სულიერი ტყუპისცალი

1 week ago 9

იცით ხომ, რომ სულს სქესი არ აქვს? არც იდენტობა, არც ასაკი, არც გარეგნობა, არც წონა, არც მასა. სული არის ნათელი ენერგია მხოლოდ და ყველა სული ერთნაირია. აქ არ იგულისხმება რომელიმე სხვა ენერგეტიკული სხეული, არამედ ნატიფი სულიერი სხეული.

სულის ტყუპისცალი პროექციები მოდიან სინათლის მისიით. ეს ტყუპი პროექციები ხშირად ერთმანეთს ხვდებიან მატერიალურ სამყაროში, როგორც შეყვარებულები. სიყვარული, რომელიც მათ შორის წარმოიშობა, ესაა წმინდა სიყვარული, რომელიც ცდება მატერიის და დროის საზღვრებს. ესაა არა მხოლოდ ფიზიკურ სხეულებს შორის სიყვარული, არამედ ესაა სულების სიყვარული. ასეთი სიყვარული ჯერ თითქოს სულიერ დონეზე ვლინდება მატერიაში, ხოლო მოგვიანებით გადაიზრდება ან წარმოიშობა როგორც სიყვარული, როგორც ვნება ფიზიკურ სხეულებს შორის.

სულიერი ტყუპები მანამ ვერ შეერწყმებიან ერთმანეთს, სანამ არ განთავისუფლდებიან ეგოს ჯაჭვებისგან, სანამ არ განთავისუფლდებიან კარმისგან, სანამ არ გააცნობიერებენ და არ განიკურნებიან შინაგანი კონფლიქტებისგან. ამის შემდეგ ისინი მიაღწევენ უპირობო სიყვარულის მდგომარეობას. ამ ორი ადამიანისგან ერთ-ერთი მაინც უნდა იყოს სულიერი ძილისგან გამოღვიძებული. მისი მოვალეობა კი ამ პროექციაში არის მეორე ნახევრის, მისი სულიერი ტყუპისცალის გამოღვიძებაც. მან უნდა დაეხმაროს მეორეს რათა განთავისუფლდეს ეგოს ჯაჭვებისგან და მასში მოხდეს უპირობო სიყვარულის გამოღვიძება. ესაა მათი, ორივეს მისია სულიერი ევოლუციის გზაზე.

სულიერ ტყუპებს აქვთ საერთო მისია სულიერი სიყვარულის გამოღვიძების თავიანთ თავში და მერე სხვებშიც. ამიტომაც ,,შეხვდნენ” ისინი ერთმანეთს ამ მატერიალურ სამყაროში. ისინი ამ რეალობაში არსებობენ ერთმანეთისთვის და სხვებისთვისაც. მათ მართავს ერთი ენერგია, რომელიც გამომავალია ღვთიური არსიდან. არის შემთხვევები, როცა აუხსნელ სულიერ მიზიდულობას გრძნობ ვინმეს მიმართ. შენი ცნობიერი გკარნახობს, ეს ისაა, შენი ცხოვრების თანამგზავრი. რაღაც შეუცნობლად გარწმუნებს, რომ ესაა შენი სულიერი სიყვარულის ობიექტი. ადამიანი ყოველთვის გრძნობს ამას, ყოველთვის გრძნობს იმ ერთადერთის გამოჩენას თავის ცხოვრებაში. იმიტომ, რომ მასთან სულ სხვაგვარი კავშირი აქვს, რომელსაც თავადაც ვერ ხსნის ლიგიკურად. მათ შორის იმდენად მაღალვიბრაციული კავშირი სუფევს, თითქოს მყისიერად იბუდებს მათ გულებში სიყვარული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიყვარულის სხვა ობიექტებს ნაკლები როლი უჭირავთ მის ცხოვრებაში.

