს დაარტყეს.
„ვადასტურებთ, რომ მონაცემთა დამუშავების ცენტრზე თავდასხმა განხორციელდა. ამავდროულად, „სბერბანკის“ ყველა სისტემა და სერვისი ჩვეულ რეჟიმში, შეფერხებების გარეშე მუშაობს“, – განაცხადა დღეს „სბერბანკის“ პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე ვედიახინმა.
იერიში მას შემდეგ განხორციელდა, რაც გასულ კვირას თავდასხმები მოხდა რუსული ტექნოლოგიური ჯგუფის, „იანდექსის“ (Yandex) საკუთრებაში არსებულ სამ მონაცემთა ცენტრზე. ამ IT-კომპანიას ექვსი ცენტრი აქვს.
სარატოვის ოლქის გუბერნატორმა მანამდე განაცხადა, რომ ქალაქ ბალაკოვოში უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაზიანდა, ერთი ადამიანი კი დაიღუპა.
როგორც „მედუზა“ წერს, მოსკოვში, პეტერბურგში, ნოვოსიბირსკის ოლქსა და სხვა რეგიონებში მკვეთრად გაიზარდა „სბერის“ სერვისების მუშაობაში შეფერხებებზე მომჩივან მომხმარებელთა რაოდენობა. გამოცემის ცნობით, აღნიშნულზე მოწმობს „Сбой.рф“-ისა და Downdetector-ის მონაცემები.
მომხმარებლები წერენ, რომ მათ არ მუშაობთ ონლაინ-ბანკი, არ ხორციელდება გადახდები, არ იტვირთება ვებსაიტი და არ იხსნება აპლიკაცია.
შეფერხებები ასევე აღინიშნება სხვა ვებსაიტებისა და სერვისების მუშაობაში — Mail.ru, „კონტური“, Ozon, „მეგაფონი“, „ვკონტაქტე“ (ВКонтакте), აგრეთვე პროვაიდერ „სკაინეტ სანქტ-პეტერბურგის“ (Скайнэт Санкт-Петербург) ქსელში. რას უკავშირდება ეს პრობლემები, ამ ეტაპზე უცნობია.
netgazeti