ბოლო სამი კვირის განმავლობაში, პროევროპულ აქციებზე დაკავებულთა რიცხვი 400-მდეა. მათი დიდი ნაწილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს – უმეტესობას სასამართლომ ჯარიმა, ნაწილს კი რამდენიმე დღიანი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა სასტიკადაა ნაცემი.
დაახლოებით 40-მდე მოქალაქე კი სისხლის სამართლის წესით დააკავეს. დაკავებულთა შორის ერთი არასწრულწოვანია, ასევე არიან სტუდენტები, მსახიობები, ექიმი, ჟურნალისტი, აკადემიური სფეროსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.
მათ წინასწარი პატიმრობა აქვთ შეფარდებული, თუმცა ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. მათ შესახებ ინფორმაციას “ნეტგაზეთმა” თავი მოუყარა და აქვე გთავაზობთ:
1. მათე დევიძე
მათე დევიძე, 20 წლის, სტუდენტი. დააკავეს 19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს. ბრალდებულია 353 პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. [პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა].
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დეტალები:
- მათე დევიძე მელიქიშვილის გამზირზე დააკავეს. მაშინ, როცა პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, სადაც კარვები იყო გაშლილი და მოქალაქეებმა ღამეს ათევდენენ.
- პროკურატურა მას სამ პოლიციელზე თავდასხმას ედავება. პროკურორ ანუ ხუბეჯაშვილის განმარტებით, პოლიციელები მის დაკავებას არ ცდილობდნენ, საერთოდ არ იყვნენ მათთან შემხებლობაში, “როდესაც ის მოულოდნელად გამოჩნდა და ჯოხის გამოყენებით დაესხა მათ თავს”.
- პროკურატურამ გაავრცელა ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ჩანს რომ მათე დევიძე წვრილი ჯოხს უქნევს პოლიციელებს, უკან იხევს და გაქცევას ცდილობს, თუმცა პოლიციელები მას მისდევენ და აკავებენ. მათე დევიძის პოზიციაა, რომ მას შეეშინდა პოლიციელების აგრესიის, მოლოდინი ჰქონდა, რომ დააკავებდნენ და ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, ამიტომ ჯოხი თავდაცვის მიზნით, ინსტინქტურად მოიქნია.
- 22 ნოემბერს, მოსამართლე დავით კუპატაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
2. ანატოლი გიგაური
ანატოლი გიგაური დააკავეს 25 ნოემბერს, აქციიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე. ბრალდებულია 353 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში [ მუხლი გულისხმობსპოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას].
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დეტალები:
- დააკავეს ვეფხი და მოყმეს ძეგლთან. როგორც მან სასამართლოზე მოყვა, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველისკენ მიდიოდა, როცა მოულოდნელად პოლიციამ სახეში მუშტი დაარტყა. მან გააჩერა პოლიციელი და ჰკითხა რატომ დაარტყა, რის შემდეგაც პოლიციელმა შეაგინა და კიდევ ერთხელ მოუღერა ხელი. გიგაური ამბობს, რომ ხელი ჰკრა პოლიციელს, რათა თავიდან მოეშორებინა. ამ ფაქტიდან ნახევარ საათში, სახლისკენ მიმავალი დააკავეს. როგორ გიგაური ჰყვება, მანქანას, რომლითაც მგზავრობდა, საპატრულო პოლიციის მანქანებმა წრე შემოარტყეს.
- “კარი გავაღე, დავდექი და ხელი დავალაგე საპატრულო მანქანის საბარგულზე, წინააღმდეგობას არ გიწევთ-მეთქი. ამ დროს მომვარდა ორი პოლიციელი და ზურგს უკან ხელბორკილები დამადეს. მერე მესმის ხმები, აქეთ გამოიყვანეო. მანქანის უკან გამიყვანეს, ამბობდნენ, ვის დაარტყი ხელიო და თან თავში უამრავი რაღაც მომხვდა. დაბლა ვიხედებოდი, მაღლა ვერ ვწევდი თავს. დამახეთქეს ძირს და რაღაც დროის განმავლობაში მცემდნენ. შემდეგ ამაყენეს ფეხზე, უკვე სისხლი მომდიოდა, სურათები გადამიღეს”, – იხსენებს ანატოლი გიგაური.
- დაკავების შემდეგ გიგაური საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს, გზაში კი “მანქანა გააჩერეს, აფთიაქში შევიდნენ, რაღაც საშუალებები იყიდეს და ვაშლიჯვრის ასახვევში სისხლი მომწმინდეს”.
- გიგაური ამბობს, რომ განყოფილებაში მასთან ის პოლიციელი მივიდა, რომელმაც რუსთაველის გამზირზე ჩაარტყა და შეაგინა, ის სისხლიანი ტანსაცმლის გამოცვლასა და მათ მიერ მიწოდებული სუფთა ტანსაცმლის ჩაცმას სთავაზობდა, რაზეც უარი განაცხადა. ამის შემდეგ, გიგაური ისევ, ამჯერად პოლიციის განყოფილებაში სცემეს.
- 26 ნოემბერს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
3. გიორგი მინდაძე
გიორგი მინდაძე, 21 წლის, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი. დააკავეს პირველ დეკემბერს, ნათესავის სახლში.
ბრალდებულია 353 პრიმას პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში [პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა].
