WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სინდისის პატიმარი ანატოლი გიგაური თავისუფალია. მან სრულად მოიხადა ის 2-წლიანი პატიმრობა, რაც 2024 წლის ნოემბერში მომხდარი ინციდენტის გამო სასამართლომ მიუსაჯა და გლდანის ციხე დატოვა.

ციხესთან ანატოლი გიგაურს ოჯახის წევრები, ახლობლები და მხარდამჭერები დახვდნენ.

სამოქალაქო აქტივისტი ანატოლი გიგაური 2024 წლის 25 ნოემბერს, თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დააკავეს. სამოქალაქო საზოგადოებამ და უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა ის მალევე სინდისის პატიმრად მიიჩნიეს. ანატოლი გიგაური ყოფილი პოლიციელია. ის ასევე იყო სამხედრო მოსამსახურეც.

გიგაურის თქმით, მიუხედავად ვიდეომტკიცებულებებისა, სიმართლის დამტკიცება ვერ შეძლო და სახელმწიფომ მას სრულიად უკანონოდ დასაჯა ორწლიანი პატიმრობით:

„ვფიქრობ, სტაბილური ადამიანი ვარ და შესაბამისი აღზრდაც მაქვს. შეიძლება ამ აღზრდაში სახელმწიფომაც მიიღო მონაწილეობა, თუმცა დადგა ისეთი სიტუაცია, როდესაც სახელმწიფომ დამსაჯა და სრულიად უკანონოდ ორი წელი გამატარებინა ციხეში, მაშინ, როცა თავს მე დამესხნენ, მე მაწამეს და საპატიმროშიც მე გამამწესეს.

მიუხედავად ვიდეომტკიცებულებებისა, ჩვენი სიმართლე ვერ დავამტკიცეთ და იმავე მოძალადეებმა მოძალადედ შემრაცხეს. ჩემთვის ყველაზე შეურაცხმყოფელი სწორედ ის იყო, რომ ადამიანს, რომელსაც მუნდირის წინაშე უდიდესი პატივისცემა და ღირსების განცდა გააჩნდა, ბრალი მუნდირის შეურაცხყოფაში დასდეს. ძალიან მძიმე და ამაზრზენი სანახავი იყო მუნდირს უკან დამალული ყველა მოღალატე, არაწესიერი და არასინდისიერი ადამიანი, ისევე როგორც მანტიას ამოფარებული ჩვეულებრივი „ტიტუშკები“. აქ კონკრეტული პირები არაფერ შუაში არიან, ეს იყო სახელმწიფოებრივი დაკვეთა, რომელიც შეასრულეს“.

ჟურნალისტების კითხვაზე, აპირებს თუ არა კვლავ შეუერთდეს ქუჩაში მიმდინარე უწყვეტ საპროტესტო აქციებს, ანატოლი გიგაურმა მოქალაქეებს გაერთიანებისკენ მოუწოდა:

„რაც შეეხება საპროტესტო აქციას, მე ყველას მოვუწოდებ: ვერთიანდებით 28 ნოემბერს! ყველანი ვიქნებით ერთად და რაც უფრო მალე შევძლებთ გაერთიანებას, მით უფრო მალე დავამარცხებთ საქართველოში რუსულ გავლენებს“.

გამოძიება ანატოლი გიგაურს 2024 წლის 18-19 ნოემბერს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე (რომელიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდა) მომხდარ ინციდენტს ედავებოდა. პროკურატურამ მას ბრალი წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელზე თავდასხმა), რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 პროკურატურის მტკიცებით, აქციის მიმდინარეობისას გიგაურმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს, ვახტანგ გაბუნიას, სახის არეში ხელი დაარტყა. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ანატოლი გიგაური და მისი ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე წარდგენილ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდნენ და აცხადებდნენ, რომ აქტივისტის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობა არ არსებობდა.

დაცვის მხარის განმარტებით, ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი თავად პოლიციელი იყო. საქმეში არსებული ვიდეოკადრებით დასტურდებოდა, რომ სამართალდამცველმა ვახტანგ გაბუნიამ პირველმა დაარტყა გიგაურს სახეში, რასაც აქტივისტის მხრიდან მყისიერი, რეფლექსური თავდაცვითი მოძრაობა მოჰყვა. ადვოკატების შეფასებით, ეს ქმედება სრულად ჯდებოდა აუცილებელი მოგერიების (სსკ-ის 28-ე მუხლი) ფარგლებში.

დაცვა მიუთითებდა, რომ გამოძიებამ მოვლენები კონტექსტიდან ამოგლეჯილად შეაფასა — სრულად უგულებელყო პოლიციელის მხრიდან მოქალაქეზე ძალადობის ფაქტი, არ ცნო გიგაური დაზარალებულად და არ დააყენა სამართალდამცველის პასუხისმგებლობის საკითხი.

დაცვის მხარისა და უფლებადამცველების შეფასებით, მძიმე მუხლის გამოყენება და წინასწარი პატიმრობა მიზნად ისახავდა საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაშინებასა და სამაგალითო დასჯას.

საქმის არსებითი განხილვისას, ვიდეომტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების გამოკვლევის შემდეგ, 2025 წლის აგვისტოში თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების კვალიფიკაცია შეცვალა. სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმის მუხლი (353¹) გადააკვალიფიცირა სსკ-ის 353-ე მუხლის პირველ ნაწილზე (წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ) და ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დაცვის მხარემ არც გადაკვალიფიცირებული მუხლით გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი მიიჩნია სამართლიანად და გასაჩივრების გზას მიმართა, რადგან მიიჩნევდა, რომ აუცილებელი მოგერიების პირობებში გიგაური სრულად უნდა გამართლებულიყო.

პროევროპულ აქციებზე დაკავებულმა სინდისის პატიმარმა, ანატოლი გიგაურმა, რომელმაც ორწლიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დღეს დატოვა, მედიასთან მან  ისაუბრა თავის საქმეზე, სასამართლო სისტემაზე, სამართალდამცავი უწყებების კვალიფიკაციასა და სამომავლო პროტესტზე.