ბრალდების თანახმად, ალეკო ელისაშვილმა მის მიმართ წარმოებული ე.წ. ტერორიზმის საქმის განხილვისას, სასამართლოს სხდომაზე „არაკაცი“ უწოდა მოწმე პოლიციელს, შოთა ჭიპაშვილს. ის სასამართლოში უნდა დაკითხულიყო.
„ჩემთვის წარდგენილი ბრალდების არსი არის ცინიზმი, უფლებებს განმიმარტავთ და სადისტს პოლიციელს რომ არაკაცი დავუძახე, მაგაზე მიჩივით… სადისტს რომ დავუძახე არაკაცი, მაგაში თავს დამნაშავედ არასდროს არ ვიგრძნობ”, - თქვა ალეკო ელისაშვილმა წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც დღეს 17 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.
ალეკო ელისაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი. ეს ნიშნავს - სასამართლოს უპატივცემულობას, რომელიც გამოიხატა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფით.
პროკურორის განმარტებით ალეკო ელისაშვილმა სასამართლო შეურაცხყო სხდომაზე მოწმის შეურაცხყოფით.
17 სექტემბერს სხდომას გაუძღვა მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე, რომელმაც ბრალდების მხარის მტკიცებულებები დასაშვებად ცნო და საქმის წარმოებაც არ შეწყვიტა, მიუხედავად ადვოკატების მტკიცებისა, რომ ელისაშვილის ქმედებაში დანაშაული არ იყო.
ამ მოსამართლისთვის შეურაცხყოფის მიყენების საქმეზეა დამნაშავედ ცნობილი და ერთი წლითა და ექვსი თვითაა დაპატიმრებული პოლიტიკოსი, პარტია „ახალის“ ლიდერი ნიკა მელია. ნიკა მელიამ ირაკლი შვანგირაძეს სასამართლო სხდომათა დარბაზში, პროცესის მიმდინარეობისას სახეში წყალი შეასხა.
პროკურორ დავით დევიძის თქმით, ალეკო ელისაშვილის მიერ მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფის საქმეზე სრულყოფილი გამოძიება ჩაატარეს: გამოითხოვეს სასამართლოს ოქმი, აუდიო და ვიდეოჩანაწერები, დაკითხეს მოწმეები, მათ შორის ე.წ. ტერორიზმის საქმის პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი, ჩაატარეს ხმის ექსპერტიზა, იმის დასადგენად, რომ შეურაცხმყოფელი სიტყვების ავტორი მართლაც ელისაშვილი იყო.
ამას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სიცილი მოჰყვა. მისთვის კომიკურია, რატომ „დახარჯა საგამოძიებო უწყებამ ადამიანური და ფინანსური რესურსი, იმისთვის, რომ ციხეში მისი ხმის ნიმუშის ასაღებად მისულიყო“.
„პროკურატურას 30 მოწმე ჰყავს მარტო იმასთან დაკავშირებით, მართლა დავუძახე თუ არა სადისტ პოლიციელს “არაკაცი”. დავუძახე!
ციხეში, თაკარა მზეში გამომძიებლები მოვიდნენ, რამდენი ფურცელი, მელანი და ბენზინი დახარჯა სახელმწიფომ მარტო იმის დადგენაში, მართლა დავუძახე თუ არა „არაკაცი“. დავუძახე, არ უარვყოფ!“, - ამბობს პოლიტიკოსი და ამატებს:
„უარესი შემეძლო მეთქვა...ასეთი მოზომილი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ“.
მისი მტკიცებით, პოლიციელი, რომელმაც მას სასამართლოს კანცელარიის შენობაში დაკავების შემდეგ "ღირსება შეულახა, ფიზიკური დაზიანებები მიაყენა და არაადამიანურად მოეპყრო", მათ შორის სიტყვიერად შეურაცხყო, სწორედ ჭიპაშვილია;
„ორ დანაშაულზე იყო იმ პროცესზე საუბარი, პირველი, ხელბორკილები 4 საათი არ მომხსნეს და მარცხენა ხელიდან სისხლი მომდიოდა. „წინ მაინც დამიმაგრეთ ეს ხელბორკილები-მეთქი“, ზუსტად იმ პოლიციელს [დავით ჭიპაშვილი - რ.თ.] ვეუბნებოდი. თავის ქვეშევრდომ პოლიციელს უკრძალავდა ხელბორკილების მოხსნას.
