აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთი თანახმაა აშშ-ის და გლობალურ ბაზრებს დაუყოვნებლივ მიაწოდოს 300 000-ზე მეტი ტონა დიზელი - რაც წარმოადგენს საწვავის ფასების შემცირების ძალისხმევას, 3 ნოემბერს დანიშნული კონგრესის არჩევნების წინ.
ამ ნაბიჯის ფონია დიზელის საწვავის ფასების სარეკორდოდ მაღალ ნიშნულთან მიახლოება. დიზელი გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, საცხოვრებელი სახლების გასათბობად და ტვირთების გადაზიდვისთვის.
სოციალური მედიით გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი ამბობს, რომ "უაღრესად წარმატებული" დისკუსია ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან - რომლის დროსაც ისინი შეთანხმდნენ, რომ რუსეთი დიზელის მიწოდებას დაუყოვნებლივ დაიწყებს.
პუტინის წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა პლატფორმაზე X შეაქო დიზელისა და ენერგიის სფეროში თანამშრომლობა რუსეთსა და აშშ-ის შორის
ტრამპის თქმით, რუსეთი 500 000 ტონა დიზელს გაიღებს ნოემბერშიც, და კიდევ 1 000 000 ტონას - "ამის შემდეგ, დაუყოვნებლივ". ამას, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი საწვავის მიწოდება მოჰყვეს - ტრამპის თქმით, ეს დამოკიდებული იქნება "მათი დიზელის გადამამუშავებელი საწარმოების მდგომარეობაზე". ეს საწარმოები რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის მიმდინარეობისას დაზიანდა.
სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, რომ ამ უჩვეულო ნაბიჯს წინ უძღოდა აშშ-ის მიერ სანქციების დაწესება რუსეთის ენერგეტიკული კომპანიებისთვის, მოსკოვის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა ზოგადი ლიცენზია, რომელიც რუსული დიზელის იმპორტზე ნებართვას გასცემს მომავალი წლის 7 აპრილამდე.
დიზელის ფასი - რასაც ინფლაციის გამოწვევა შეუძლია - 70 პროცენტითაა გაზრდილი მას მერე, რაც მიმდინარე წელს აშშ-მა და ისრაელმა ირანთან ომი დაიწყეს.
radiotavisupleba ახალი ამბები