სომხეთში ქოჩარიანის წინააღმდეგ საქმის აღძვრის ნებართვა გასცეს

13 hours ago 4

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ოპოზიციური ბლოკის „სომხეთის“ ლიდერისა და ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის ნებართვა გასცა (ქოჩარიანის ბლოკმა 7 ივნისის არჩევნებში ბარიერი გადალახა და პარლამენტში გავიდა).

ამის შესახებ ქოჩარიანის ადვოკატმა, არამ ორბელიანმა, ცესკოს შენობასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს ფულის გათეთრების მუხლიც დაემატა.

ადვოკატის განცხადებით, ცესკოს წევრებმა სხდომაზე განაცხადეს, რომ საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და პოლიტიკურ კონტექსტს არ განიხილავდნენ, რაც, მისი შეფასებით, საქმის პოლიტიკურ მოტივაციაზე მიუთითებს.

პროკურატურის შუამდგომლობა 2004 წლის გარიგების საკითხს უკავშირდება. გამოძიების ვერსიით, ერევანში მიწის ნაკვეთი მთავრობის გადაწყვეტილებით იჯარით გაიცა, ხოლო 2008 წელს, ქოჩარიანის საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ, მისმა შვილმა, სედრაკ ქოჩარიანმა წილი შეიძინა კომპანიაში, რომელიც აღნიშნულ ნაკვეთს იჯარით ფლობდა.

16 ივნისს სომხეთის პროკურატურამ ცესკოს ოფიციალურად მიმართა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმის აღძვრის ნებართვის მისაღებად.

იქამდე, 14 ივნისს ქოჩარიანის ოფისმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსი პირადი საკითხების გამო სამდღიანი ვიზიტით საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა, თუმცა რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა.

წარუკიანის შემდეგ, სომხეთიდან გასვლის უფლება არც რობერტ ქოჩარიანს მისცეს

სრულად წაკითხვა