ორი პოლიციელი იყო იმ პროცესზე მოსული. ერთი შევაქე, ადამიანი იყო და იმიტომ. მეორეს არაკაცი დავუძახე. წყალი, რომ ვითხოვე, ერთი ცდილობდა მოეწოდებინა და ეს ჭიპაშვილი, მართლა არაკაცი, ეუბნებოდა, არ დაალევინოო. დაინახეს, რომ სისხლი მომდიოდა მარცხენა ხელიდან და მაჯები მქონდა დახეთქილი.
ტკბებოდა პოლიციელი იმის ყურებით და ცქერით, რომ სისხლი მომდიოდა მაჯებიდან, ბედნიერი იყო. არაფერს ვიგონებ და მეორე დანაშაული იყო ის, რომ ასეთ ადამიანს არაკაციც დავუძახე, "ახვარიც" და "ნაბიჭვარიც", იმსახურებდა.
ეს პოლიციელი მოქმედი პოლიციელია.
ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. აი, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. მე არაფერი დამკლებია, უბრალოდ გაოგნებული ვარ, რანაირი ხალხი მუშაობს პოლიციაში? სად არის იმ საქმის გამოძიება? შეწყვიტეს! დანაშაულის ნიშნები არ არისო.
იზოლატორში დაფიქსირებული იყო ხელები დაჩეხილი რომ მქონდა. მე ხომ არ დავიჩეხავდი არა? მკურნალობაც ჩამიტარეს, იქ ორი კვირა მიმკურნალეს მაჯებზე. ამით დაინტერესდით? იქნებ მე თვითონ დავიზიანე ეს მაჯები?...”, - ამბობს ალეკო ელისაშვილი.
ადვოკატი, გიორგი რეხვიაშვილი ადასტურებს, რომ პროკურატურამ დანაშაულის ნიშნების არარსებობის არგუმენტით ალეკო ელისაშვილის მიმართ უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.
„ისეთი დაზიანებები ჰქონდა ხელებიდან სისხლი სდიოდა, რაღაც პერიოდი ციხეში მკურნალობდა კიდევ, არსებობს ამის სამედიცინო ჩანაწერები, ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ სწორედ ჭიპაშვილი იყო ის პირი, მაგრამ გამოძიება არა ასეთი პოლიციელის, არამედ მის წინააღმდეგ იწყება. ეს პოლიციელი კი თავისუფალია და საშიშია სხვებისთვის”, - ამბობს ადვოკატი.
პროკურორი ამბობს, რომ „ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ ძალადობის ჩადენას ადგილი არ ჰქონია, მის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია არც მანდატურის თანამშრომლებს და არც საპატრული პოლიციის თანამშრომლებს“. მისივე ცნობით, დაზარალებულ ჭიპაშვილს დაზარალებულის სტატუსი აქვს და ის თავს შეურაცხყოფილად გრძნობს,
„ნებისმიერი პიროვნება შეურაცხყოფილად იგრძნობდა თავს აღნიშნული სიტყვების გაგონების შემდეგ, არა მარტო „არაკაცი“, არამედ სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვები უწოდა, რომელსაც ვერ გავაჟღერებ იმდენად შეურაცხმყოფელია“, - ამბობს პროკურორი.
პოლიციელი შოთა ჭიპაშვილი, რომლის შეურაცხყოფასაც ალეკო ელისაშვილს ედავებიან, დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო-საპატრულო სამმართველოს უფროსის მოადგილეა. შოთა ჭიპაშვილი სასამართლოში 2026 წლის 15 ივნისს დაიკითხა. ალეკო ელისაშვილმა ის სხდომათა დარბაზში შესვლისთანავე შეიცნო.
ეს არის ფრაგმენტი სასამართლოზე მოწმე ჭიპაშვილისა და ელისაშვილის დიალოგიდან:
ელისაშვილი: როცა ხელბორკილები შემიცვალე, გითხარი თუ არა, რომ მიჭერდა და წინ გადმოგეტანათ?
მოწმე: მოპყრობა როგორი იყო? არათუ მოშვებული იყო, წინ მქონდა გადმოტანილი, გარკვეული პერიოდი.
ალეკო: გადმომიტანე?
მოწმე: კი. დისკომფორტი რომ არ ყოფილიყო. განყოფილებაში ძალიან მალე მივედით. მერე უკან გადმოგიტანეთ.
ელისაშვილი: პოლიციელმაც გითხრა გადაუტანეო, შენ უთხარი კატეგორიული უარი....