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დეტალები:
- გიორგი მინდაძის დედის, ნინო წულაიას ინფორმაციით, ის მცხეთის მუნიციპალიტეტში, ბიძაშვილთან სტუმრად ყოფნისას დააკავეს.
- მისივე ინფორმაციით, შსს-მ სასამართლოზე წარადგინა 29 ნოემბერს გადაღებული ფოტოსურათი, სადაც მინდაძეს პიროტექნიკა უჭირავს ხელში. სწორედ პიროტექნიკით სამართალდამცველზე თავდასხმას ედავება მას პროკურატურა.
4. არჩილ მუსელიანცი
არჩილ მუსელიანცი, 29 წლის. დააკავეს 30 დეკემბერს.
ბრალდებულია 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ნივთის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საშიში საშუალებით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დეტალები:
- არჩილ მუსელიანთი თავდაპირველად ადმინისტრაციულ წესით დააკავეს. ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი მას 2 დღის რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ და როცა მე-3 იზოლატორში მიაკვლიეს, უკვე სისხლის სამართლით ჰქონდა ბრალი წარდგენილი. ამ ორი დღის განმავლობაში ის ითხოვდა ადვოკატთან დაკავშირების შესაძლებლობას, თუმცა ამის უფლება არ მისცეს.
- ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი “ნეტგაზეთს” უყვება, რომ დაკავებისას მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, პოლიციის სამმართველოში კი აიძულებდნენ, ოპოზიციური პარტიების ლიდერებისთვის “დაედო ხელი”. “როდესაც აიყვანეს, დიღმის მე-3 იზოლატორში, მე-8 სართულზე, აჩვენებდნენ პარტიის ლიდერების ფოტოებს. სთხოვდნენ, რომ თუ დაადებდა რომელიმე მათგანს ხელს, ამ შემთხვევაში გაუშვებდნენ. იქ ცემა არ ყოფილა, ცემა მანამდე იყო. იქ ხელი არავის არ დაუდია, მაგრამ რომ არ გავტყდი და არ ავიღე ჩემ თავზე ის სისულელე, რასაც მთხოვდნენო, მერე უკვე ოჯახით დამემუქრნენო.
- ამ ადამიანს არც ცოლი ჰყავს, არც შვილი ჰყავს, არც დედ-მამა – არავინ არ აბადია დედამიწის ზურგზე. საბოლოო ჯამში, გამოვიდა, რომ ვერ გამოიყენეს რისვისაც სჭირდებოდათ … შეიძლება არც დაეკავებუნათ სისხლით, თუკი მიაღწევდნენ იმ გარკვეულ მიზანს და გაეშვათ, მაგრამ, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, თუ იმას წამოეგებოდა, რასაც ეუბნებოდნენ, მაგ შემთხვევაში ციხეც შერჩებოდა და პლუს, ამის ჩვენებასაც გამოიყენებდნენ რომელიმე პარტიის ლიდერის წინააღმდეგ. ეს იყო ამის დაკავების ერთადერთი მიზანი. მეტი არაფერი”, – ამბობს დიმიტრი ვარდიშვილი.
- არჩილ მუსელიანცს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. მის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 21 იანვარსაა ჩანიშნული.
5. დავით ლომიძე
დავით ლომიძე დააკავეს 30 ნოემბერს. ბრალდებულია 353 პრიმას 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დეტალები:
- ადვოკატი დიმიტრი ვარდიაშვილი ამბობს, დაკავების დროს და შემდეგ პოლიციელებმა დავით ლომიძეზე იძალადეს – “გვერდებში ტკივილები ჰქონდა”. როგორც ლომიძემ ადვოკატს მოუყვა, დაკავების შემდეგ ხელები ზურგს უკან ხამუთებით შეუკრეს, მიკროავტობუსში ჩასვეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ პროცესში მან ხამუთების გაწყვეტა მოახერხა და სახეზე ხელები აიფარა. ამბობს, რომ სხვა ადამიანებს, რომლებსაც მასთან ერთად სცემდნენ და ხელების გათავისუფლება ვერ მოახერხეს, უფრო მეტი დაზიანება აღენიშნება სახისა და თავის არეში.
- მუსელიანცის მსგავსად, ისიც თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა 48-საათიანი ვადის გასვლის შემდეგ, როცა უკვე უნდა გაეთავისუფლებინათ, უთხრეს, რომ სისხლის სამართლის წესით წარუდგინეს ბრალი და ისევ პატიმრობაში დატოვეს.
- “ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, როგორც პროკურორი იძახის. შემდეგ, ნახეთ რა ქნეს?! იზოლატორიდან ფეხი გამოაყოფინეს ამ ადამიანს, შემდეგ ისევ უკან შეაბრუნეს და უთხრეს, ახლა სისხლით ხარ დაკავებულიო. რეალურად გათავისუფლება არ მომხდარა. ისევ იზოლატორში მოხდა ეს ყველაფერი. 5 დღე ზედიზედ ჰყავდათ დაკავებული. და სასამართლო იძახის, რომ ეს ადმინისტრაციული დაკავების დროს არის ნაცემი და მე არ მეხებაო. მე სისხლით როცა დააკავეს, ეგ მეხებაო. ხომ წარმოგიდგენიათ ახლა იქ რა მოხდებოდა?!”, – ამბობს ადვოკატი.
