სოხუმში განის დელეგაცია ჩავიდა

2 hours ago 2

სოხუმში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა მიიღო განის რესპუბლიკის დელეგაცია, რომელიც აფხაზური მხარის ცნობით, “ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა სოხუმის დაარსების 2510 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად”.

როგორც დე ფაქტო საგარეო უწყება აცხადებს, “შეხვედრა მეგობრულ, ნდობაზე დაფუძნებულ და კონსტრუქციულ გარემოში გაიმართა, რამაც საფუძველი ჩაუყარა აქტიურ დიალოგს განის რესპუბლიკასთან, როგორც აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთ პერსპექტიულ პარტნიორთან”.

„აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პირადად ჩემი სახელით გულითადად მივესალმები განის რესპუბლიკის ავტორიტეტულ წარმომადგენლებს აფხაზურ მიწაზე. თქვენ გრძელი გზა გამოიარეთ და დღევანდელი ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი და სიმბოლური მოვლენაა. ჩვენ ვიცნობთ და მაღალ შეფასებას ვაძლევთ განის რესპუბლიკას, როგორც აფრიკის კონტინენტის ძლიერ, სტაბილურ და მაღალგანვითარებულ სახელმწიფოს, რომელსაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი და თანამედროვე ინფრასტრუქტურა აქვს. ჩვენთვის პატივისა და სიხარულის საგანია ჩვენი განელი მეგობრების მიღება,“ – ავრცელებს უწყება ბარციცის ციტატას.

დე ფაქტო საგარეო საქმეთა უწყების ცნობითვე, მან სტუმრებს დეტალურად გააცნო აფხაზეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ “აფხაზეთის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაციასთან მტკიცე და ურყევ სამოკავშირეო ურთიერთობებზე დაყრდნობით, რომელთანაც აქტიურად ვითარდება სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო და კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირები, პარალელურად საერთაშორისო კონტაქტების დივერსიფიკაციის აქტიურ პოლიტიკასაც ატარებს”.

ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ აფრიკული მიმართულება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს და აფხაზეთი ეკონომიკის, ვაჭრობისა და განათლების სფეროებში აფრიკის რამდენიმე სახელმწიფოსთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დამყარებაზე მუშაობს.

ამასთან, როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე სოხუმსა და განის რესპუბლიკაში მდებარე ამავე სახელწოდების [სოხუმი] მუნიციპალიტეტს შორის დაძმობილების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი.

ოლეგ ბარციცმა გამოთქვა რწმენა, რომ ქალაქების სახელწოდებების დამთხვევა სიმბოლური ნიშანია, ხოლო შეთანხმება „ორმხრივი მოძრაობის მქონე ქუჩას“ გაუხსნის გზას, რომელზეც ორი მხარე ერთმანეთისკენ ივლიან.

“ამიერიდან განის კარი ღიაა ჩვენი აფხაზი ძმებისთვის,“ – ციტირებს დე ფაქტო სამინისტრო განის დელეგაციის ხელმძღვანელს.

სრულად წაკითხვა