რუსული ავიაკომპანია Nordwind Airlines 18 სექტემბრიდან 24 ოქტომბრამდე რიგი მიმართულებებიდან რეისებს სოჭის ნაცვლად ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის აეროპორტში შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნდა.
ავიაკომპანია ცვლილების მიზეზს არ აკონკრეტებს, თუმცა გადაწყვეტილება იმ ფონზე მიიღეს, როდესაც სოჭის აეროპორტი ხშირად იხურება უკრაინული დრონების საფრთხის გამო. ფრენები მრავალსაათიანი დაგვიანებით სრულდება სხვადასხვა ქალაქიდან, მათ შორის თბილისი-სოჭისა და ბათუმი-სოჭის მიმართულებებზე.
Nordwind აშშ-ის საექსპორტო შეზღუდვებისა და უკრაინის სანქციების ქვეშაა. მას, საავიაციო უსაფრთხოების „შავ სიებში“ ყოფნის გამო, ეკრძალება ფრენები ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში.
საიდან შესრულდება ფრენები სოხუმში?
Nordwind სოჭის მიმართულებით რეისებს აუქმებს და მათ ნაცვლად სოხუმის მიმართულებას ამატებს რუსეთის 15 ქალაქიდან:
- ორენბურგი
- ტომსკი
- სიქტივკარი
- ნოვოკუზნეცკი
- პერმი
- სანქტ-პეტერბურგი
- კემეროვო
- ნიჟნი-ნოვგოროდი
- მაგნიტოგორსკი
- ნიჟნეკამსკი
- ნიჟნევარტოვსკი
- ომსკი
- ბარნაული
- ყაზანი
- უფა
გაუქმებული რეისების მგზავრებს ავიაკომპანია თანხის დაბრუნებას ან ბილეთის გადაცვლას სთავაზობს.
სოხუმის აეროპორტმა 30-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი რეგულარული სამგზავრო რეისი 2025 წლის 1 მაისს მიიღო. მას შემდეგ რუსეთიდან სოხუმის მიმართულებით ფრენების გეოგრაფია გაფართოვდა. დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლების მონაცემებით, 2026 წლის დასაწყისიდან სოხუმის აეროპორტმა 170 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა.
სოხუმის აეროპორტის ამოქმედებას და რუსეთიდან რეგულარული რეისების დაწყებას საქართველოს ხელისუფლება უკანონოდ მიიჩნევს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფრენები არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონსა და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის, ICAO-ს კონვენციას.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განმარტებით, სოხუმის აეროპორტი საქართველოს მიერ სერტიფიცირებული არ არის და ქართული მხარე იქ საავიაციო უსაფრთხოებასა და უშიშროებაზე ზედამხედველობას ვერ ახორციელებს. საქართველოს მხარე ასევე აღნიშნავს, რომ ICAO მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საჰაერო სივრცეზე.
radiotavisupleba ახალი ამბები