WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს პროკურატურასთან სერგეი ყანჩელზე პოლიციელების სავარაუდო ძალადობის საქმის დროულად გამოძიების მოთხოვნით, საქართველოს პროკურატურასთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

„ვინ გვიცავს პოლიციისგან“, - წარწერა ბანერზე

„ვინ გვიცავს პოლიციისგან“, - წარწერა ბანერზე

გამოძიება დაწყებულია, თუმცა სერგეი ყანჩელისთვის საგამოძიებო ორგანოს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ მიუნიჭებია. ამ მიზეზის გამო, ადვოკატები საქმის მასალებისა და მოპოვებული მტკიცებულებების გაცნობას ვერ ახერხებენ.

„სერგი ამბობს, რომ შეუძლია პოლიციელების ამოცნობა“, - აცხადებს სერგეი ყანჩელის დედა, ნინო ყანჩელი.

23 წლის ყანჩელი სამართალდამცველებს წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. ყანჩელი ამბობს, რომ მომხდარის გამო საქართველოს დატოვება მოუწია და ამჟამად იმყოფება უსაფრთხო ქვეყანაში, რომლის დასახელებისგანაც თავს იკავებს.

„ფიზიკურად გამისწორდნენ, დანით გამიკაწრეს სახე და იარაღით მემუქრებოდნენ“... „[იარაღს] მადებდნენ თავზე, მკერდსა და სხეულის სხვა ნაწილებზე“... „მაიძულებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას“, - განაცხადა მან.

ყანჩელის განცხადებით, შემთხვევა მოხდა 27 სექტემბერს, როდესაც სარბენად იყო გასული.

„წამება გრძელდებოდა დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში“, - დაწერა მან 7 ოქტომბერს ფეისბუკზე.

მოგვიანებით, „ტვ პირველთან“ ინტერვიუში ყანჩელმა თქვა, რომ თავდაპირველად სამმა ადამიანმა გააჩერა, შემდეგ კი მათ კიდევ სამი შეუერთდა. მისი თქმით, პოლიციელების გაღიზიანება გამოიწვია მისმა უარმა, გაეხსნა პირადი ტელეფონი.

ყანჩელი მომხდარს საკუთარ სამოქალაქო პოზიციას უკავშირებს. მისი თქმით, პოლიციელები დასცინოდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ ხელისუფლებისადმი კრიტიკული დამოკიდებულების გამო.

ყანჩელი აცხადებდა, რომ პოლიციელების წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა პროკურატურაში.

8 ოქტომბერს სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.