- ადვოკატის თქმით, მიუხედავად მიმართვისა, საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელს ის ამ დრომდე [25 დეკემბერი] არ მოუნახულებია. დიმიტრი ვარდიაშვილი აპირებს, გამეორებით მიმართოს უწყებას სამართალდამცველების მხრიდან ლომიძეზე სავარაუდო ძალადობის ფაქტის გამოსაძიებლად.
- ადვოკატის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ, როცა მიკროავტობუსში სცემდნენ, სპეცრაზმელებმა მას პირადი ნივთები მოჰპარეს. მას თან ჰქონდა მობილური ტელეფონი, საფულე და საბანკო ბარათები, რომლებიც პოლიციას აღწერილი არ აქვს.
6. თემურ ზასოხაშვილი
თეიმურაზ ზახოხაშვილი დააკავეს 30 ნოემბერს.
ბრალდებულია 353 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში – პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დეტალები:
- თეიმურაზ ზასოხაშვილი 30 დეკემბერს დააკავეს. მას პოლიციელისთვის მოლოტოვის სროლას ედავებიან. ის სასტიკადაა ნაცემი. ადვოკატი ამბობს, რომ იმდენად ცუდად იყო, სასამართლოში მას ფეხზე დგომაც კი უჭირდა.
- დიმიტრი ვარდიაშვილი, რომელიც თავდაპირველად იცავდა მის ინტერესებს, გვიყვება როგორ იპოვა შემთხვევით ზასოხაშვილი იზოლატორში შეყვანისას და როგორ არ მისცეს მასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა.
- “როდესაც არჩილ მუსელიანცთან და დავით ლომიძესთან შევდიოდი, ზუსტად მაგ მომენტში, გლდანის მე-3 იზოლატორში მოიყვანეს 2-მა თანამშრომელმა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც იყო ნაცემი ძალიან. სახელი რომ ახსენეს, ზასოხაშვილი ხომ არ ხარ-მეთქი, ვკითხე. კიო. შენ გეძებდი, ხმა არ ამოიღო და მოვდივარ შენთან ერთად-მეთქი. ეს მოხდა ეზოში, იზოლატორში შემსვლელი პუნქტში. კამერის ჩანაწერებიც ადასტურებს ამას. რა წამსაც გაიგეს, რომ ადვოკატი მოსული იყო, იმ წამსვე ჩაავლეს ხელი ამ ადამიანს და გააქანეს შენობისკენ, მთავარი შესასვლელისკენ. რა თქმა უნდა, გავეკიდე უკან – სად მიგყავთ, მეც მოვდვარ-მეთქი. შენ ვერ წამოხვალ უფლება არ გაქვსო, საშვი უნდა დაუშვათ და ა.შ. ეს არის სისულელე ხალხო, არ დაიჯეროთ. ადვოკატი გვერდით ჰყავდა, ორდერს ვაწვდი ადამიანს, გამომართვა ამ პოლიციელმა – თან ამას უყურებს 4 კამერა -, მიუხედავად ამისა არც მე, არც ჩემს კოლეგას არ მოგვეცა საშუალება, რომ მას დავლაპარაკებოდით”, – ამბობს ვარდიაშვილი.
- ადვოკატი ამბობს, რომ ადვოკატს, რომელიც ჩაერთო ამ საქმეში, ზასოხაშვილის მონახულების უფლება მხოლოდ მეორე დღეს მისცეს – “ასეთ პირობებში ადამიანი გამოჰკითხეს კიდევაც, ბრალიც წაუყენეს მეორე დღეს და ყველაფერი გააკეთეს. ცხელი ფაზა, სადაც “საქმე იკერება” 1/1-ზე გაატარეს და დამცველი არ ჰყოლია”.
7. საბა ჯიქია
საბა ჯიქია 18 წლის სტუდენტია. დააკავეს 5 დეკემბერს.
ბრალდებულია 353 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში – პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დეტალები
- საბა ჯიქია 5 დეკემბერს დააკავეს. პროკურატურა მას პოლიციელისთვის ფეხის ჩარტყმას ედავება. ჯიქია წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.
- მოსამართლე დავით მგელიაშვილმა 7 დეკემბერს მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
8. ნიკოლოზ ჯავახიშვილი
ნიკოლოზ ჯავახიშვილი 20 წლის სტუდენტია. დააკავეს 30 ნოემბერს.
ბრალდებულია 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დეტალები:
- ნიკოლოზ ჯავახიშვილს პოროკურატურა სამართალდამცველებისთვის პიროტექნიკის სროლას ედავება.
- რადო თავისუფლებასთან საუბრისას, მისმა ადვოკატმა, სოფიო გორდაძემ თქვა, რომ ნიკოლოზი დიჯეია და ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს.
9. თორნიკე გოშაძე
თორნიკე გოშაძე 24 წლისაა. ბრალდებულია 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დეტალები:
- რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მის ოჯახსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. ჰყავს დედა და ერთი და. პოლიციელებმა ისინი საკუთარი სახლიდან აიყვანეს.
- “კარებზე წიხლი მოარტყეს და ისე შემოვიდნენო, ეძინათ. სახლის დათვალიერების შემდეგ ჰკითხეს – ფულს რამდენ გიხდიან, აქციებზე რომ დადიხარო? მერე ხუმრობდნენო, ვაიმე, საღებავი მომეცხოო, გზაში ზედმეტად არავის არაფერი უთქვამს, ზედმეტად კარგად იქცეოდნენ”, – უყვება რადიო თავისუფლებას ადვოკატი ნინო ლომინაძე თორნიკე გოშაძის მონათხრობს.
