WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებით, ამ ეტაპზე სნოს საჯარო სკოლის არსებული შენობის დემონტაჟისა და ახალი სკოლის მშენებლობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

ფონდი უარყოფს, რომ სკოლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა.

„სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს გაუქმების შემდეგ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სკოლების რეაბილიტაციისა და მშენებლობის რამდენიმე ათეული პრობლემური პროექტი გადაიბარა. საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სკოლის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 2 261 583,96 ლარის საერთო ღირებულებიდან კონტრაქტორ კომპანია „დიკა 2010-სთვის“ ჩარიცხულია მხოლოდ 148 894,10 ლარი.

აღნიშნული თანხა შენობის შიდა და გარე მოპირკეთების დემონტაჟის სამუშაოებისთვის იყო გათვალისწინებული. ობიექტის მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის გადაცემის შემდეგ დაიწყო პროექტისა და შენობის არსებული მდგომარეობის დეტალური შესწავლა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადასტურდა, რომ საწყისი საკონსტრუქციო პროექტი ხარვეზებს შეიცავდა. ამჟამად, ფონდის მოთხოვნით, მიმდინარეობს დამატებითი სიღრმისეული კვლევა, მათ შორის გეოლოგიური კვლევა და შენობის ავარიულობის კატეგორიის დადგენა. ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ასევე ამუშავებს განაცხადს შენობის ტექნიკური მდგომარეობის დამატებითი შესწავლის მიზნით“, — ნათქვამია განცხადებაში.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ცნობით, სნოს სკოლასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები გაიმართა როგორც ადგილზე, სნოში, ისე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში და საბოლოო გადაწყვეტილება კვლევებისა და ექსპერტიზის შედეგების საფუძველზე იქნება მიღებული.

„საბოლოო ტექნიკური გადაწყვეტა უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეების უსაფრთხოებას, შენობის ისტორიულ მნიშვნელობასა და ხარისხის ყველა შესაბამის სტანდარტს. სამუშაოები განახლდება მას შემდეგ, რაც სპეციალისტების დასკვნებზე დაფუძნებული, უსაფრთხო და ტექნიკურად გამართული გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, — აცხადებს მუნიციპალური განვითარების ფონდი.