ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხუთი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის – „სოციალური სამართლიანობის ცენტრის”, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” და „საფარის” საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე საჩივარზე კომუნიკაცია დაიწყო, რაც საქმის არსებითი განხილვის დაწყებას გულისხმობს.
საუბარია “პირბადეების საქმეზე”, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაციების ანგარიშები დააყადაღეს და შეზღუდვა ამ დრომდე არ მოუხსნიათ.
ორგანიზაციებმა ევროპულ სასამართლოს 2025 წლის 15 ოქტომბერს მიმართეს.
“აღნიშნულ სარჩელს ევროპულმა სასამართლომ მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო წინასწარ აფასებს, რომ აღნიშნულ საქმეს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული გავლენა სასამართლოს პრაქტიკაზე, ეროვნულ კანონმდებლობასა და უფრო ფართო უფლებრივ და საზოგადოებრივ საკითხებზე.
საქმის არსებითი განხილვის ამ რეჟიმში დაწყება მნიშვნელოვანი გზავნილია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შეზღუდვას, ადამიანის უფლებადაცვითი საქმიანობის კრიმინალიზებასა და დამოუკიდებელი ორგანიზაციების დევნას, დაექვემდებარება საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებას და ვერ დარჩება სათანადო რეაგირების გარეშე”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.
2025 წლის 27 აგვისტოს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, შვიდი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. ეს ორგანიზაციებია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი”, „საფარი”, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდი”, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” (IDFI), „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება”, „დემოკრატიის მცველები” და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” (GDI).
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების ყადაღა განხორციელდა გამოძიების ფარგლებში, რომელიც დაიწყო 2025 წლის 8 თებერვალს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მოთხოვნით. გამოძიებას პროკურატურა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთობლივად აწარმოებენ სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით: 318-ე მუხლის 1-ელი ნაწილი (საბოტაჟი), 19-318-ე მე-2 ნაწილი (დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობა), 319-ე მუხლის (უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება) და 3211-ე მუხლის (საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსება ან ამგვარი საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერა). აღნიშნული დანაშაულები 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამოქალაქო ორგანიზაციების შეფასებით, პროკურატურის განცხადებები, ისევე როგორც სასამართლოს გადაწყვეტილება ყადაღის დადების თაობაზე სრულიად დაუსაბუთებელია და საქმეში არ არსებობს დანაშაულებრივი ქმედების დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება. 2024 წელს გამართული მასობრივი პროევროპული საპროტესტო აქციების დროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლი გამოიხატებოდა საპოლიციო ძალების მიერ ადამიანის უფლებების უმძიმესი დარღვევების დოკუმენტირებაში, წამებისა და სასტიკი ძალადობის მსხვერპლი პროტესტის მონაწილეების, ასევე, უკანონოდ და თვითნებურად დაკავებული დემონსტრანტებისთვის უფასო იურიდიული დახმარების გაწევაში.
“კერძოდ, პოლიციის მიერ სასტიკი ძალადობით დაშლილი აქციების დროს (რაც დადასტურებულია სახალხო დამცველის, ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და არა ერთი საერთაშორისო ორგანიზაციისა და მექანიზმის მიერ), ორგანიზაციების თანამშრომლებისა, რომლებიც ადგილზე შეკრებების მონიტორინგს ატარებდნენ და ასევე ადგილზე მომუშავე ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის მხოლოდ რამდენიმე ერთეული დამცავი საშუალების შეძენა არ შეიძლება ჩაითვალოს კანონსაწინააღმდეგო ქმედებად. მით უფრო, რომ ორგანიზაციების მიერ შეძენილი არ ყოფილა არც ერთი კანონსაწინააღმდეგო ნივთი, მათი შესყიდვა კი ორგანიზაციის მიერ მოხდა დადგენილი პროცედურებით და სრულად გამჭვირვალედ, შესაბამისი დოკუმენტების შემოსავლების სამსახურში წარდგენის გზით, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ორგანიზაციები კანონიერი და საკუთარი თანამშრომლების და ჟურნალისტების სამუშაო პირობების უსაფრთხოების დაცვის კეთილსინდისიერი განზრახვით მოქმედებდნენ. უფრო მეტიც, არა ერთი საერთაშორისო რეკომენდაცია მოუწოდებს პროტესტების მონიტორინგისა და გაშუქების პროცესში ჩართულ ორგანიზაციებს მიიღონ სპეციალური ზომები საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოების დასაცავად”, – აცხადებენ ორგანიზაციები.
