„სითი მოლთან“, ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტობუსის ზოლი დაემატება – კიდევ რა იცვლება

1 hour ago 2

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო აცხადებს, რომ საბურთალოს რაიონში, სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ მიმდებარედ არსებული „ ქაოსური საგზაო მოძრაობიდან გამომდინარე“, გადაადგილების ახალი სქემა შეიმუშავეს.

უწყება ამბობს, რომ ცვლილებების მიზანია – ნაკადები გადაეწყოს, განიმუხტოს ქაოსური მოძრაობა და გაიზარდოს საგზაო უსაფრთხოება.

სააგენტოს განცხადებით, ამ კვანძზე შეფერხებით მოძრაობდა როგორც კერძო ავტომობილები, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განსაკუთრებით გართულებული იყო მოძრაობა 18-მეტრიანი ავტობუსებისთვის, რომლებსაც საცობში ურთულდებოდათ მანევრირება, „შეფერხება კი მგზავრებში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა“.

„მუნიციპალური ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, თავხელიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტობუსის ზოლი დაემატება, თუმცა არ შეიცვლება სამანქანო ზოლების რაოდენობა არცერთი მიმართულებით.

ასევე, ქავთარაძის ქუჩაზე გამტარუნარიანობის გაზრდის მიზნით, დაემატება ერთი სამანქანო ზოლი, ყაზბეგის გამზირზე კი საგზაო მოძრაობა უცვლელი რჩება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სატრანსპორტო კვანძის სირთულიდან გამომდინარე, საგზაო მონიშვნების დახაზვით პროცესი არ სრულდება. გადაადგილების ახალი სქემის მონიტორინგი ინტენსიურ რეჟიმში გაგრძელდება“, – წერია განცხადებაში.

ფოტო: FB/Misha Romanovi Jr.

სრულად წაკითხვა