„აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ელჩი სირიაში ადგილზე რჩება და მუშაობას განაგრძობს. შენობაში არავინ შესულა“, - განუცხადა „ინტერფაქსს“ დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს მოვალეობის შემსრულებელმა, სერგეი შამბამ.
სირიის არაბულმა რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2018 წელს აღიარა. დამასკში აფხაზეთის ე.წ. საელჩო 2020 წელს გაიხსნა.
ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის აღსანიშნავად 8 დეკემბერს ხალხმა დაიწყო შეკრება დამასკის ცენტრში, ომაიანთა მოედანზე, სადაც მდებარეობს მნიშვნელოვანი სამთავრობო ინსტიტუტები, მათ შორის ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო.
ასადის ადგილსამყოფელი უცნობია. ალ-მალიკის რაიონში მდებარე მისი რეზიდენცია შეიარაღებული დაჯგუფებების წარმომადგენლებს აქვთ დაკავებული.
დამასკის ქუჩებში გადაღებული ფოტო და ვიდეო კადრები მიუთითებს დედაქალაქში ასადის მოწინააღმდეგე შეიარაღებული ძალების ყოფნაზე, რომლებსაც ადგილობრივი მოსახლეობა მიესალმება.
სირიაში მიმდინარე 13-წლიან ომში, თითქმის 500 000 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 300 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. მსხვერპლის რეალური რაოდენობა შეიძლება ბევრად მეტი იყოს. 100 ათასი სირიელი ოფიციალურად ითვლება "დაკარგულად", რაც იმას ნიშნავს, რომ ისინიც ან მოკლეს ან დაიღუპნენ ასადის ციხეებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში. სირიის ომამდელი, 16,5 მილიონი მოსახლეობიდან 6,5 მილიონზე მეტი გაიქცა საზღვარგარეთ, ძირითადად მეზობელ თურქეთში, იორდანიასა და ლიბანში, სულ ცოტა, 1 მილიონი კი - ევროპაში.