სკოლის მოსწავლე გოგოს "სექსუალური მონობის" ისტორიამ შეძრა ყაზახეთი და გამოააშკარავა ბავშვთა დაუცველობა

2 months ago 16

როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო?

ისევ და ისევ ისმის ეს კითხვა ყაზახეთში მას შემდეგ, რაც 17 წლის სკოლის მოსწავლე გოგონას დედამ გაამხილა, რომ მისი შვილი ექვსი თვის განმავლობაში სექსუალურ მონობაში იყო. მისი კლასელები კი, როგორც გოგოს უფლებადამცველები ამტკიცებენ, ასობით ზრდასრული “კლიენტისგან” იღებდნენ სარგებელს.

აქამდე პასუხი ისევ არ არსებობს.

პოლიცია, რომელიც იძიებს ამ საზარელ საქმეს სამხრეთ-დასავლეთის ქალაქ ქიზილორდაში, საზოგადოებას აფრთხილებს, რომ არ წამოეგონ უფლებადამცველების გავრცელებულ “დეზინფორმაციას”, თითქოს “ბავშვთა მაფიოზური ჯგუფი” აკონტროლებდა სკოლის მოსწავლის ექსპლუატაციას.

მიუხედავად ამისა, 15 აგვისტოსთვის დაკავებულია ოთხი არასრულწლოვანი, რომელთაც ბრალი ედებათ თანატოლების „გაყიდვაში“ სექსუალური მომსახურებისთვის. ისინი დააკავეს ერთ დღეში მას შემდეგ, რაც აქტივისტებმა და ადვოკატებმა ამ შემაძრწუნებელ საქმეზე ონლაინ გამართეს პრესკონფერენცია.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ყაზახეთის ხელისუფლება რთულ ვითარებაში აღმოჩნდა. ბავშვთა დაცვის მოშლილი სისტემა - სკოლიდან დაწყებული სამართალდამცავი სტრუქტურებით დამთავრებული - ისევ საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა.

სულ უფრო და უფრო ახალგაზრდა გოგოები ებმებიან სექსინდუსტრიის ხაფანგში

მსხვერპლის დედის თქმით, რომელმაც ონლაინკონფერენციაზე ანონიმურად ისაუბრა, ამჟამად დაკავებული ოთხი ეჭვმიტანილიდან მინიმუმ ერთი მსხვერპლის ყოფილი მეგობარი იყო.

ორი მეგობარი გოგო ქიზილორდაში, სკოლიდან ნახევარი კილომეტრის რადიუსში ცხოვრობდა, სავარაუდო მეგობარი კი მსხვერპლის სახლში ხშირი სტუმარი იყო.

ამ წლის დასაწყისში, მაშინ ჯერ კიდევ 16 წლის გოგონამ მოუხშირა მეგობართან სტუმრობას და მასთან ღამითაც რჩებოდა.

დედამ თქვა, რომ არ მოსწონდა, რომ მისი შვილი ამდენ დროს ატარებდა გარეთ, მაგრამ არჩია არაფერი ეთქვა.

მან აღნიშნა, რომ სამი გოგოსა და ერთი ბიჭისგან შემდგარი ჯგუფი მის შვილზე ზეწოლისთვის გოგოს შიშველ ფოტოს იყენებდა, შემდეგ კი ხელში მისი ტელეფონიც ჩაიგდეს და დააძალეს დარეგისტრირება სექსმუშაკების საიტზე, რომლის სახელიც ყაზახურიდან ითარგმნება, როგორც “გოგონები".

თვეების შემდეგ, მსხვერპლი ახალგაზრდების ჯგუფს თვეში 6000 დოლარამდე თანხას უგზავნიდა. ამ ფულს მას კლიენტები ურიცხავდნენ, თავისთვის კი მხოლოდ მგზავრობის თანხას იტოვებდა, რადგან თითქმის არ ჭამდა.

თუკი მოძალადეებს თანხის გადარიცხვას დაუგვიანებდა, დედის სიტყვებით, ისინი მოზარდზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ.

