“სიმღერის აკადემიაში” ირწმუნებიან, რომ ბავშვის წაქცევა ვერ დაინახეს

1 week ago 9

11.06.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

“სიმღერის აკადემია” ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში, აკადემიის გუნდის წევრი ბავშვის წაქცევის ფაქტს. აკადემიაში აცხადებენ, რომ ხელმძღვანელმა პირებმა ვერ დაინახეს, როგორ წაიქცა ბავშვი. მათი თქმით, გაიგეს მხოლოდ დაცემის ხმა “როდესაც დაცემის ხმის მიმართულებით გაიხედეს, დაინახეს მომღერალ თანაგუნდელებს შორის წამომჯდარი ბავშვი”.

რა ხდება?

9 ივნისს საზოგადოებრივი მაუწყებლის დღის გადაცემაში იმღერა ბავშვთა აკადემიის გუნდმა. სიმღერის დროს ერთ-ერთმა ბავშვმა გონება დაკარგა და დაეცა. თუმცა, როგორც თავად საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული კადრიდან, ისე დარბაზში, ერთ-ერთი ბავშვის მშობლის მიერ გადაღებული უწყვეტი კადრიდან ჩანს, მომხდარზე მყისიერი რეაგირება არავის ჰქონია. ბავშვის დაცემის შემდეგ, ნომერი კიდევ 2 წუთს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში ის წაქცეული იყო, სასიმღერო ნომერი კი გრძელდებოდა.

მომხდარის შესახებ ინფორმაცია მეორე დღეს, 10 ივნისს გაავრცელა ბავშვის ბებიამ, ნინო კუხალეიშვილმა. მისი ინფორმაციით, ბავშვს სერიოზული პრობლემა არ აქვს, თუმცა ის წუხს იმ გულგრილობის გამო, რაც მისი შვილიშვილის მიმართ გამოიჩინეს პასუხისმგებელმა პირებმა.

“სამი წუთის განმავლობაში ბავშვი უყურადღებოდ იწვა იატაკზე. ამ სამი წუთის განმავლობაში არავინ იცოდა, ჰქონდა თუ არა თავის ტრავმა, სჭირდებოდა თუ არა სასწრაფო დახმარება ან საერთოდ რა მდგომარეობაში იყო, მაგრამ ბავშვის უსაფრთხოება მაინც ყურადღების მიღმა დარჩა. სიმღერა დასრულდა და ბავშვები დაიხარნენ არა წინასწარ განსაზღვრული წერტილისკენ, არამედ ანკას სიმაღლის მთელ პერიმეტრზე. ამას იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ ამ შემთხვევის ოდნავ შემამსუბუქებელი ფაქტიც კი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მაინც ითქვა: დავინახეთ, რომ ბავშვი წამოჯდა, ვიფიქრეთ, არაფერი იყო და ამიტომ გავაგრძელეთო. ვერ წამოჯდა ბავშვი.

ღმერთმა გადმოგვხედა და ბავშვი კარგად არის. თითები აქვს ნატკენი, დღეს დავასურათებთ და ყველა საჭირო კვლევა აქვს ჩანიშნული, რათა ყველაფერი ცუდი გამოირიცხოს.

ახლა კი იმის თქმა მინდა, რაც ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დამანახვა. როგორმე უნდა შევუშვათ თავში, პირველ რიგში უფროსებმა, რომ ადამიანი უპირველესია. მასზე მნიშვნელოვანი არაფერი არსებობს. და ახალ თაობას, რომელსაც, ჩვენდა გასაკვირად, ეს ხშირად ჩვენზე უკეთ აქვს გათავისებული, ნუ დავაძალებთ საპირისპიროს, ნუ ვასწავლით, რომ ადამიანის წინ შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი რაღაც დადგეს. სიმღერის აკადემიას, რაც კი გაკვეთილი ჩაუტარებია გუშინდელ დღემდე, ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი გაკვეთილი სწორედ გუშინ მიეცა. მაგრამ ეს გაკვეთილი ვერ ჩაატარეს. ყველაზე მთავარი გამორჩათ – ადამიანი, ბავშვი”, – წერს ნინო კუხალეიშვილი.

საზოგადოების კრიტიკისა და კითხვების შემდეგ, განცხადება გაავრცელა სიმღერის აკადემიამ. ისინი უარყოფენ, რომ ბავშვის მიმართ უყურადღებობა გამოიჩინეს და ამბობენ, რომ ეს აღქმა “არაოფიციალური (დარბაზიდან გადაღებული) კადრები და მასზე საზოგადოების მხრიდან თანდართული ინტერპრეტაციების” გამო შეიქმნა.

“გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელიც ტელევიზიაში, პირდაპირი ეთერის დროს მომხდარ შემთხვევას ასახავს. ჩვენთვის, როგორც ბავშვებზე პასუხისმგებელი გუნდისთვის, თითოეული აღსაზრდელის უსაფრთხოება და კეთილდღეობა უპირველესი ღირებულებაა, ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლით, საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია მომხდართან დაკავშირებით. პირველ რიგში, გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ნებისმიერი ბავშვის ჯანმრთელობის გაუარესება ჩვენთვის უდიდესი ტკივილი და საფიქრალია. მომხდარი ფაქტი თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან განიცადა”, – წერია აკადემიის განცხადებაში.