10. ირაკლი მიმინოშვილი
ირაკლი მიმინოშვილი 19 წლის სტუდენტია. დააკავეს 4 დეკემვერს, საკუთარ სახლში. ბრალდებულია 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დეტალები:
- ირაკლი მიმინოშვილის დაკავებამდე რამდენიმე საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ მის სახლს.
- მიმინოშვილი სტუდენტია და პარალელურად კურიერად მუშაობს.
- “დღეს შუადღის ორი საათისკენ დაგვადგა პოლიცია. ჯერ მეზობელთან შევარდნენ ბრახუნით და ღრიალით, ხმაურზე გაგვეღვიძა ჩვენც, ჩემს ძმას, ირაკლი მიმინოშვილს ეძებდნენ თურმე და გადმოინაცვლეს ჩვენს კარებთან. ვისთანაც მოვასწარი, მივწერე ყველას, ადვოკატის მოსვლამდე არ ვაპირებდით კარის გაღებას, თუმცა დაიწყეს წიხლების რტყმა და კარის შემონგრევა, ფანჯარა ღია გვქონდა და გადაწიეს ფარდა, ღრიალებდნენ და ხელებს იქნევდნენ იქიდან. ვეცადეთ მაქსიმალურად დროის გაწელვას, გავაღეთ ბოლო წამს.
- დავიწყე გადაღება, ეგრევე მეტაკნენ, მხრებში მწვდნენ და დამადებინეს ტელეფონი. ვუსვამდით კითხვებს, რომ რა ბრალდების და მტკიცებულების საფუძველზე იყვნენ მოსულები, რომლის პასუხიც იყო, რომ სასამართლოში გავარკვევდით და მათ მხოლოდ დაკავება ევალებოდათ. გაჩხრიკეს სახლი და წაიღეს ტელეფონები, ლეპტოპი, პროცესორი. ერთი კაცის დასაკავებლად მოსული იყო 4 მანქანა, გავსებული ხალხით. მითხრეს, რომ ორთაჭალის იზოლატორში გადაჰყავდათ, მაგრამ ადვოკატს აღარ ეუბნებოდნენ ჩემი ძმის ზუსტ ადგილმდებარეობას, მართლა მანდ მიჰყავდათ თუ სადმე სხვაგან”, – წერს სოციალურ ქსელში ირაკლი მიმინოშვილის და, ლიზა.
11. გიორგი გორგაძე
გიორგი გორგაძე 20 წლის სტუდენტია. ბრალდებულია 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი გიორგაძე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმაციული ტენქოლოგიების ფაკულტეტზე სწავლობს.
- რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მუშაობს მამის კომპანიაში და გაზგაყვანილობის პროექტებს წერს.
12. ზვიად ცეცხლაძე
ზვიად ცეცხლაძე 19 წლის სტუდნეტია. დააკავეს 4 დეკემბერს, საკუთარ სახლში. ბრალდებულია 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში [ეს მუხლი მოიცავს: ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა].
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ზვიად ცეცხლაძე ახალგაზრდული მოძრაობა “დაფიონის” ერთ-ერთი ლიდერია და აქტივისტია;
- დაკავებამდე მის სახლში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ჩხრეკა.
- ადვოკატის, მარიამ პაპავას ინფორმაციით, პოლიციამ ცეცხლაძის სახლიდან ამოიღო მოლოტოვის კოქტეილი. თუმცა, თავად ცეცხლაძე მის ქონას უარყოფს.
13. ვეფხვია კასრაძე
მსახიობი და პარტია “ლელოს” წევრი ვეფხვია კასრაძე 4 დეკემბერს დააკავეს. ბრალდებულია 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში [ ეს მუხლი მოიცავს: ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა].
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- 6 დეკემბერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდეს.
- 17 დეკემბრიდან ის პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
14. ვასილ კაძელაშვილი
პარტია “ლელოს” წევრი, ვასილ კაძელაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს. ბრალდებულია 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. [ეს მუხლი მოიცავს: ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ანდა მათზე თავდასხმა].
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ვასილ კაძელაშვილი ვეფხვია კასრაძესთან ერთად დააკავეს.
- იქამდე პროსახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს ფარული ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ პროევროპულ აქციაზეა გადაღებული. ჩანაწერში, რომლის ნამდვილობა არ არის დადასტურებული, ისმის როგორ საუბრობენ კაძელაშვილი და კასრაძე საპროტესტო აქციების პარალელურად “ქართული ოცნებასთან” ბრძოლის სხვადასხვა მეთოდზე.
15. ინსაფ ალიევი
ინსაფ ალიევი 34 წლისაა. ბრალდებულია 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ეთნიკურად აზერბაიჯანელი ინსაფ ალიევი საქართველოს მოქალაქეა. ის ოჯახთან ერთად სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობს და თვითდასაქმებულია. მან ქართული არ იცის.
- რადიო თავისუფლება, მის ადვოკატზე დაყრდნობით წერს, რომ დემონსტრაციაში მონაწილეობას არ იღებდა და რუსთაველზე, აქციის მიმდინარეობისას შემთხვევით მოხვდა.
- პროკურატურა მას პოლიციელების მიმართულებით ქვის სროლას ედავება.
