სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვებში განაცხადეს, რომ „ტრამპის მარშრუტის“ (TRIPP) პროექტი პრაქტიკულ ეტაპზე გადავიდა.
პროექტის მიხედვით, ახალი მარშრუტი აზერბაიჯანის ძირითად ტერიტორიას ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან სომხეთის სამხრეთში მდებარე სიუნიქის რეგიონის გავლით დააკავშირებს. სომხეთს კი ახალ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტებზე წვდომა ექნება.
„დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ სომხეთის უდიდესი ეკონომიკური პროგრამის განხორციელებას ვიწყებთ“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე თქმით, პროექტის მიზანია სამხრეთ კავკასიაში შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლა რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და იურისდიქციის სრული პატივისცემით. ფაშინიანის შეფასებით, ახალი მარშრუტი სომხეთის უსაფრთხოებასაც გააძლიერებს, რადგან მეტი ქვეყანა იქნება დაინტერესებული სომხეთის სტაბილურობით.
დონალდ ტრამპმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ აშშ-ისა და სომხეთის თანამშრომლობა საქონლისა და ენერგორესურსების ტრანსპორტირებისთვის ახალ გზებს გახსნის. მან ფაშინიანს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მრავალწლიანი კონფლიქტის დასრულებისთვის გაწეული ძალისხმევა დაუფასა და 2027 წელს თეთრ სახლში მიიწვია.
ვიდეომიმართვების შემდეგ ნაჩვენებ კადრებში ჩანს, როგორ მუშაობს ტექნიკა დაგეგმილი მშენებლობის ადგილზე.
რას ითვალისწინებს „ტრამპის მარშრუტი“?
„ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში გამართული სამიტის ერთ-ერთი შედეგია. მაშინ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ტრამპის თანდასწრებით ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
პროექტი ითვალისწინებს სიუნიქის რეგიონში რკინიგზისა და საავტომობილო გზის მშენებლობას, ასევე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ფაშინიანის შეფასებით, ახალი გზა გაზრდის ტრანსკასპიური სავაჭრო მარშრუტის მნიშვნელობას. ეს მარშრუტი კასპიის ზღვის გავლით აღმოსავლეთსა და დასავლეთს აკავშირებს.
23 ნოემბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ახალი კონსტიტუციის პროექტიც გამოაქვეყნა. ახალი კონსტიტუციის მიღება აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად სახელდება.
radiotavisupleba ახალი ამბები