მოწმე: არ მახსენდება
ელისაშვილი: წყალი მინდა-მეთქი რომ გითხარი და დიდხანს უარს არ მეუბნებოდი?
მოწმე: პირიქით, ჩვენ შემოგთავაზეთ...
ელისაშვილი: ჩემი თანდასწრებით, აქციაზე ხალხი რომ დადიოდა იმათ აყენებდი თუ არა შეურაცხყოფას, მეუბნებოდი თუ არა, რომ განულებული ხარ, არასწორი ხარ ხალხთან წამოდი და ვკითხოთ ხალხსო, ამას მეუბნებოდი თუ არა?
მოწმე: ბატონო მოსამართლე, არ ვიცი რაზე საუბრობს
ელისაშვილი: მართმადიდებელი ხარ? რელიგიური ხარ? რატომ იტყუები?!
მოწმე: ....
ელისაშვილი: „მინივიენში" რომ ჩავჯექით, იგივეს იმეორებდი თუ არა? ჩემთან პოლიტიკური დებატები გქონდა, მაგინებდი, ნოლი ხარო...
მოწმე: ერთხელ გითხარით რომ არა....
ელისაშვილი: მოგეთხოვება ყველა შენი სიტყვისა და ქმედების გამო .. ეს არის სამი საათი რომ მეკაიფებოდა, ეს არაკაცი.
ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი საქმეზე, რომელშიც მას სასამართლოს შენობისთვის ცეცხლის წაკიდების მცდელობას ედავებიან.
მოსამართლე გიორგი გელაშვილი დაეთანხმა პროკურორ ანი ხუბეჯაშვილს, რომ ალეკო ელისაშვილს, იმ დროს, როცა სასამართლოს შენობის კანცელარიისთვის ცეცხლის წაკიდებას აპირებდა, ტერორისტული მიზანი ამოძრავებდა. განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდა.
ელისაშვილი არ უარყოფს, რომ ცეცხლის წაკიდება ჰქონდა განზრახული, თუმცა არ დაეთანხმა მუხლის კვალიფიკაციას. მისი თქმით, პროტესტი გამოხატა „უსამართლო სასამართლოს მიმართ, ვინაიდან ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ და სამართლებრივ ნაძირლობას ვერ ეგუებოდა“.
სისხლის სამართლის სხვა საქმეები ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ
„ქართული ოცნების“ წევრის ცემის საქმე
ალეკო ელისაშვილს პროკურატურა ძალადობით ან ძალადობის მუქარით, პირის პოლიტიკური ნიშნით დევნას ედავება. ის პირველად სისხლის სამართლის მუხლით 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, 2 დეკემბერს კოსტავას ქუჩაზე, ერთ-ერთ აფთიაქთან, ალეკო ელისაშვილი „ქართული ოცნების“ წევრს, ალი ბაბაევს, თავს დაესხა და პარტიული შეხედულების გამო ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
წარდგენილი ბრალი ჯარიმას ან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა ჯერ კიდევ გრძელდება.
ტერორიზმის მეორე საქმე
2025 წლის 30 ნოემბერს ელისაშვილი ტერორიზმის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. 2026 წლის მარტში კი მეორე საქმე წამოიწყეს მის წინააღმდეგ იდენტური მუხლით.
ბრალის დადგენილების თანახმად, 2025 წლის 4 მაისს, დაახლოებით 03:40 საათზე, ალექსანდრე ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის ერთ-ერთი ფანჯარა დააზიანა, საიდანაც ცეცხლი წაუკიდა და ხანძარი გააჩინა შენობაში.
ამ საქმეს ალეკო ელისაშვილის ადვოკატები „ძაღლების საქმეს“ უწოდებენ, ვინაიდან ამ საქმეში გამოძიება ელისაშვილის კვალზე სუნის [ოდოროლოგიური] ექსპერტიზის საფუძველზე გავიდა. ეს მტკიცებულება დაცვისთვის არასანდოა. ვიდეოზე ასახული პირის იდენტიფიცირება კი ექსპერტიზამ ვერ შეძლო. ელისაშვილი ბრალს არ აღიარებს.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ამ დრომდე აკრძალული აქვს ოჯახთან და გარესამყაროსთან კომუნიკაცია. ცოლი, შვილები და მშობლები მას მხოლოდ სასამართლო პროცესზე ხედავენ, ვერც ციხეში პაემნებზე ხვდებიან და ვერც ტელეფონით ურეკავენ.
radiotavisupleba საზოგადოება (საქართველო)