ეს ჯგუფი მას, სავარაუდოდ, აძალებდა ნარკოტიკების მიღებასაც - ასე კლიენტები მას მომსახურებაში მეტს უხდიდნენ.

დინა სმაილოვა, ფონდ NeMolchi.kz-ის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ მამაკაცები, რომლებიც მსხვერპლის კლიენტები იყვნენ, იმსახურებენ, რომ „პედოფილებად“ შეირაცხონ, მიუხედავად იმისა, რომ საიტზე გოგოს ეწერა, რომ 18 წლის იყო.

“რეალურად მას კიდევ უფრო პატარას შესახედაობა აქვს, რადგან ტანად ძალიან მომცროა, დიდი-დიდი 14 ან 15 წლისას ჰგავდეს”, - უთხრა სმაილოვამ რადიო თავისუფლებას.

აქტივისტი, რომელიც უშუალოდ შეხვდა მსხვერპლს, აღწერს, რომ ის “ემოციურ სიცარიელეში” იყო. ახლა უკვე პროფესიონალი ფსიქოლოგები ეხმარებიან და სპეციალური სახელმწიფო დაცვის ქვეშაა.

“მას სთხოვდნენ, რომ კლიენტებს მოღიმარი დახვედროდა, რათა ეჭვები გაექრო. კლიენტის წასვლის შემდეგ კი სცემდნენ. ბუნებრივია, რომ მას ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმები აქვს, - თქვა სმაილოვამ და დაამატა, - ჩვენ ვაკვირდებით ტენდენციას, რომ სექსსამუშაოში სულ უფრო და უფრო ახალგაზრდა გოგოებს აბამენ”.

“საიტზე გარკვეული კოდები აქვთ, რითაც მიანიშნებენ, რომ გოგო არასრულწლოვანია. გვქონდა ერთი შემთხვევა, რომელსაც ალმატიში ვიძიებდით…გოგონებს თმას ჭრელად უღებავდნენ, ასე მიანიშნებდნენ კლიენტს, რომ ისინი არასრულწლოვანები იყვნენ“, - თქვა სმაილოვამ.

“სიკვდილის შიში”

იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ ხანს გრძელდებოდა ძალადობა ბავშვზე, სოციალურ ქსელებსა და მედიაში მსჯელობენ მსხვერპლის დედის საქციელზეც. როგორ შეეძლო მას არაფერი სცოდნოდა, ძალადობის სიმძიმის და მისი ხანგრძლივობის გათვალისწინებით.

როდესაც სკოლის მოსწავლის სექსუალური ტყვეობის სიმძიმე და ხანგრძლივობა გაიზარდა, მან ჯერ გაკვეთილების გაცდენა დაიწყო, შემდეგ ღამეებს სახლში აღარ ათენებდა, ბოლოს კი საერთოდ აღარ ბრუნდებოდა ოჯახში.

სმაილოვამ აღნიშნა, რომ ოჯახის მიმართ კრიტიკა გასაგებია, მაგრამ ყაზახეთის [სახელმწიფო] სისტემა “ზეწოლას ახდენს მშობლებზე”, რომლებიც ცდილობენ გამოიკვლიონ, რა პრობლემები აქვთ მათ შვილებს სკოლაში.

იგივე თქვა მსხვერპლის დედამაც პრესკონფერენციაზე. მისი მტკიცებით, არაერთხელ მიმართა სკოლას თავისი ქალიშვილის შეცვლილი ქცევისა და გაუარესებული აკადემიური მოსწრების გამო.

“რადგან სკოლიდან არანაირი დახმარება არ მიმიღია და მუქარებით გამისტუმრეს, მივმართე არასრულწლოვანთა პოლიციას და ადგილობრივ ინსპექტორს. მაგრამ იგივე მოხდა. ისინიც დამემუქრნენ და მითხრეს, რომ შვილს წაგვართმევდნენ და მშობლის უფლებებს დავკარგავდით. ისინი სრულიად არაპროფესიონალები იყვნენ, თითს ჩვენკენ იშვერდნენ, გვარცხვენდნენ მასაც და ჩვენც“, - თქვა მსხვერპლის დედამ.

