ტრამპი: პუტინს შევხვდები მხოლოდ მაშინ, თუ ეს უკრაინაზე შეთანხმებას მოიტანს

14 hours ago 5

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეხვდება, თუ ეცოდინება, რომ ეს შეხვედრა მოიტანს უკრაინაში მშვიდობის შესახებ შეთანხმებას. "არ ვაპირებ დრო ტყუილუბრალოდ ვფლანგო" - თქვა ტრამპმა.

ტრამპი ამ განცხადებით ჟურნალისტებთან გამოვიდა, საპრეზიდენტო თვითმფრინავის, Air Force One-ის ბორტზე, როცა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ტურნეს წინ. ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკრაინაში ომის და რუსეთზე ზეწოლის განხორციელების შესაძლებლობის საკითხებს წამოჭრის დაგეგმილ შეხვედრაზე ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან. ტრამპი ამბობს, რომ აპირებს ჩინეთის ლიდერს დაელაპარაკოს რუსეთის ნავთობის შესყიდვის შეზღუდვაზე.

ტრამპი კითხვებს პასუხობდა კატარის ამირასთან, თამიმ ბინ ჰამად ალ-თანისთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ - რომელიც თვითმფრინავის ბორტზე გაიმართა, როცა ხომალდი საწვავის შესავსებად კატარში იყო გაჩერებული. განხილულ თემებს შორის იყო ღაზის სექტორის მომავალიც. კატარი ერთ-ერთი შუამავალი ქვეყანა იყო ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის პროცესში.

ტრამპის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საერთაშორისო ძალების საკითხი ღაზაში წესრიგის მხარდასაჭერად. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ კატარმა მზადყოფნა გამოთქვა ამგვარ მისიაში მონაწილეობა მიიღოს საჭიროების შემთხვევაში.

ტრამპმა მიმდინარე კვირაში გამოაცხადა, რომ გაუქმდა პუტინთან ბუდაპეშტში დაგეგმილი შეხვედრა, თუმცა თქვა, რომ შეხვედრა, შესაძლოა, მომავალში გაიმართოს. პუტინმა განაცხადა, რომ შეხვედრა უფრო გადაიდო, ვიდრე გაუქმდა. ამასთან, აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის ორ უმსხვილეს ნავთობკომპანიას. ეს მოხდა მას მერე, რაც მოსკოვმა ფაქტობრივად უარყო ტრამპის ბოლო ინიციატივა, რომელსაც უკრაინა დაეთანხმა - რომ ცეცხლი ფრონტის მიმდინარე ხაზზე უნდა შეწყდეს.

პარალელურად, აშშ-ში ვიზიტით მყოფი პუტინის საგანგებო წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი კვლავ ირწმუნება, რომ კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტა უფრო მოახლოებულია.

სრულად წაკითხვა