16. საბა სხვიტარიძე
აქტივისტი საბა სხვიტარიძე 5 დეკემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. ბრალდებულია 353 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. [ეს მუხლი გულისხმობს: პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე ჯგუფური თავდასხმა].
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- სასამართლოზე სხდომაზე სხვიტარიძე ამბობდა, დაკავებისას პოლიციელებს არ განუმარტავთ საფუძველი.
- მისი თქმით, წინასწარი დაკავების იზოლატორში ის ნიღბიანებმა სასტიკად სცემეს, მათ შორის სხვადასხვა მძიმე საგნის გამოყენებით.
- „ნახევრად გათიშული ვიყავი, როცა ზონდერი ხელის მოტეხვას ცდილობდა“ – მან იზოლატორიდან წერილი გამოქვეყნა სადაც დეტალურად აღწერს, როგორ დააკავეს და იძალადეს მასზე.
- 6 დეკემბერს, მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მას აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეუფარდა.
17. ანრი კვარაცხელია
ანრი კვარაცხელია 25 წლისაა. ის დააკავეს 5 დეკემბერს. ბრალდებულია 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.
- დაკავებამდე გაჩხრიკეს კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლი.
- მისი ადვოკატის, საშა ცუცქირიძის ინფორმაციით, სახლში შესვლისა და დაკავების დროს პოლიციელები გადამეტებულ ძალას იყენებდნენ.
- გარდა ამისა, მათ არ წარუდგენიათ განჩინება.
18. ანდრო ჭიჭინაძე
28 წლის მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს დააკავეს. ბრალდებულია 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- დაკავებამდე გაჩხრიკეს ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელი სახლი.
- 7 დეკემბერს გამართულ სხდომაზე, სადაც მას პატიმრობა შეუფარდეს, პროკურორმა განაცხადა, რომ ჭიჭინაძე 29 ნოემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მონაწილეობდა ძალადობრივ ქმედებებში. კონკრეტულად, გამოძიება მას სამართალდამცველების მიმართულებით ჯოხის სროლას ედავება.
- ანდრო ჭიჭინაძე არ იცნობს სხვა ბრალდებულებს ადამიანებს, ვისთან ერთადაც აღნიშნული დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას ედავებიან.
19. ონისე ცხადაძე
28 წლის სთენდაფერი, კომიკოსი ონისე ცხადაძე დააკავეს 5 დეკემბერს. ბრალდებულია 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- სასამართლო სხდომაზე, სადაც მას პატიმრობა შეუფარდეს პროკურორმა განაცხადა, რომ ის პოლიციელების მიმართულებით ჯოხს და ბოთლს ისროდა, “რითაც საფრთხე შეუქმნა სამართალდამცველებისა და სხვა პირების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს”.
- ამავე სხდომაზე ონისე ცხადაძემ განაცხადა, რომ არასდროს არანაირ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია. გარდა ამისა გამოძიებასთან თანამშრომლობის პირობა დადო და მოსამართლეს სთხოვა გირაო შეეფარდებინა როგორც მისთვის, ისე სხვა დაკავებულებისთვის. თუმცა, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას პატიმრობა შეუფარდა.
- “მიმალვას არ ვაპირებ, არსად წასასვლელი არ მაქვს, რომ მქონდეს აქამდე წავიდოდი, საქართველოში ცხოვრებას ვაპირებ”, – განაცხადა ცხადაძემ პროკურორის სიტყვის საპასუხოდ, როცა მისი დაპატიმრება გაქცევის რისკის გამო მოითხოვეს.
20. გურამ მირცხულავა
34 წლის გურამ მირცხულავა 5 დეკემბერს დააკავეს. ბრალდებულია 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დეტალები:
- გურამ მირცხულავას, ისევე როგორც მის საქმესთან გაერთიანებული სხვა 5 საქმეზე ბრალდებულს, პროკურატურა პოლიციელებისთვის მძიმე საგნის სროლას ედავება. თუმცა, იმ დროს, როცა მას პატიმრობა შეუფარდეს, პროკურატურას არ ჰქონდა იდენტიფიცირებული, რა საგანი ესროლა მან პოლიციელებს.
- ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ პროკურორს ჰკითხა, რას აფუძნებდა უწყება მტკიცებას, რომ მირცხულავამ სამართალდამცავებს მძიმე საგანი ესროლა, “რითაც მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა”, თუ ეს საგანი იდენტიფიცირებული არ იყო. თუმცა, სასამართლო სხდომაზე ამ კითხვაზე პასუხი არავის გაუცია.
- 7 დეკემბერს, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
21. ლუკა ჯაბუა
20 წლის სტუდენტი ლუკა ჯაბუა 5 დეკემბერს დააკავეს. ბრალდებულია 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ლუკა ჯაბუასთვის პატიმრობის შეფარდების ერთ-ერთი საფუძველი გახდა პროკურატურის მტკიცება, რომ ის, შესაძლოა ქვეყნიდან გაიქცეს და დაემალოს მართლმსაჯულბას.
- საპასუხოდ, ჯაბუას ადვოკატმა რუსუდან აგურაშვილმა პროცესზე განაცხადა: მას სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო სტუდენტის სტატუსი შეჩერებული აქვს და მუშაობს. გარდა ამისა, ზრუნავს დედასა და ძმაზე, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. მას არ აქვს პასპორტი და არც ახლო ნათესავები, ან მეგობრები ჰყავს საზღვარგარეთ, ვისი დახმარებითაც შესაძლოა ქვეყანა დატოვოს.