არც მის ქალიშვილს არ უნდოდა ჩივილი, თუმცა დედის თქმით, ის 6 აგვისტოს „სიკვდილის შიშმა“ დააბრუნა ოჯახში. მსხვერპლს ერთ-ერთი მოძალადე გოგო დაემუქრა, რომ თუ 250 000 ტენგეს (დაახლოებით 520 დოლარი) ვერ გამოიმუშავებდა, მოკლავდა.

“ერთი ინსტაგრამელი მეგობარი დაეხმარა, რომ სახლში დაბრუნებულიყო. ყველაფერს მოგვიყვა. ჭუჭყიანი და ჩალურჯებული იყო. მის კანზე ყველანაირი კვალი ჩანდა. ბრალს წავუყენებ ყველას, ვინც მას შეეხო, 1000 ადამიანზე მეტს, ყველას, ვისაც სასტუმროებში და საუნებში დაჰყავდა", - ამბობს დედა.

ქიზილორდის პოლიციამ 14 აგვისტოს დაადასტურა, რომ ეჭვმიტანილთა მშობლების წინააღმდეგ საქმე აღიძრა „არასრულწლოვანის აღზრდის მოვალეობის შეუსრულებლობის“ ბრალდებით.

თუმცა მსხვერპლის ახალგაზრდა ნათესავმა რადიო თავისუფლების ყაზახურ სამსახურს ანონიმურობის პირობით უთხრა, რომ ოჯახი ახლა ითხოვს ერთ-ერთი მშობლის გასამართლებას, რადგან თვლის, რომ ის შესაძლოა დანაშაულის თანამონაწილე ყოფილიყო.

თავად ეჭვმიტანილებს ბრალად ედებათ „არასრულწლოვანთა პროსტიტუციაში იძულებით ჩაბმა“.

16 აგვისტოს ქიზილორდის პროვინციის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ პროვინციის გუბერნატორმა ბრძანება გასცა იმ სკოლის დირექტორისა და სხვა თანამშრომლების გათავისუფლებაზე, რომელშიც მსხვერპლი სწავლობდა.

„პრესკონფერენციის შემდეგ [ხელისუფლების წარმომადგენლებმა] ძალიან აქტიურად დაიწყეს მუშაობა“, - ამბობს სმაილოვა.

თუმცა მანამდე მსხვერპლის დედამ თქვა, რომ პოლიციამ გააფრთხილა, შორს დაეჭირა თავი სმაილოვასგან, რომელმაც გამოავლინა არაერთი ოფიცრის ჩართულობა სექსუალურ შევიწროებასა და კორუფციაში. ყაზახეთში დაბრუნების შემთხვევაში, მას თაღლითობის ბრალდების წაყენება ემუქრება.

ეს ყველაფერი ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლების პრიორიტეტია შემაძრწუნებელი ინციდენტების შესახებ ინფორმაციის გავრცელების პრევენცია და არა მსგავსი ინციდენტების თავიდან აცილება.

სმაილოვა ამტკიცებს, რომ ასეთი მიდგომაა იმის მიზეზი, რომ კონსერვატიულ პროვინციებში სექსუალური მონობის შემთხვევებია, მსხვერპლებს კი ხშირად არ აქვთ მხარდაჭერა.

გასულ წელსაც მოხდა ტრაგედია სამხრეთ ყაზახეთის ქალაქ თურქესტანში, როდესაც 17 წლის გოგონა მეექვსე სართულიდან გადახტა მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, კლიენტს უარი უთხრა სექსუალურ მომსახურებაზე. ისიც ყაზახურ ვებსაიტ „გოგონებზე" იყო დარეგისტრირებულიო, ამბობს სმაილოვა.

“ვიცით, რომ გოგონა გადარჩა, მაგრამ დღემდე არ ვიცით, როგორ დაიხურა ეს საქმე”, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

რადიო თავისუფლების ყაზახურმა სამსახურმა სცადა, დაჰკავშირებოდა სკოლას და პოლიციას ქიზილორდაში, თუმცა სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის პასუხი არ მიუღია.

თარგმანი: ანასტასია კურდღელია

სრულად წაკითხვა