მათივე შეფასებით, შემაშფოთებელი და სრულად დაუსაბუთებელია პროკურატურის შეფასებები, რომელიც 2024 წლის გაზაფხულისა და შემოდგომის მასობრივ აქციებს ბლანკეტურად ძალადობრივად, არამშვიდობიანად მიიჩნევს და ამ პროტესტში მონაწილეობას ან მის მხარდაჭერას ავტომატურად კანონგარეშედ აცხადებს, რაც არ არის დადასტურებული არც ერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ. პროტესტის მონაწილეების პოლიციასთან დაპირისპირების ცალკეული ეპიზოდები აუცილებლად უნდა გაიმიჯნოს მთლიანობაში მშვიდობიანი შეკრებისგან და როგორც არა ერთ ზემოთ აღნიშნულ მონიტორინგის დოკუმენტშია მითითებული, ის ხშირად პოლიციის ქმედებებით იყო განპირობებული.
გარდა ამისა, პროკურატურა ზოგიერთ შემთხვევაში სწავლობდა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიერ პროტესტთან კავშირში გამოხატულ მოსაზრებებს.
“თუმცა აღნიშნულ მოსაზრებებზე გამოძიების ფარგლებში აპელირება ასევე დაუსაბუთებელია, რადგან გამოძიების ფარგლებში განხილული ყველა განცხადება და სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული სტატუსი მშვიდობიან შინაარსს ატარებდა და გამოხატვის თავისუფლებით იყო დაცული. ევროპული კონვენციის მე-10 მუხლითა და ქართული კანონმდებლობის მიხედვით, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა და მით უფრო სისხლისსამართლებრივი მექანიზმებით ჩარევა შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ იმგვარ გამოხატვას, რომელიც უკანონოდ და ძალადობრივი ქმედებისკენ მოწოდებაა და, რომელსაც შესაძლოა, მოყვეს მყისიერი და რეალური ძალადობა. გამოძიების ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ხელმძღვანელების მიერ გამოხატული მოსაზრებები არც ერთი უკანონო ქმედებისკენ მოწოდებას არ მოიცავდა, ისინი ყოველთვის მშვიდობიანი პროტესტის შინაარსს ატარებდა”, – აცხადებენ არასამთავრობოები.
მათივე თქმით, აშკარაა, რომ პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება და მრავალწლიანი უფლებადაცვითი საქმიანობის გამოცდილების მქონე, დამოუკიდებელი და კრიტიკული ორგანიზაციების ყადაღის შესახებ გადაწყვეტილება სრულიად უსაფუძვლოა და ლეგიტიმური ადამიანის უფლებადაცვითი საქმიანობის კრიმინალიზების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პარალიზებისა და მათი საქმიანობის გაჩერების არალეგიტიმური მიზნის მიღწევას ემსახურებოდა.
პროკურატურის გადაწყვეტილებას თან ახლდა მმართველი პარტიის წარმომადგენლების და პროპაგანდისტული მედიასაშუალებების, მათ შორის ტელეკომპანია „იმედის“, მიერ კოორდინირებული და დეზინფორმაციული მასალების გავრცელება, ასევე, ორგანიზაციების მიმართ საზოგადოებაში მტრული ნარატივის შექმნა.
