ანონსის თანახმად, ამ მონაკვეთზე მოძრაობა შაბათს 12:00 საათიდან იქნება ნებადართული.
ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან თბილისიდან რიკოთის გვირაბამდე „უწყვეტი ჩქაროსნული მაგისტრალი“ იქნება გადაჭიმული.
ახალი მონაკვეთი 6,4 კილომეტრის სიგრძისაა და მოიცავს 11 ხიდსა და ხუთ გვირაბს.
- აქამდე თბილისიდან დასავლეთით მოძრავი ავტომობილები სურამსა და ჩუმათელეთს გადიოდნენ. იმის გამო, რომ გზა ორზოლიანი და ვიწრო იყო, ამ მონაკვეთზე ხშირად იყო საავტომობილო ხერგილები.
- ამიერიდან სურამი და მიმდებარე სოფლები სატრანზიტო მოძრაობისგან განიტვირთება.
ოფიციალური ცნობებით, ეს მონაკვეთი ჯამში 265 მილიონი ლარი დაჯდა. ნაწილი მსოფლიო ბანკის სესხით აშენდა, ნაწილი - ბიუჯეტის თანადაფინანსებით.
როგორც წინა შემთხვევებში, ამ მონაკვეთის გახსნასაც ესწრებოდა „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე.
მან განაცხადა, რომ ახალი პროექტი არის „კიდევ ერთი ნაბიჯი ჩვენი სტრატეგიული მიზნისკენ - ვაქციოთ საქართველო ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი შუა დერეფნის ცენტრალურ, უსწრაფეს და უსაფრთხო რგოლად“.
იქვე თქვა, რომ მალე დაიწყება სასაზღვრო მონაკვეთების, ბათუმი-სარფის, წითელი ხიდისა და სადახლოს მონაკვეთების მშენებლობა.