"ტაქტიკურად არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს" - რამაზ სვანაძე ჩრდ.ირლანდიასთან მატჩამდე

2 days ago 2

ხვალ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს, პირველი მეტოქე კი ჩრდ.ირლანდია იქნება.

მატჩამდე ერთი დღით ადრე რამაზ სვანაძემ პრესკონფერენცია გამართა:

ეს ჩვენი პირველი თამაშია. ტაქტიკურად ველოდები, რომ არანაირი პრობლემა არ უნდა იყოს, რადგან ბევრი ვივარჯიშეთ, მაგრამ სხვაა მენტალური მდგომარეობა, რომელშიც ხვალ ჩვენი ფეხბურთელები იქნებიან. მოგეხსენებათ, თითქმის მთლიანად შეიცვალა შემადგენლობა, მოვიდა ახალი თაობა, რომელსაც სჭირდება დრო, პირველ რიგში იმისთვის, რომ მოერგონ გუნდის ხასიათს და მენტალობას. მესმის, რომ ხვალ ოფიციალური მატჩია, მაგრამ ხმამაღალ განცხადებებს ვერ გავაკეთებ. დიდი ინტერესით ველით შეხვედრას. ჩრდილოეთ ირლანდია მებრძოლი ნაკრებია, საშუალო დონის გუნდია, თუმცა მათ აქვთ თავისი პლუსები, ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. გარდა ამისა, ოთხი მატჩი ითამაშეს და შეთამაშების პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ. არავინ არაფერს დაგვითმობს.


ნებისმიერ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ამ ორი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ყველას სწორება იმისკენაა, რომ კიდევ ერთხელ ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე. თუმცა, მესმის, რომ ძალიან რთულია ეს დაისახო მიზნად. მიზანი ერთია, რეალობა - მეორე. ამ რეალობის შეფასებას გავაკეთებ, უბრალოდ დრო მჭირდება, რათა ამაზე ღიად და თამამად ვისაუბრო. ეს პირველი თამაშია, მაგრამ ეს არ ცვლის იმას, რომ ხვალ გვინდა დადებით შედეგს მივაღწიოთ, რადგან დადებითი ემოცია გაგვიმარტივებს იმას, რომ ძალიან მალე ვნახოთ ისეთი გუნდი, როგორიც გვინდა. პირველ რიგში მინდა ვნახო გუნდის ხასიათი და მენტალობა, რაც ყოველთვის გამოგვარჩევდა.

- თქვა სვანაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჩრდ.ირლანდიასთან ერთად ჯგუფში ბერძნები, გერმანელები, ლატვიელები და მალტელები გვყავს.

სრულად წაკითხვა