სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა რუსეთის მოქალაქე ბლოგერის, ნადეჟდა პიროჟკოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ეროვნული შუღლის გაღვივების ბრალდებით. ამის შესახებ სააგენტო რია ნოვოსტის განუცხადა სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსპიკერმა კიმა ავდალიანმა.
საქმე მას შემდეგ აღიძრა, რაც სომხეთში მცხოვრებმა ბლოგერმა მკვეთრი ფორმით გააკრიტიკა ვარდავარის ტრადიცია, რომლის დროსაც ადამიანები ერთმანეთს წყალს ასხამენ. წელს ვარდავარი 12 ივლისს აღინიშნა.
საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციით, პიროჟკოვას პუბლიკაციასთან დაკავშირებით დანაშაულის შესახებ განცხადება შევიდა, რის საფუძველზეც მის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
ერევანში მცხოვრებ რუს ბლოგერს, ნადეჟდა პიროჟკოვას, ვარდავარის დღესასწაულის დროს წყალი შეასხეს, რის შემდეგაც მან სოციალურ ქსელში აღშფოთებული ვიდეო გამოაქვეყნა.
პიროჟკოვამ განაცხადა, რომ იმ ადამიანებისთვის წყლის გადასხმა, რომლებიც დღესასწაულში მონაწილეობას არ აპირებენ, აგრესიისა და უტაქტობის გამოვლინებაა. მან ასევე „სთორის“ განყოფილებაში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ასხამს დღესასწაულის ერთ-ერთი მონაწილე წყალს.
ამის შემდეგ ბლოგერმა სომეხ ხალხს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა და განაცხადა, რომ წყლის გადასხმის გამო ტანსაცმელი გაუფუჭდა.
ვიდეოების გავრცელების შემდეგ პიროჟკოვა სომხურ სოციალურ ქსელებში მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა, მოგვიანებით კი ამ ფაქტით სამართალდამცავი ორგანოებიც დაინტერესდნენ.
ბლოგერს ბრალად ედება „საჯარო განცხადებების გაკეთება, რომლებიც მიმართულია სიძულვილის, დისკრიმინაციის, შეუწყნარებლობის ან მტრობის გაღვივების, ან პროპაგანდისკენ და რომლებიც საჯაროდ გავრცელებული ნამუშევრების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ან საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით არის განხორციელებული“.
ავდალიანის თქმით, პიროჟკოვა საგამოძიებო კომიტეტში გადაიყვანეს და მის მიმართ ქვეყნიდან გაუსვლელობის შესახებ ვალდებულება გამოიყენეს.
აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით მაქსიმუმ ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·