WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

BBC-ის რუსული სამსახურისა და გამოცემა „მედიაზონის“ ჟურნალისტებმა მოხალისეთა ჯგუფთან ერთად დაადასტურეს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან სულ მცირე 350 რუსი წვევამდელი (სავალდებულო ვადიან სამსახურში გაწვეული პირი) დაიღუპა.

რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად უარყოფს ამ კატეგორიის მოქალაქეების მონაწილეობას ომში.

„მედიაზონისა“ და BBC-ის რუსული სამსახურის ჟურნალისტებმა მოხალისეებთან ერთად დათვალეს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის განმავლობაში სულ მცირე 350 სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ჟურნალისტების ცნობით, სულ მცირე 60 წვევამდელი მხოლოდ 2024 წლის აგვისტოში, რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეჭრის დროს დაიღუპა.

რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად უარყოფს, რომ ომში სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედროებს აგზავნის. თუმცა, 2022 წლის თებერვალ-მარტში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ თავადაც აღიარა წვევამდელების ომში „მონაწილეობის რამდენიმე შემთხვევა“.

„სიაში შეყვანილი 350 ადამიანი ის სამხედრო მოსამსახურეები არიან, რომლებსაც დაღუპვის მომენტში წვევამდელის სტატუსი ჰქონდათ. ცალკე რისკს წარმოადგენს მათზე ზეწოლა კონტრაქტის გასაფორმებლად. ხშირად კონტრაქტის გაფორმებას მოტყუებით ან ძალადობის გამოყენებით აიძულებენ“, - აღნიშნავს „მედიაზონა“.

გამოცემის ჟურნალისტებმა დაადგინეს იმ თითქმის 700 ადამიანის ვინაობა, რომლებმაც სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან საკონტრაქტო სამსახურის ხელშეკრულება გააფორმეს. უცნობია, მიიღეს თუ არა მათ ეს გადაწყვეტილება ნებაყოფლობით.

„ამჟამად მათ ცალკე კატეგორიად არ გამოვყოფთ და მხოლოდ გაწვეულ სამხედროებს ვითვლით, თუმცა მომავალში ეს მიდგომა შეიძლება შეიცვალოს“, - წერენ ჟურნალისტები.

ჟურნალისტებისა და მოხალისეების მიერ განახლებული მონაცემების თანახმად, უკრაინაში დაღუპული რუსი სამხედროების დადასტურებული რაოდენობა 285 881 ადამიანს შეადგენს.

რეალური დანაკარგები შესაძლოა მნიშვნელოვნად მეტი იყოს, რადგან დრონების ფართო გამოყენების პირობებში გართულდა ბრძოლის ველიდან დაღუპულთა ცხედრების გამოყვანა. ექსპერტების შეფასებების გათვალისწინებით, დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა 518 224-დან 663 384-მდე მერყეობდეს.