აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ ნებდება და დაბადებით მოქალაქეობის (Birthright Citizenship) გაუქმებას ისევ ცდილობს. მას შემდეგ, რაც სამშაბათს, 30 ივნისს აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა კონსტიტუციური პრინციპი, რომლის მიხედვითაც ამერიკის ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვები ავტომატურად იღებენ აშშ-ის მოქალაქეობას, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ წესის შეცვლას კონგრესის მეშვეობით შეეცდება.
ტრამპმა სასამართლოს გადაწყვეტილებას „ძალიან ცუდი“ უწოდა და აღნიშნა, რომ დაბადებით მოქალაქეობის ავტომატური მინიჭება ქვეყნისთვის „ძვირად ღირებული და უსამართლო“ სისტემაა.
„უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა დაბადებით მოქალაქეობის უფლება, რაც ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამის გამოსწორება მარტივად შეგვიძლია კონგრესში კანონმდებლობის მიღებით, პრეზიდენტის მხარდაჭერით, რაც უკვე გარკვეული იყო ამ პროცესის მიმდინარეობისას. არანაირი ხანგრძლივი და რთული საკონსტიტუციო შესწორება არ არის საჭირო! კონგრესმა დღესვე უნდა დაიწყოს მუშაობა ჩვენი ქვეყნისთვის ძვირად ღირებული და უსამართლო დაბადებით მოქალაქეობის დასრულებაზე. მათ ჩემი სრული და უპირობო მხარდაჭერა ექნებათ“, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
რა გადაწყვიტა უზენაესმა სასამართლომ
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ექვსი ხმით სამის წინააღმდეგ უარი თქვა პრეზიდენტის აღმასრულებელი განკარგულების ძალაში დატოვებაზე. შესაბამისად, ძალაში დარჩა თითქმის 150-წლიანი კონსტიტუციური პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც აშშ-ის ტერიტორიაზე დაბადებული ბავშვები, გარკვეული გამონაკლისების გარდა, ავტომატურად ხდებიან ამერიკის მოქალაქეები.
ტრამპმა ზემოხსენებულ აღმასრულებელ განკარგულებას მეორე საპრეზიდენტო ვადის დაწყებისთანავე, 2025 წლის იანვარში მოაწერა ხელი. დოკუმენტი მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების უფლებას ართმევდა იმ ბავშვებს, რომელთა მშობლები ქვეყანაში უკანონოდ იმყოფებიან ან მხოლოდ დროებითი საიმიგრაციო სტატუსი აქვთ.
განკარგულება მალევე გასაჩივრდა ფედერალურ სასამართლოებში და მოსამართლეებმა მისი მოქმედება შეაჩერეს, საბოლოოდ კი საკითხი უზენაესმა სასამართლომ განიხილა და ტრამპის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება გამოიტანა.
რას ეფუძნება დაბადებით მოქალაქეობის უფლება?
აშშ-ში დაბადებით მოქალაქეობის პრინციპი, რომელიც საერთაშორისო იურიდიულ პრაქტიკაში jus soli-ს („მიწის უფლება“) სახელწოდებით არის ცნობილი, აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორებაშია გაწერილი.
დებულების მიხედვით,
„ყველა პირი, რომელიც დაბადებულია ან ნატურალიზებულია აშშ-ში და ექვემდებარება მის იურისდიქციას, არის ამერიკის შეერთებული შტატებისა და იმ შტატის მოქალაქე, სადაც ცხოვრობს“.
ეს შესწორება 1868 წელს, სამოქალაქო ომის შემდეგ მიიღეს, რათა მოქალაქეობის საკითხი საბოლოოდ მოგვარებულიყო ყოფილი მონებისა და მათი შთამომავლებისთვის. მოგვიანებით სწორედ ამ ნორმამ შექმნა თანამედროვე პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც აშშ-ის ტერიტორიაზე დაბადებული თითქმის ყველა ბავშვი ავტომატურად იღებს ამ ქვეყნის მოქალაქეობას.
რატომ ეწინააღმდეგება ტრამპი ამ წესს?
ტრამპი დიდი ხანია ამტკიცებს, რომ მოქმედი სისტემა ხელს უწყობს უკანონო იმიგრაციას და „სამშობიარო ტურიზმს“ (Birth Tourism), როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები აშშ-ში სპეციალურად მიემგზავრებიან ბავშვის გასაჩენად, რათა ახალშობილმა ამერიკის მოქალაქეობა მიიღოს.
სწორედ ამ პოლიტიკის ფარგლებში გაამკაცრა აშშ-ის ადმინისტრაციამ 2025 წელს ზომები. სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფრთხილა უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომ თუ ტურისტულ ვიზას მხოლოდ ბავშვის ამერიკაში გასაჩენად გამოიყენებენ, მომავალში შესაძლოა ვიზა გაუუქმდეთ ან ქვეყანაში შესვლა აეკრძალოთ.
თუმცა ეს შეზღუდვები მოქალაქეობის კონსტიტუციურ უფლებას არ ცვლის და მხოლოდ სავიზო პოლიტიკას ეხება.
ტრამპის განცხადებით, ახლა ადმინისტრაცია კონგრესში შესაბამისი კანონმდებლობის მიღებას შეეცდება, თუმცა იურისტების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ დაბადებით მოქალაქეობის წესის შეცვლა მხოლოდ ჩვეულებრივი კანონით რთული იქნება, რადგან ის პირდაპირ აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორებას ეყრდნობა და მისი მოქმედების ფარგლები უკვე ათწლეულებია სასამართლოების პრაქტიკით არის განსაზღვრული.
შესაბამისად, საკითხი, სავარაუდოდ, კვლავ გახდება ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პოლიტიკური და სამართლებრივი დავის საგანი ამერიკის საიმიგრაციო პოლიტიკაში.
ნინო ხოშტარია

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·