- ადვოკატი მიუთითებდა იმასაც, რომ ჯაბუაზე ჯერ კიდე ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, რის გამოც პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რაც აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმის, პატიმრობის შეფარდებას არ ითვალისწინებს.
- თუმცა, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას მაინც პატიმრობა შეუფარდა.
22. ჯანო არჩაია
49 წლის ჯანო არჩაია 5 დეკემბერს დააკავეს. ბრალდებულია 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ჯანო არჩაიას ჰყავს შვილები და შვილიშვილები. სასამართლო სხდომაზე სწორედ ეს დაასახელა არჩაიამ იმის მთავარ მოტივაციად, რომ ქვეყნიდან გაქცევას არ აპირებს. პირიქით, აქ დარჩება და იბრძოლებს, რომ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.
- არჩაიას ადვოკატმა, ომარ ფურცელაძემ სხდომაზე განაცხადა, ის ოჯახში ერთადერთი შემომტანია.
- გარდა ამისა, ადვოკატმა მიუთითა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე – ერთი წლის წინ მან მძიმე ქირურგიული ოპერაცია გაიკეთა, რის გამოც აქვს განსაკუთრებული კვებითი რეჟიმი და საჭიროებს პერიოდულ მედიკამენტურ მკურნალობასა და ექიმის მეთვალყურეობას.
- ამის მიუხედავად, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
23. რუსლან სივაკოვი
რუსლან სივაკოვი დააკავეს 5 დეკემებრს. ბრალდებულია 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ჯგუფური ძალადობაში მონაწილეობა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დეტალები:
- რუსლან სივაკოვი უკრაინელია. მან სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ აქციებში არ მონაწილეობს, მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩნდა.
- მისი თქმით, საქართელოში სამუშაოდ ჩამოვიდა, რათა გამომუშავებული ფული მოხუც მშობლებს და ძმას გაუგზავნოს, რომელსაც სიმსივნე აქვს.
- მან მოსამართლეს სთხოვა გაეთავისუფლებინა, რათა სამსახური არ დაეკარგა და ოჯახის რჩენის შესაძლებლობა ჰქონოდა.
- მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მაინც შეუფარდა.
24. ალეკო ელისაშვილი
46 წლის პოლიტიკოსი ალეკო ელისაშვილი დააკავეს 4 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტთან”, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შეხვედრა იმართებოდა.
ბრალდებულია 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით: ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- ალეკო ელისაშვილი ძალის გამოყენებით დააკავეს. დაკავების დროს მან მიიღო დაზიანებებიც.
- პროკურატურა მას 2 დეკემბერს, “საქართველოს აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის” თავმჯდომარეზე, ალი ბაბაევზე თავდასხმას ედავება.
- ელისაშვილის ადვოკატი, გიორგი რეხვიაშვილის აცხადებს, რომ ბაბაევმა მას პროვოკაცია მოუწყო და ელისაშვილი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
- 6 დეკემბერს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
- 10 დღის შემდეგ, 16 დეკემბერს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, მოსამართლე ლევან გელოვანმა ელისაშვილი 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
25. რევაზ კიკნაძე
26 წლის რევაზ კიკნაძე დააკავეს 6 დეკემბერს, მეტროსადგურ “უნივერსიტეტთან”. ბრალდებულია 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა;
დეტალები:
- როგორც სხვა შემთხვევბში, არც რევაზ კიკნაძე არ იცნობს იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც დანაშაულის ჯგუფურად ჩადენას ედავებიან;
- აღკვეთის ღონისძიების სხდომამდე კიკნაძე შიმშილობდა;
- უშუალოდ სხდომაზე ადვოკატმა გოჯა ავსაჯანიშვლმა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა 53 ადამიანის თავდებობის საფუძველზე დააყენა. თუმცა, მოსამართლემ ის პატიმრობაში დატოვა.
- მომდევნო სხდომა 20 იანვარსაა ჩანიშული.
- ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა გაავრცელა წერილი, რომელიც კიკნაძემ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან გამოატანა.
- „ამ წერილს ვწერ წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან. ვარ უკანონოდ დაკავებული. მთხოვდნენ მეთქვა ტყუილი და დამესახელებინა ადამიანები, ვითომდა ისინი მაფინანსებდნენ და მათ დავალებებს ვასრულებდი. მთხოვდნენ დამესახელებინა ჯაფარიძე, ხოშტარია, გვარამია და სხვა პირები. აღნიშნულს ვერანაირად ვერ დავასახელებდი, რადგან მსგავსი არაფერი ყოფილა. ვაცხადებ შიმშილობას. ამ ბრძოლას მოვიგებთ ერთად”, – წერს რეზო კიკნაძე. ადვოკატი “რადო თავისუფლებას” უყვება, რომ კიკნაძე დაკავების დროს არ უცემიათ, მაგრამ “ექვსი საათის განმავლობაში ედო ხელბორკილი და არ უშვებდნენ საპირფარეშოში”. ადვოკატის შეფასებით, ეს არაადამიანური მოპყრობაა. გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, კიკნაძისგან გამუდმებით მოითხოვდნენ ცრუ ჩვენების მიცემას, “ხოლო თუ ამას არ იზამდა, უკვე ლისზე წაყვანილს, იქვე დამარხვით ემუქრებოდნენ”.
