13 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალეკო ელისაშვილის სასამართლო სხდომა გაიმართა.
ადვოკატები საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმებას ითხოვენ. ალეკო ელისაშვილს ტერორიზმის მუხლით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობაში. განაჩენი 2026 წლის 10 ივლისს გამოცხადდა.
ალეკო ელისაშვილის ადვოკატებმა ერთმანეთის მიყოლებით მოითხოვეს პროკურორისა და მოსამართლეების, განსაკუთრებით მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძის აცილება, მიზეზად დაასახელეს ის, რომ წარსულში მაღლაკელიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის ანრი ოხანაშვილის მოადგილედ მუშაობდა და ამას შესაძლოა მოსამართლის მიუკერძოებლობის კუთხით ეჭვები გაეჩინა. სასამართლომ ეს შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა.
დაცვის მხარის კიდევ ერთი მოთხოვნა იყო ამოეღოთ პოლიციელების სამხრე კამერები, რაზედაც სასამართლომ ასევე უარი განაცხადა, იმ მოტივით, რომ ეს მოთხოვნა მხარეს საქმისწარმოების პირველ ეტაპზევე უნდა დაეყენებინა.
სასამართლო დათანხმდა დაცვის შუამდგომლობას მომავალ სხდომაზე მოიწვიონ სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რათა მან სასამართლოს თავისი შეხედულება გაუზიაროს.
ადვოკატები ითხოვენ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას, იმ მოტივით, რომ ის, რაც ალეკო ელისაშვილმა ჩაიდინა, იყო პროტესტის გამოხატვა და არა ტერაქტი, რადგან მათი თქმით, 2 ბოთლი ბენზინით ელისაშვილი 1000 კვ.მ ფართის შენობას ვერ გადაწვავდა.
„რეალური ზარალი 110 ლარია და როგორ გგონიათ, ტერორისტული აქტის დროს 110 ლარი იქნებოდა ზარალი?“ - იკითხა ალეკო ელისაშვილის ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა.
ის აცხადებს, რომ ელისაშვილის მიერ ჩადენილ ქმედებას მაქსიმუმ სხვისი ნივთის დაზიანების მუხლი მიესადაგოს. თავდაპირველად ელისაშვილს სწორედ ეს მუხლი ჰქონდა წაყენებული, თუმცა, შემდეგ გადაკვალიფიცირდა და ახლა მას ბრალი ტერორიზმის მცდელობაში ედება.
ელისაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული: ერთი სასამართლოს არქივში ხანძრის გაჩენას ეხება, მეორე სასამართლოს უპატივცემულობას, ხოლო მესამე ალი ბაბაევის პოლიტიკური ნიშნით დევნას.
radiotavisupleba ახალი ამბები