- „აყვავებული სომხეთის“ ლიდერ გაგიკ წარუკიანს 9 ივნისს ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი; ის აეროპორტიდან უკან დააბრუნეს;
- გაგიკ წარუკიანს ბრალად ედება დიდი ოდენობით გადასახადებისგან თავის არიდება, - წერს „არმენპრესი“ გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით.
რა მოხდა ამის შემდეგ
22 ივნისს სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა გევორგ პაპოიანმა ფეისბუკზე დაწერა, რომ გაგიკ წარუკიანის კაზინოს, „შანგრი ლას“ ლიცენზია გაუუქმეს.
„შანგრი ლა“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კაზინოა სომხეთში და გაგიკ წარუკიანის შემოსავლის ერთ-ერთი წყარო.
მცირე ხნით ადრე, გასულ კვირაში, ერევნის მუნიციპალიტეტმა გადაწყვიტა, შეეწყვიტა იჯარის ხელშეკრულება დედაქალაქის ცენტრში, მრგვალ პარკში მდებარე „მულტი-ველნეს ცენტრისათვის“.
ეს „ველნეს ცენტრიც“ წარუკიანის საკუთრებაა.
კიდევ უფრო ადრე, არჩევნების წინ, 2026 წლის 20 მაისს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა: „ძალიან მალე „აყვავებული სომხეთის“ პარტიის ლიდერის ბიზნეს-ხერხემალი, არარატის ცემენტის ქარხანა, სახელმწიფო საკუთრებაში იქნება და სომხეთის რესპუბლიკის საკუთრებაში გადავა“.
„ზეწოლით ვერაფერს მიაღწევენ“
გაგიკ წარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთის“ (PAP) პარლამენტის წევრობის კანდიდატი სურენ სურენიანცი ამბობს, რომ დარწმუნებულია, „ხელისუფლება ზეწოლით ვერაფერს მიაღწევს“.
ის წარუკიანის საკუთრებაში არსებულ ბიზნესებში შემოწმებებსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს გაგიკ წარუკიანის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.
წარუკიანი წარსულში გარკვეული პერიოდი დისტანცირებული იყო პოლიტიკიდან. ამჯერადაც წავა თუ არა „აყვავებული სომხეთის“ ლიდერი პოლიტიკიდან, იმის გათვალისწინებით, რომ არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ზეწოლად მიიჩნევს, სურენიანცი ასე პასუხობს :
„მოსალოდნელია, რომ გაგიკ წარუკიანი ციხეშიც კი აღმოჩნდეს, [ამის მიუხედავად] ხელისუფლებასთან კომპრომისზე წასვლა არ მოხდება“, - განუცხადა სურენიანცმა რადიო თავისუფლებას.
ოპოზიციონერებს ქვეყნიდან გასვლა აუკრძალეს
- 12 ივნისს ქვეყნიდან არ გაუშვეს სამველ კარაპეტიანის ძმისშვილი, პარტია „ძლიერი სომხეთის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ნარეკ კარაპეტიანი.
- 14 ივნისს სომხეთიდან არ გაუშვეს არც ექსპრეზიდენტი ქოჩარიანი, რომელიც რუსეთში მიემგზავრებოდა;
- ამასთან, ქვეყნის დატოვება აკრძალული აქვს ნარეკ კარაპეტიანის ბიძას, მილიარდერ ბიზნესმენს, რუსეთ-სომხეთის მოქალაქე სამველ კარაპეტიანს. მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა აქვთ შეფარდებული.
14 ივნისს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც მიმართა სამივე ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, სამველ კარაპეტიანს, რობერტ ქოჩარიანსა და გაგიკ წარუკიანს:
„ნუ იჩქარებთ ბარგის ჩალაგებას. [საარჩევნო] კამპანიის დროსაც ვთქვი: სომხეთიდან გაქცევის შესაძლებლობაზე იოცნებებთ და ეს შესაძლებლობა ვერ გექნებათ“.
ფაშინიანის განცხადებით, ხალხი ცალსახად მოითხოვს „სამთავიანი მაფიის მუხლებზე დაჩოქებას, მის განადგურებას და ეს აუცილებლად უნდა მოხდეს“.
მანამდე, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, 8 ივნისს ფაშინიანმა გაიმეორა, რომ წარუკიანი, - ასევე ოპოზიციონერები, რობერტ ქოჩარიანი და სამველ კარაპეტიანი, - პასუხისგებაში უნდა მისცენ.
წარუკიანის პარტიამ არჩევნებში ხმების 3.996% მიიღო საარჩევნო ბარიერის გადასალახად 0.004 პროცენტული პუნქტი დააკლდა.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·