WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა (სუს) და შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) დელეგაციები ჩინეთში, ქალაქ ლიანიუნგანგში მიმდინარე გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობენ.

სუს-ის ცნობით, უწყების უფროსი გეკა გელაძე ჩინეთში დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით, ჩინური მხარის მიწვევით ჩავიდა.

„ფორუმის ფარგლებში, მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან მიწვეული მაღალი რანგის სტუმრები გლობალური ტურბულენტური გარემოს ფონზე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მმართველობის საკითხებს განიხილავენ“, - ნათქვამია პრესრელიზში.

კონფერენციის გახსნამდე გელაძე ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრ ვანგ სიაოხუნგთან ერთად საზოგადოებრივი უსაფრთხოების ტექნოლოგიების გამოფენასაც დაესწრო.

შსს-ს ინფორმაციით, ფორუმზე გაემგზავრა უწყების ხელმძღვანელის მოადგილე გაგა კირკიტაძე. მან მონაწილეობა მიიღო ქვეფორუმებში, სადაც ნარკოტიკების კონტროლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობასა და საპოლიციო განათლების საკითხებზე იმსჯელეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე (მარცხნივ)

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გაგა კირკიტაძე (მარცხნივ)

ფორუმი 2022 წელს დაარსდა და მასში სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი და უსაფრთხოების უწყებების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.

2026 წლის ფორუმს ესწრება ინტერპოლის ხელმძღვანელობაც.

  • საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის ვიზიტები, მათ შორის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელების დონეზე, გააქტიურდა.
  • ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება საქართველოს ტრადიციულ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების მკვეთრი გაუარესების ფონზე მიმდინარეობს.