სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გელა გელაძე გადადგა. ამის შესახებ მან განცხადება წერილობით გაავრცელა.
“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა.
პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა ჩემთვის იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის.
ამ პერიოდის განმავლობაში, სამსახურის თითოეულ თანამშრომელთან ერთად, ჩვენი საქმიანობა მიმართული იყო სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ.
მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ახორციელებენ. მადლობას ვუხდი პოლიტიკურ გუნდს, განსაკუთრებით პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს მისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულებას და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას. სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორი გეკა გელაძე “, – ნათქვამია მის განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძემ “ქართული ოცნება” და პოლიტიკა დატოვა, ვრცელდება ცნობები, რომ თანამდებობებს ის პირებიც ტოვებენ, ვინც მასთან დაახლოებულ კადრებად მოიაზრებოდნენ.
გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ პოსტი დატოვა. ინფორმაციას ნეტგაზეთს უწყებაში უდასტურებენ და აცხადებენ, რომ მისი შემცვლელი ორშაბათს დასახელდება. ხარაბაძე სუს-ში მამუკა მდინარაძის უფროსობისას, მისი მოადგილე იყო. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ხარაბაძე მდინარაძის მეგობარია.
თანამდებობა დატოვა შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემაც.
netgazeti