ყველას, ვინც ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ყოფილა, ასევე მნიშვნელოვანი როლი აქვს ჩვენი მენტალური თუ სულიერი ევოლუციის პროცესში. მაგრამ ის შენი სულიერი ტყუპისცალი მაინც განსხვავებულად ახლობელია, თითქოს შენი მეორე ნაწილია, შენი სულიერი ნაწილი. მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი სულიერი ნაწილიც კი შეიძლება იყოს ერთზე მეტი. 🙂

სულიერად მაღალგანვთარებულ წყვილს შორის, რომლებმაც უკვე შეძლეს ეგოსგან განთავისუფლება, რომელთაც გააბათილეს კარმა და მათი სულები ახლა უკვე წმინდა სიყვარულის ენერგიით არსებობენ, მათ ურთიერთობებში აღარ არსებობს კონფლიქტები, აზრთა სხვადასხვაობა, კამათი. იმიტომ, რომ მათ მონდომებით იმუშავეს ამაზე, მათ უამრავი ცხოვრება განვლეს სულიერ წვრთნებში. მათ უკვე უკან მოიტივეს ძველი პატერნები და ახლიდან განსხეულდნენ ფიზიკურ სამყაროში რათა დაეხმარონ საკუთარ ცნობიერებასაც და სხვებისასაც.

სულიერი ტყუპები არიან ერთი სულის ორი პროექცია. ისინი ერთი ენერგიის არიან და ფიზიკურ რეალობაში ავსებენ ერთმანეთს როგორც ფაზლის ნაწილები. ისინი ერთმანეთისთვის და ერთმანეთით არსებობენ, ერთმანეთს კვებავენ თავიანთი ენერგიით. მათ აკავშირებთ უპირობო სიყვარული, რადგან უკვე იმუშავეს ეგოსგან განთავისუფლებაზე. მათ უკვე იციან, რომ სიყვარული არის თავისუფლება და არა ერთმანეთზე მიჯაჭვულობა. ისინი იმდენად გაცნობიერებულები არიან ამ სიყვარულისეული თავისუფლების არსში, რომ სწორედ ამ მიჯაჭვულობის გარეშე სჭირდებათ ერთად ყოფნა. განუყრელნი ხდებიან. იციან, რომ მხოლოდ ერთმანეთთან არიან დაცულები, მხოლოდ ერთად ყოფნით გრძნობენ თავს როგორც ,,საკუთარ სახლში”. და მათ აქვთ სულიერი ჰარმონია, მათ აქვთ სულიერი სისპეტაკე, ღვთიური სიყვარული. მათ არ აქვთ ბორკილები, რომლებიც მიაჯაჭვავდნენ მატერიალურ სამყაროს.

სულიერი ტყუპების სასიყვარულო კავშირი იმდენად ღრმა და მტკიცეა, რომ მათ ვერაფერი დააშორებთ. კავშირი იქამდე გრძელდება, სანამ ერთმანეთს არ შეერწყმება ეს ორი სული. ეს ნიშნავს მათი წარმოშობის არსში დაბრუნებას. მაგრამ თუ ასეთი კავშირი გაწყდა სულიერ ტყუპებს შორის, თუ მათ ვერ შეავსეს ერთმანეთი, ერთმა გამოღვიძებულმა სულმა ვერ შეძლო მეორეში გაეღვიძებინა ის მიძინებული ღვთიური ნაწილი, ისინი შორდებინ ჩხუბით, დავიდარაბით, სიძულვილით და მათი უპირობო სიყვარული იკარგება, შორდება ღვთიურ არსს. ისინი შორდებიან ფიზიკურ პლანზე და ვერ გადიან გაკვეთილს მოცემულ ინკარნაციაში. ეს კი საზიანოა სულიერ დონეზე. თუნცა, იმ ორიდან ერთ-ერთს, ან ორივეს, შესაძლოა სხვა ურთიერთიბაში ელოდეს ახალი შანსი, სადაც ასევე იპოვის სულიერ ნავსაყუდელს და შეხვდება თავისი სულის სხვა ნაწილს, სხვა პროექციას. ამით იმის თქმა მინდა, რომ სამყარო ყოველთვის გვაძლევს შანსს. თუ კი ჩვენ მზად ვართ ტრანსფორმაციისთვის და იმისთვის, უპირობო სიყვარული გამოვაღვიძოთ ჩვენში და ამით შევუერთდეთ ჩვენს ღვთიურ არსს.

ცირა ხუციშვლი (ფსიქოთერაპევტი)

სრულად წაკითხვა