ამასთან, საბანკო ანგარიშების დაყადაღების შემდეგ, 2025 წლის სექტემბერში, პროკურატურამ გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით დაიბარა როგორც დაყადაღებული ორგანიზაციების ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელები, ისე სხვა სამოქალაქო საზოგადოების და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს არ აქვთ წვდომა გამოძიების საქმის მასალებზე და ამ ეტაპზე რა ხდება გამოძიების ფარგლებში, უცნობია.
ყადაღის გადაწყვეტილებამ ორგანიზაციებზე უმძიმესი გავლენა და მსუსხავი ეფექტი იქონია, რაც ამ ორგანიზაციების დე ფაქტო ლიკვიდაციასა და პარალიზებას უტოლდება. ამ პირობებში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობა მკვეთრად დასუსტდა და უფასო სამართლებრივი დახმარებისა და სხვა ტიპის მხარდაჭერის გარეშე დარჩა ასეულობით ადამიანი. მკვეთრად შემცირდა და დასუსტდა ორგანიზაციების კვლევითი და მონიტორინგის სამუშაოები, “რაც როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანიც იყო”.
განმცხადებელი ორგანიზაციები საჩივარში დავობენ, რომ საბანკო ანგარიშების დაყადაღებით დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 (გაერთიანების თავისუფლება), პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების დაცვა), ასევე, კონვენციის მე-18 მუხლი აღნიშნულ მუხლებთან ერთობლიობაში, რომელიც ეხება იმას, რომ სახელმწიფომ უფლების შეზღუდვა არ შეიძლება გამოიყენოს კონვენციით გათვალისწინებულისგან განსხვავებული, ბოროტი მიზნებისთვის.
განმცხადებელმა ორგანიზაციებმა საჩივარში მიუთითეს, რომ საბანკო ანგარიშების ბლანკეტური გაყინვა, მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებასთან და ხელმძღვანელთა გამოკითხვებთან ერთობლიობაში, მრავალწლიანი უფლებადაცვითი საქმიანობის მქონე ორგანიზაციების გაერთიანების თავისუფლების უმძიმეს შელახვას წარმოადგენს. ანგარიშების გაყინვით განმცხადებელი ორგანიზაციების საქმიანობა ფაქტობრივად პარალიზდა. ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, რომლებიც წელიწადში ასობით ადამიანს უწევდნენ უფასო იურიდიულ დახმარებას, აკვირდებოდნენ არჩევნებს, იბრძოდნენ დეზინფორმაციის წინააღმდეგ და მხარდაჭერას უწევდნენ რეგიონულ სამოქალაქო ჯგუფებსა და დამოუკიდებელ მედიას – საბანკო ანგარიშების გაყინვით გამოუსწორებელი ზიანი მიადგათ და მათ დე ფაქტო ლიკვიდაციას გაუტოლდა.
განმცხადებელი ორგანიზაციები სარჩელში ასევე დაობენ, რომ განმცხადებელთა საბანკო ანგარიშების გაყინვა წარმოადგენს ჩარევას მათი საკუთრებით მშვიდობიანი სარგებლობის უფლებაში კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მიხედვით, ხოლო ეს ჩარევა იყო უკანონო, არ ემსახურებოდა რომელიმე ლეგიტიმურ მიზანს და იყო არაპროპორციული.
კონვენციის მე-18 მუხლთან მიმართებით განმცხადებლები ასევე უთითებენ, რომ ხელისუფლების მიერ ორგანიზაციების უფლებების შეზღუდვის რეალური მიზანი კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განადგურებაა. ამგვარი ფარული, ბოროტი მიზნის დასასაბუთებლად, ორგანიზაციებმა სხვადასხვა გარემოებაზე მიუთითეს, მათ შორის, საქართველოში ბოლო წლებში სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვისა და აკრძალვისკენ მიმართული კანონმდებლობა და მათი თვითნებური აღსრულება მხოლოდ კონკრეტული ორგანიზაციების მიმართ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და კონსულტაციის ყველა მექანიზმის განადგურება, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების დისკრედიტაციისა და შევიწროების კამპანიები, რომლებიც ხელისუფლებისა და მის მიერ მართული მედია ორგანიზაციების მიერ არის წარმოებული.