26. ირაკლი ქერაშვილი
29 წლის ექიმი, ირაკლი ქერაშვილი დააკავეს 6 დეკემბერს, ქუჩაში. ბრალდებულია 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა;
- ირაკლი ქერაშვილს პროკურატურა ჯგუფურად პოლიციელზე ძალადობას ედავება, თუმცა როგორც ადვოკატი რეზო აჭარაძე ამბობს, ქერაშვილიც არ იცნობს იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ამ დანაშაულის ჩადენას ედავებიან. მის საქმესთან კიდევ 4 სხვა დაკავებულის საქმე გააერთიანეს, თუმცა ისინი ერთმანეთს არ იცნობენ.
- გარდა ამისა, ადვოკატის თქმით, არც ბრალის წარდგენის დადგენილებასა და არც აღკვეთის ღონისძიების სხდომაზე არ დაუკონკრეტებიათ, კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ძალადობა.
- ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოში პროკურორები მუდმივად მრავლობით რიცხვში საუბრობდნენ, მათი ბრალდებები ერთიანად მიემართებოდა საქმის ფარგლებში დაკავებულ 5-ვე ადამიანს და არ აკონკრეტებდნენ თითოეულმა კონკრეტულად რა დააშავა.
- “არაფერს არ აკონკრეტებენ – ჯგუფურ ძალაოდბაში იღებდა მონაწილეობასო. პროკურატურას უწერია, რომ 28 ნოემბრიდან მოყოლებული პოლიციელების მიმართ ქვებს ისროდნენო, ფეიერვერკებს, ჯებირებს არღვევდნენ და ა.შ. რამე კონკრეტიზაცია, არავისზე არ არის. ამან ეს ჩაიდინა, ამ ქმედებამ ეს გამოიწვია, ეს დააზიანა … მსგავსი არაფერი არ არის […]
- ამოცნობილი არის სახით. ვისაც წარიდგინეს ბრალი მათთან ერთად, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზები აქვთ. თუმცა, რამე ჯგუფურ ძალაოდბაში რომ იღებდეს მონაწილეობას, მსგავსი არაფერია წარმოდგენილი. 4-წამიანი ვიდეოა, რაც არაფერს არ ადასტურებს. მანდ, ალბათ, ის ლოგიკა იყო, რომ ვისი სახეც შეძლეს რომ ამოეცნოთ, ალბათ, მაგათ წარუდგინეს ბრალი”, ამბობს ადვოკატი რეზო აჭარაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
- ადვოკატის თქმით, 5 ადამიანს შორის, რომელთა ბრალდებები ერთ საქმედ გააერთიანეს, ერთ-ერთი უკრაინელია. ცნობილა, რომ სისხლით სამართლის წესით დაკავებულთა შორის სულ ორი უკრაინის მოქალაქეა -სერგი და რუსლან სივაკოვები. ამ უკანასკნელის საქმე იგივე მუხლით სხვა დაკავებულებთან [ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, ლუკა ჯაბუა, გურამ მურცხულავა] საქმეებთანაა გაერთიანებულ. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ქერაშვილის საქმესთან გაერთიანებულია მეორე უკრაინელი დაკავებულის, სერგი სივაკოვის საქმე.
27. გიორგი ახობაძე
ექიმი გიორგი ახობაძე 8 დეკემბრის ღამეს, აქციიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. ბრალდებულია 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
- გიორგი ახობაძე ამბობს, დაკავების მომენტში იგრძნო როგორ ჩაუცურეს ჯიბეში რაღაც – ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს.
- 10 დეკემბერს, მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მას პატიმრობა შეუფარდა.
- პროტესტის ნიშად, ახობაძემ ჯერ კიდევ წინასწარი დაკავების იზოლატორში ყოფნისას შიმშილობა გამოცხადდა.
28. ნიკოლოზ კაცია
ჟურნალისტი ნიკოლოზ კაცია 8 დეკემბერს დააკავეს.
ბრალდებულია 260-ე მუხლით მე-6 ნაწილის 1 ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
დეტალები
- სხვებისგან განსხვავებით, კაცია არა აქციაზე და აქციიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე, არამედ პირიქით, სახლიდან აქციისკენ მიმავალი დააკავეს.
- ახობაძის მსგავსად, ისიც ამბობს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს – 14 გრამი კოკაინი.
- 9 დეკემბერს გამართულ სასამართლოზე მან თქვა, რომ 10-მდე ადამიანმა დააკავა, რომლებიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.
- “ენის ბორძიკი დამეწყო ნერვიულობისგან, ამაზეც დამცინოდნენ. აქამდე მე ენის ბორძიკი არასდროს მქონია…”, – თქვა კაციამ სასამართლოზე.
- 9 დეკემბერს, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
29. დანიელ მუმლაძე
23 წლის დანიელ მუმლაძე 4 დეკემბერს დააკავეს. ბრალდებულია 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
დეტალები:
- დანიელ მუმლაძეს ჰყავს მეუღლე და 2 წლის შვილი. ის ერთ-ერთ რესტორანში მიმტანად მუშაობს და შემოსვლით არჩენს ოჯახს, სადაც ერთადერთი შემომტანია;
- პროკურატურა მას რუსთაველუს გამზირზე, 112-ის კუთვნილი ვიდეო-კამერების დაზიანებას ედავება;
- მუმლაძის ადვოკატი, ომარ ფურცელაძე მიჩნევს, რომ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო.
