აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ უკანონო მიგრანტების წინააღმდეგ მასშტაბურ რეიდს დაიწყებს. ოპერაცია ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.
რეიდის ჩასატარებლად საიმიგრაციო სამსახურის 100-დან 200 თანამშრომლამდე ჩართვა იგეგმება. ძირითადი სამიზნე კრიმინალური წარსულის მქონე მიგრანტები გახდებიან. პირველ ეტაპზე მსგავსი ღონისძების ჩატარება ჩიკაგოში იგეგმება.
რეიდის სამიზნედ ჩიკაგო სხვადასხვა მიზეზის გამოა არჩეული. ამ ქალაქში მიგრანტების მიმართ შედარებით ლოიალური წესები არსებობს. ასევე ტრამპს ქალაქის მერთან, „დემოკრატების“ წარმომადგენელთან ბრენდონ ჯონსონთან ცოტა ხნის წინ კონფლიქტი მოუვიდა.
გამოცემა წერს, რომ ანალოგიური რეიდების ჩატარება ნიუ-იორკში, ლოს-ანჯელესში, დენვერში და მაიამიში იგეგმება,
წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპი აცხადებდა, რომ აშშ-ის ისტორიაში დეპორტაციის ყველაზე მასშტაბურ პროგრამას დაიწყებს, რომლის შედეგად აშშ-დან 15-20 მლნ მიგრანტის გაძევება მოხდება. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას პრეზიდენტობის პირველივე დღიდან დაიწყებს.