საჩივარში ასევე მითითებულია, რომ პროკურატურა მოკლებულია ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას და ფუნქციონირებს მმართველი პარტიის ინსტრუმენტად, ამჟამინდელ და ყოფილ მთავარ პროკურორებს სანქციები აქვთ დაკისრებული აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ჩეხეთის, ესტონეთისა და ლიეტუვის მიერ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებისთვის.
საჩივარში ასევე განხილულია უფრო ფართო არადემოკრატიული კონტექსტი და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის ტენდენციები, მათ შორის, 2024 წლის არათავისუფალი და არასამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, ევროკავშირში გაწევრიების პროცესის შეჩერება, პროტესტის მონაწილეთა სისტემური თვითნებური დაკავებებისა და მასშტაბური არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა, ასობით პროევროპელი საჯარო მოხელის გათავისუფლება, დამოუკიდებელი, მაკონტროლებელი ორგანოებისა და ევროინტეგრაციის სამთავრობო უწყებების გაუქმება / დასუსტება, საკანონმდებლო დონეზე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების მდგომარეობის რადიკალური გაურსება და სხვა.
ევროპულმა სასამართლომ განმცხადებელთა ყველა არგუმენტი მიიღო მხედველობაში და საქმე არსებითად განსახილველად კონვენციის სამივე მუხლთან მიმართებით მიიღო. ევროპულმა სასამართლომ მხარეებს კითხვები დაუსვა და საქართველოს მთავრობას პასუხისთვის ვადა 15 ოქტომბრამდე განუსაზღვრა.
კერძოდ, ევროპული სასამართლომ იკითხა, დაარღვია თუ არა სახელმწიფომ კონვენციის მე-11 მუხლი (გაერთიანების თავისუფლება) და პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლი (საკუთრების უფლება) განმცხადებელი ორგანიზაციების საბანკო ანგარიშების დაყადაღების (გაყინვის) შედეგად. ამ კუთხით ევროპული სასამართლო დაინტერესდა, თუ რა კონკრეტული ფაქტების საფუძველზე მიიჩნიეს ხელისუფლების ორგანოებმა (კერძოდ, ბრალდების ორგანოებმა და შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლოებმა), რომ განმცხადებელი ორგანიზაციები, შესაძლოა, ჩართულნი ყოფილიყვნენ დანაშაულებრივ ქმედებებში. უფრო კონკრეტულად, რა ფაქტებმა ან მტკიცებულებებმა მიიყვანა ხელისუფლების ორგანოები იმ ეჭვის დასაბუთებამდე, რომ განმცხადებელმა ორგანიზაციებმა მატერიალური, ფინანსური ან სხვა ფორმის დახმარება გაუწიეს მასობრივ პროტესტებში ჩართულ პირებს. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ გამოხატა ინტერესი გაარკვიოს, კვლავ დაყადაღებულია თუ არა ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები. ასევე, რა არის მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიების სტატუსი და რა დამატებითი გარემოებები გამოიკვეთა განმცხადებელ ორგანიზაციებთან მიმართებით.
ამასთან, ევროპულმა სასამართლომ კითხვა დასვა ევროკონვენციის მე-18 მუხლთან დაკავშირებით და პირდაპირ მოსთხოვა სახელმწიფოს განმარტოს, განმცხადებელ ორგანიზაციებთან მიმართებით სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-11 მუხლის საფუძველზე დაწესებული შეზღუდვები გამოყენებული იყო თუ არა იმ მიზნებისგან განსხვავებული მიზნებისთვის, რომელთაც კონვენციის აღნიშნული მუხლის დებულებები ითვალისწინებს, რითაც ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევას.

3 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·