ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება: აშშ 30-მდე ქვეყნიდან ელჩებსა და დიპლომატიურ წარმომადგენლებს გაიწვევს

15 hours ago 1

„ასოშიეითიდ პრესის“ ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დაახლოებით 30 ქვეყნიდან ამერიკელი ელჩებისა და მაღალი რანგის დიპლომატიური წარმომადგენლებს გაიწვევს – მათი მისია უკვე იანვარში, ვადაზე ადრე შეწყდება.

საუბარია პიროვნულ ცვლილებებზე, საელჩოები და დიპლომატიური მისიები ფუნქციონირებას აგრძელებს – არცერთი ქვეყანა არ რჩება აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლობის გარეშე.

გადაწყვეტილება უკვე იქცა საერთაშორისო დიპლომატიურ წრეებში განხილვის საგნად. ჩნდება კითხვები, თუ რა სტრატეგიულ მიზნებს ემსახურება ეს ნაბიჯი და როგორ აისახება ის აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ეფექტიანობაზე.

Associated Press-ის ინფორმაციით, საუბარია ძირითადად კარიერულ დიპლომატებზე, რომელთა ნაწილი ელჩის პოზიციებზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პერიოდში დაინიშნა. მათი გაწვევა არ ნიშნავს საგარეო სამსახურის დატოვებას, თუმცა მათი მიმდინარე მისიები ვადამდე წყდება და ისინი ვაშინგტონში დაბრუნებას ექვემდებარებიან. სახელმწიფო დეპარტამენტი ამ დიპლომატებს, სურვილის შემთხვევაში, სხვა თანამდებობების დაკავებას შესთავაზებს.

როგორც სააგენტო სახელმწიფო დეპარტამენტში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, სულ ციტა, 29 ქვეყანაში მოქმედი დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა უკვე მიიღეს შეტყობინება, რომ მათი თანამდებობაზე ყოფნის ვადა იანვარში იწურება. ოფიციალური განმარტებით, გადაწყვეტილება ემყარება პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას – საკუთარი პოლიტიკური ხედვის შესაბამისად ჩამოაყალიბოს დიპლომატიური გუნდი.

დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის ცენტრალური კონცეფცია – „America First“ („ამერიკა უპირველეს ყოვლისა“) – კვლავ რჩება ამ ნაბიჯის მთავარ საფუძვლად. ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეფასებით, ელჩები არა მხოლოდ პროფესიონალი დიპლომატები, არამედ პრეზიდენტის პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარებიც უნდა იყვნენ. შესაბამისად, ტრამპის გუნდს სურს, ამერიკის ინტერესებს საზღვარგარეთ წარმოადგენდნენ პირები, რომლებიც ახალი ადმინისტრაციის სტრატეგიულ ხედვას სრულად შეესაბამებიან.

ელჩების ვადამდე გაწვევის გეოგრაფია ფართოა. ყველაზე მეტად ცვლილებები აფრიკის ქვეყნებს შეეხო – ელჩები დატოვებენ 13 ქვეყანას, მათ შორის ნიგერიას, სენეგალს, კამერუნს, კოტ-დ’ივუარს, მადაგასკარს, კაბო ვერდესა და ბურუნდის.

შესაბამისი შეტყობინება მიიღეს ახლო აღმოსავლეთში – ალჟირსა და ეგვიპტეში მომუშავე დიპლომატებმაც. ცვლილებები ფიქსირდება აზიასა და ევროპაშიც: ამერიკელი ელჩები თანამდებობებს დატოვებენ ფილიპინებში, ვიეტნამში, ფიჯიში, ხოლო ევროპაში – სლოვაკეთში, მონტენეგროში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სომხეთში. ეს მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება ლოკალური არ არის და ამერიკის გლობალური დიპლომატიური ქსელის თითქმის ყველა რეგიონს მოიცავს.

დიპლომატიური წრეების ნაწილი ამ ნაბიჯს ადმინისტრაციის ცვლილებისას გავრცელებულ პრაქტიკად აფასებს. მართლაც, აშშ-ში ახალი პრეზიდენტის მოსვლისას ხშირია ელჩების ჩანაცვლება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ისინი პოლიტიკური ოპონენტის პერიოდში დაინიშნენ. თუმცა ამ შემთხვევაში კრიტიკოსები მიუთითებენ მასშტაბზე – ერთდროულად რამდენიმე ათეული ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლების ცვლილება, მათი შეფასებით, შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს დიპლომატიურ უწყვეტობასა და მრავალწლიან პარტნიორულ ურთიერთობებს.

ექსპერტების თქმით, ელჩები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ არა მხოლოდ ოფიციალურ მოლაპარაკებებში, არამედ არაოფიციალურ კომუნიკაციაში, კრიზისების მართვაში და ადგილობრივი პოლიტიკური კონტექსტის სიღრმისეულ გააზრებაში. მათი მოულოდნელი გაწვევა ხშირად იწვევს პროცესების შეფერხებას – განსაკუთრებით ისეთ რეგიონებში, სადაც აშშ აქტიურად არის ჩართული უსაფრთხოების, ეკონომიკური ან ჰუმანიტარული პოლიტიკის განხორციელებაში.

მეორე მხრივ, ტრამპის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ძლიერი და ეფექტიანი საგარეო პოლიტიკა სწორედ მკაფიო პოლიტიკური თანხვედრით იწყება. მათი არგუმენტით, ელჩები უნდა იყვნენ არა მხოლოდ გამოცდილი დიპლომატები, არამედ პრეზიდენტის ნდობით აღჭურვილი ფიგურები, რომლებიც ერთიან პოლიტიკურ ხაზს გაატარებენ.

საბოლოო ჯამში, ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლების გაწვევა ასახავს ტრამპის ადმინისტრაციის სურვილს, საკუთარი ხედვების შესაბამისად გადააწყოს ამერიკის საგარეო პოლიტიკის არქიტექტურა, თუმცა მთავარი კითხვა კვლავ ღიად რჩება – გააძლიერებს თუ არა ეს ნაბიჯი აშშ-ის გავლენას საერთაშორისო ასპარეზზე, თუ პირიქით, შეასუსტებს დიპლომატიურ სტაბილურობას იმ პერიოდში, როცა გლობალური უსაფრთხოება განსაკუთრებით მყიფეა.

ნიკო აბაშიშვილი

სრულად წაკითხვა