სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა – SJC

2 hours ago 2

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიცია აუკრძალა.

ცენტრის ცნობით, დღეს, 15 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა არ დააკმაყოფილა აფგან სადიგოვის სააპელაციო საჩივარი, რომელიც საქართველოში მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმას ეხებოდა.

“აღნიშნული სასამართლო იყო უკანასკნელი ინსტანცია, რომელსაც დევნილი ჟურნალისტისა და რედაქტორის უფლებების დაცვა და მისი ექსტრადიციის შეჩერება შეეძლო. ამით, აფგან სადიგოვის საქმის განხილვა საქართველოს ეროვნულმა სასამართლოებმა დაასრულეს,”- ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 2025 წლის 10 იანვარს (მანამდე კი 2024 წლის 9 დეკემბერს) მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და სასამართლო რეგლამენტის 39-ე წესის შესაბამისად, მოითხოვა დროებითი ღონისძიების (Interim measure) გამოყენება და აზერბაიჯანში აფგან სადიგოვის ექსტრადიციის შეჩერება. განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული მექანიზმი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს უფლებების დარღვევის მაღალი და შეუქცევადი რისკი და საჭირო ხდება სახელმწიფოების კონვენციის საწინააღმდეგო ქმედებების შეჩერება.

“ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა და 2025 წლის 14 იანვარს მიიღო გადაწყვეტილება, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას მიუთითა, რომ მხარეთა ინტერესებისა და მის წინაშე სათანადო სამართალწარმოების წარმართვისთვის, სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის საფუძველზე, აფგან სადიგოვი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან მე-7 დღემდე არ უნდა გადაეცეს აზერბაიჯანის რესპუბლიკას. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საჩივარს 41-ე წესის საფუძველზე უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი.

ეს გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ ევროპული სასამართლოს შუალედური გადაწყვეტილებაა, რადგან ეროვნული სასამართლოების დონეზე ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული საქმის განხილვა. ამასთან, არსებობდა თეორიული შანსი, რომ სააპელაციო სასამართლოს დაეკმაყოფილებინა აფგან სადიგოვისთვის საქართველოში საერთაშორისო დაცვის სტატუსის მინიჭება. ევროპული სასამართლო არ შეიჭრა ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაში და დაელოდა ეროვნული დონეზე სამართლებრივი დაცვის მექანიზმების ბოლომდე ამოწურვას. საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე ევროპული სასამართლო სწორედ ეროვნული სასამართლოების საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ მიიღებს,”- ნათქვამია განცხადებაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ორგანიზაცია აგზავნის წერილს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ.

“ჩვენ ვითხოვთ, დროებითი ღონისძიების მოქმედების ვადის გაგრძელებას, რაც უზრუნველყოფს აფგან სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციის დაუშვებლობას, სანამ ევროპული სასამართლო ამ საქმეზე არსებით და საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს,”- ნათქვამია განცახდებაში.

სრულად წაკითხვა