- “ადამიანი, რომელიც საქართელოს ფარგლებს გარეთ არ ყოფილა ცხოვრებაში, ადმინისტრაციული საზღვარი არ გადაუკვეთავს და არანაირი კავშირები – სოციალური თუ ეკონომიკური არ აქვს საქართელოს ფარგლებს გარეთ ვნმესთან. ყავს 2 წლის შვილი, რომელსაც მხოლოდ თავისი შემოსავლით არჩენდა, იმიტომ, რომ მეუღლე სრლად ბავშვის აღზრდაშია ჩართული და შესაბამისად, ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო დანიელის შემოსავალი იყო. მიმალვის საფრთხე ამ პირობებში ნონსესია”, – ამბობს ფურცელაძე.
- მან პირველი ინსტანციის სასამართლს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.
- “მიგვაჩნია რომ დაუსაბუთებელია და გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში. დღეის მდგომაროებით [25 დეკემბერი] სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიგვიღია, მაგრამ განსაკუთრებით ამაღლებული მოლოდინი არ გვაქვს, იმიტომ, რომ ვაცნობიერებთ მითითებული გადაწყვეტილებების პოლიტიკურ ხასიათს, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად”, – ამბობს ფურცელაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
30. გურამ ხუტაშვილი
გურამ ხუტაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს. ბრალდებულია 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის გ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც გულისხმობს ჯგუფურად სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
- გურამ ხუტაშვილი დანიელ მუმლაძის მეგობარი და თანამშრომელია;
- მათთვის წარდგებნილი ბრალდების მიხედვით, მათ სხვა ორ პირთან ერთად დააზიანეს რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული ვიდეო-კამერები;
- პროკურატურას ბრალის დადგენილებაში მოხსენიებული სხვა 2 პირის ვინაობა იდენტიფიცირებული არ აქვს.
31. მამუკა ჯორბენაძე
ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი 46 წლის მამუკა ჯორბენაძე, თავის 4 სტუდენტთან ერთად 9 დეკემბერს დააკავეს. ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.
დეტალები
- მამუკა ჯორბენაძე ხელოვნების უნივერსიტეტში გაფიცვის ორგანიზებაში იყო ჩართული. პროფესორი და ოთხივე სტუდენტი მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილეები არიან.
- პროკურატურა მათ ძალადობის ჯგუფურად ჩადენას ედავება. გამოძიების ვერსიით, მამუკა ჯორბენაძე სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტში 3 დეკემბერს შეხვედრაზე მისულ ირაკლი დევაძეს და კიდევ ერთ პირს თავს დაესხნენ.
- 11 დეკემბერს ხუთივე მათგანს აღკვეთის ღონისძების სახით პატიმრობა შეეფარდა. საქმე მოსამართლე მამუკა ყოლბაიამ განიხილა.
32. დავით გვიანიძე
21 წლის დავით გვიანიძე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტია. ის მამუკა ჯორბენაძის დისშვილია და სწორედ მასთან ერთად 9 დეკემბერს დააკავეს. ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.
33. გურამ მიქელაძე
20 წლის გურამ მიქელაძე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტია. ის ლექტორ, მამუკა ჯორბენაძაძესთან ერთად 9 დეკემბერს დააკავეს. ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.
34. ანდრო კაკაბაძე
20 წლის ანდრო კაკაბაძე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტია. ის ლექტორ, მამუკა ჯორბენაძაძესთან ერთად 9 დეკემბერს დააკავეს. ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.
35. გიორგი დავითაძე
22 წლის გიორგი დავითაძე ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის სტუდენტია. ის ლექტორ, მამუკა ჯორბენაძაძესთან ერთად 9 დეკემბერს დააკავეს. ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება.
ზემოთ ჩამოთვლილი დაკავებულების გარდა, ცნობილია კიდევ 10-მდე სისხლის სამართლის საქმე, თუმცა ამ დაკავებულებზე “ნეტგაზეთმა” ამ დროისთვის დამატებითი ინფორმაცია ვერ მოიძია, სია კი საიამ მოგვაწოდა.
36. გიორგი ტერაშვილი – ბრალდებულია 225-ე მუხლით გათავლისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა;
37. ვალერი თეთრაშვილი – ბრალდებულია 225-ე მუხლით გათვალისიწინებული დანაშაულის ჩადენაში: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა;
38. თედო აბრამოვი – ბრალდებულია 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება;
39. ანტონ ჩეჩინი – ბრალდებულია 260-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულში: ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება;
40. სერგი სივაკოვი – ბრალდებულია 225-ე მუხლით გათავლისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა;
41. დ.ხ. – ბრალდებულია 18-229 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: აფეთქების მომზადება.
42. ლ.ჩ – ბრალდებულია 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილი გათვალისწინებულ დანაშაულში: ნივთის დაზიანება, ან განადგურება;
43. ვ.თ – ბრალდებულია 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვაკლისწინებული დანაშაულის ჩადენაში: ჯგუფური ძალადობაში მასში მონაწილეობა;
44. მ.გ. (არასრულწლოვანი) – ბრადებულია 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში: სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.