სიმღერის აკადემია სამ ფაქტორზე ამახვილებს ყურადღებას:

  • სატელევიზიო სპეციფიკა და ხედვა

“პირდაპირი ეთერის დროს, სცენის განათების, ხმამაღალი მუსიკისა და დინამიკის გამო, ხელმძღვანელების მხრიდან უშუალოდ წაქცევის მომენტის დანახვა ვერ მოხდა. სატელევიზიო ეთერში ეს მომენტი საერთოდ არ ჩანს – ხელმძღვანელებმა გაიგეს მხოლოდ დაცემის ხმა და როდესაც დაცემის ხმის მიმართულებით გაიხედეს, დაინახეს მომღერალ თანაგუნდელებს შორის წამომჯდარი ბავშვი”, – წერია აკადემიის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ გონების დაკარგვის შემდეგ ბავშვის წამოჯდომა არ ჩანს არც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ კადრებში და არც დარბაზიდან გადაღებულ, როგორც აკადემიაში უწოდებენ –  “არაოფიციალური კადრებში”. პირველი არხის პირდაპირ ეთერი ბავშვის წაქცევა საერთოდ არ ჩანს – კადრი ზუსტად იმ მომენტში იცვლება, როცა (დარბაზიდან გადაღებული ვიდეოს მიხედვით), ბავშვი იქცევა.

  • თანაგუნდელების მყისიერი რეაქცია

“მოკვლევის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ერთადერთი, ვინც უშუალოდ დაცემის მომენტი დაინახა, მის გვერდით მდგარი ბავშვები იყვნენ, რომლებმაც მყისიერადვე მიაქციეს ყურადღება და გამოელაპარაკნენ მას”, – ამბობენ სიმღერის აკადემიაში.

ბავშვის წაქცევას ხედავს მინიმუმ 6 თანატოლი. კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე მათგანი ინსტინქტურად აპირებს დახრას წაქცეულისკენ, თუმცა ისინი სიმღერას აგრძელებენ. როგორც ბავშვის ბებია წერს, უფროსებმა მათ ანიშნეს, რომ სიმღერა გაეგრძელებინათ. თუმცა, არცერთ კადრში, მათ შორის არც დარბაზიდან გადაღებულ უწყვეტ ვიდეოში არ ჩანს, რომ რომელიმე მათგანი წაქცეულს გამოელაპარაკა, როგორც ამას სიმღერის აკადემიაში ამტკიცებენ.

“ძალიან გთხოვთ, ბავშვებში ნუ ეძებთ პრობლემას. ბავშვები ემორჩილებიან უფროსების მითითებებს, ერთერთია – სახეზე ღიმილით უნდა იმღერონ. ყველა ბავშვს ჩემგან სიყვარული. არანაკლებ დასტრესილები არიან, მერწმუნეთ”, – წერს დაზარალებული ბავშვის ბებია.

მესამე ფაქტორი, რაზეც სიმღერის აკადემია ამახვილებს ყურადღებას არის ის, რომ დაზარალებული ბავშვის ოჯახს თავად გაუზიარეს ვიდეო, რომელშიც მისი წაქცევა ჩანს.

“სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები არის არა სატელევიზიო ეთერიდან, არამედ დარბაზში მყოფი ერთ-ერთი მშობლის ტელეფონით გადაღებული ჩანაწერი. მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა ამ კადრების არსებობის შესახებ, სწორედ ჩვენი გუნდის ხელმძღვანელებმა გადაუგზავნეს აღნიშნული ვიდეო ბავშვის მშობლებს. ეს ნაბიჯი გადაიდგა ერთი მიზნით – მშობლებს სრულყოფილად სცოდნოდათ, როგორ წაიქცა ბავშვი, რათა არცერთი დეტალი არ დარჩენილიყო სამედიცინო ყურადღების მიღმა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავად ბავშვი მორიდების გამო რამეს დამალავდა. საბედნიეროდ, გონების ხანმოკლე დაკარგვის შემდეგ, ბავშვმა თავი კარგად იგრძნო, სრულფასოვნად გააგრძელა თანაგუნდელებთან ერთად ყოფნა და გადაიღო სამახსოვრო ფოტოებიც”, – წერია აკადემიის განცხადებაში.

სიმღერის აკადემიაში ამბობენ, რომ მუდმივ კონტაქტზე არიან ბავშვის ოჯახთან და ყველაფერს აკეთებენ მათ მხარდასაჭერად.

“ჩვენთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის გულგრილობა და კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ბავშვების უსაფრთხოება ჩვენი უმთავრესი პასუხისმგებლობაა. გთხოვთ, ნუ აჰყვებით არასწორ ინტერპრეტაციებს, რომლებიც სცდება რეალობას და ზიანს აყენებს როგორც ბავშვების, ისე ჩვენი გუნდის ემოციურ მდგომარეობას”, – წერია სიმღერის აკადემიის განცხადებაში.

ნეტგაზეთი ცდილობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებასაც, ვის სტუდიაშიც ეს ამბავი მოხდა.

სრულად წაკითხვა