WEBO.GE
🚀 საიტების დამზადება
თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე მორგებული ვებსაიტები
📞 579 817 817
შეკვეთა →

სირიის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დამნაშავედ ცნო ადამიანების, მათ შორის ბავშვების განზრახ მკვლელობაში, წამებაში, თვითნებურ დაკავებებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაში და დაუსწრებლად გამოუტანა განაჩენი - სიკვდილით დასჯა.

ინფორმაცია სასამართლოს მიერ 11 აგვისტოს გამოტანილ განაჩენზე სირიის სახელმწიფო სააგენტო „სანამ“ გაავრცელა. ბაშარ ასადზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

სირიის სასამართლომ ანალოგიური ბრალდებებით სიკვდილით დასჯის განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანა ასადის რეჟიმის 8 ძებნილ წარმომადგენელს, მათ შორის ბაშარ ასადის ბიძაშვილ ატეფ ნაჯიბს, რომელიც პოლიტიკური უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა სირიის პროვინცია დერააში.

  • ბაშარ ალ-ასადი სირიის პრეზიდენტი იყო 2000 წლის ივლისიდან 2024 წლის დეკემბრამდე. მისი რეჟიმის მმართველობამ სირიას ფართომასშტაბიანი სამოქალაქო ომი მოუტანა. ასადს სამხედრო ძალით რუსეთი დაეხმარა.
  • 2024 წლის ნოემბრის ბოლოდან სირიის მეამბოხე შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა სამთავრობო ძალებზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს, რამდენიმე დღეში აიღეს ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი ალეპო, კონტროლი დაამყარეს არაერთ სხვა ქალაქზეც და 8 დეკემბრისთვის შევიდნენ დედაქალაქ დამასკში.
  • რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ბაშარ ასადმა ოჯახთან ერთად სირია დატოვა და თავი მოსკოვს შეაფარა.
  • ძირითადი ძალა, რომელმაც ასადის რეჟიმი დაამხო, „ჰაიათ ტაჰრირ ალ შამია“ (HTS). 2025 წლის იანვარში გამოცხადდა, რომ ამ დაჯგუფების ლიდერი აჰმედ ალ-შარაა სირიის პრეზიდენტი იქნება გარდამავალი პერიოდის მთავრობის მოქმედების დროს.