დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა, ბრიტანული მრავალრიცხოვანი მედიასაშუალებების თანახმად, შესაძლოა, ორშაბათს გამოაცხადოს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. როგორც Observer წერს წყაროებზე დაყრდნობით, სტრამერი სულ უფრო და უფრო მეტი ზეწოლის ქვეშაა ლეიბორისტული პარტიის ხელმძღვანელობის, მათ შორის, თავისივე კაბინეტის წევრთა მხრიდან. ამასთან, იზრდება პარლამენტის იმ დეპუტატთა რიცხვი, რომლებიც მხარს უჭერენ მანჩესტერის მერი, ენდი ბერნემის კანდიდატურას ლეიბორისტთა ლიდერისა და მომავალი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე.
ოფიციალურად არც სტარმერს და არც პრემიერის კანცელარიას არ დაუდასტურებიათ, რომ ორშაბათს გადადგომის შესახებ გამოცხადდება. მაგრამ ეს ცნობები ირიბად დაადასტურა ერთ-ერთმა მინისტრმა, რომელმაც ბრიტანეთის მედიას უთხრა, რომ უკანასკნელ დღეებში პრემიერთან ერთად განიხილეს „პოლიტიკური რეალიები“.
ამასთან, როგორც მედია იტყობინება, არ არის მოსალოდნელი, რომ სტარმერი უკვე ორშაბათსვე გადადგეს. როგორც ჩანს, ის დარჩება თავის თანამდებობაზე უახლოესი კვირების განმავლობაში, სანამ გაირკვევა მისი მემკვიდრის საკითხი. გაურკვეველია, პარტიის ახალი ლიდერის არჩევნები რამდენიმე კანდიდატის მონაწილეობით გაიმართება თუ ბერნემი საკმარის მხარდაჭერას მიიღებს, რათა მაშინვე გამოცხადდეს სტარმერის მემკვიდრედ.
18 ივნისს ენდი ბერნემმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა თემთა პალატაში არჩევნებზე ერთ-ერთ ოლქში, რომელიც მისთვის სპეციალურად გაათავისუფლა დეპუტატმა ლეიბორისტმა, რომელმაც მანდატი დათმო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ოლქში პოპულარულია ნაიჯელ ფარაჯის პოპულისტური რეფორმების პარტია, ბერნემმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, რაც, მისი მომხრეების აზრით, იმის მომასწავებელია, რომ მისი ხელმძღვანელობით ლეიბორისტები ეროვნულ დონეზეც შეძლებენ, წარმატებით გაუწიონ კონკურენცია რეფორმების პარტიას, რომელიც ლიდერობს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაში. ორშაბათს ბერნემი ფიცს დადებს როგორც თემთა პალატის წევრი, რაც ფორმალურად გაუხსნის მას გზას პრემიერის თანამდებობის დასაკავებლად. თავად მას ჯერ ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ აპირებს ამ პოსტისთვის ბრძოლას.
ლეიბორისტებმა სტარმერის ხელმძღვანელობით ორი წლის წინ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს არჩევნებში. მაგრამ მათი პოპულარობა მკვეთრად დაეცა სხვადასხვა საკითხის ფონზე. მათ შორისაა ეკონომიკური პრობლემები, არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული დაძაბულობა, აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩად პიტერ მანდელსონის დანიშვნა, რომელიც დანაშაულებში მხილებული ჯერფი ეპსტინის მეგობარი აღმოჩნდა.

2 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·