WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

2026 წლის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელების მძიმე მარცხის შემდეგ აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა. დემოკრატებმა კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი მოიპოვეს, რესპუბლიკელებში კი საარჩევნო მარცხის მიზეზებზე მწვავე დისკუსია დაიწყო.

განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის განცხადებამ, რომელმაც რესპუბლიკელების დამარცხების მთავარ მიზეზად ირანთან ომი დაასახელა. პარალელურად, დემოკრატების ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთის იმპიჩმენტის ინიციატივას ღიად დაუჭირა მხარი.

შეიძლება თუ არა ეს მოვლენები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ახალი პროცედურის დაწყების წინაპირობად იქცეს? რამდენად რეალურია მისი ადმინისტრაციის წევრების თანამდებობიდან გადაყენება და ნიშნავს თუ არა ვენსის განცხადება, რომ იგი რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური ლიდერობისთვის ემზადება?

რესპუბლიკელების მარცხი და ვენსის განცხადება: ირანთან ომი მთავარი მიზეზი იყო

4 ნოემბერს, შუალედური არჩევნების შედეგების შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც რესპუბლიკელების მარცხის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ირანთან ომი დაასახელა.

„ჩვენი მარცხის მიზეზი ომია. ამის შესახებ თავად პრეზიდენტმაც განაცხადა“, – დაწერა ვენსმა.

მისი შეფასებით, 2024 წელს ტრამპისა და ვენსის მხარდამჭერთა ნაწილმა ამჯერად დემოკრატებს მისცა ხმა. ამის მიზეზებად ვიცე-პრეზიდენტმა ოთხი საკითხი დაასახელა: ირანთან ომის დასრულების სურვილი, ცხოვრების გაძვირება და ინფლაცია, ამერიკის ინტერესების პრიორიტეტულობის მოთხოვნა და აშშ-ის ისრაელთან ურთიერთობის გადახედვის აუცილებლობა.

ვენსმა ასევე აღნიშნა, რომ პარტიამ გულახდილად უნდა შეაფასოს ომის გავლენა საარჩევნო შედეგებზე და უპასუხოს კითხვას, ღირდა თუ არა ომი იმ ფასად, რომ რესპუბლიკელებს სენატზე კონტროლი დაეკარგათ.

ეს განცხადება განსაკუთრებით საყურადღებოა იმის გათვალისწინებით, რომ ვენსი ტრამპის ადმინისტრაციის ვიცე-პრეზიდენტია და ირანთან ომის პერიოდში თავადაც მონაწილეობდა კონფლიქტის დასრულების მიზნით გამართულ დიპლომატიურ მოლაპარაკებებში.

Associated Press-ის ცნობით, ტრამპმა ვენსის განცხადებას საჯაროდ წინააღმდეგობა არ გაუწია. ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს განცხადება მისთვის მისაღები იყო, იცოდა, რას ფიქრობდა ვიცე-პრეზიდენტი და მის პოზიციაში პრობლემას ვერ ხედავდა. თუმცა ტრამპმა კვლავ დაიცვა ირანში სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში იმავეს გააკეთებდა.

აქ ჩნდება კიდევ ერთი საინტერესო პოლიტიკური გარემოება: ვენსის განცხადება შეიძლება განვიხილოთ როგორც ტრამპის არაპოპულარული საგარეო პოლიტიკისგან დისტანცირების მცდელობა, განსაკუთრებით 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების ფონზე.

The Guardian-ისა და Reuters-ის შეფასებებით, ვიცე-პრეზიდენტის პოზიციის ცვლილება შესაძლოა მის მომავალ საპრეზიდენტო ამბიციებსაც უკავშირდებოდეს.

ვენსი რესპუბლიკელების ერთ-ერთ შესაძლო საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილება 2028 წლის არჩევნებისთვის, ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი პოლიტიკური სახე ჩამოაყალიბოს. თავად ვიცე-პრეზიდენტმა მანამდე თქვა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას შუალედური არჩევნების შემდეგ მიიღებდა. მისთვის მნიშვნელოვანია, საკუთარი პოლიტიკური სახე ჩამოაყალიბოს.

არსებობს მოსაზრება, რომ ტრამპი ვენსს გარკვეულ თავისუფლებას აძლევს, რათა მან ადმინისტრაციის არაპოპულარული გადაწყვეტილებებისგან დისტანცირება შეძლოს და საკუთარი პოლიტიკური მომავალი მოამზადოს. თუმცა ამ ეტაპზე არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია, რომ ვენსის განცხადება ტრამპთან წინასწარ შეთანხმებული იყო ან პრეზიდენტი მას შეგნებულად აძლევს საკუთარი პოლიტიკის კრიტიკის შესაძლებლობას.

დემოკრატები კი აცხადებენ, რომ ომის გამო პასუხისმგებლობა თავად ვენსსაც ეკისრება, რადგან იგი ტრამპის ადმინისტრაციის ნაწილია და კონფლიქტის დასრულების მიზნით გამართულ მოლაპარაკებებშიც მონაწილეობდა.

დემოკრატები ჰეგსეთის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას უჭერენ მხარს

8 ნოემბერს დემოკრატების ამჟამინდელმა ლიდერმა წარმომადგენელთა პალატაში ჰაკიმ ჯეფრისმა ტელეკომპანია ABC News-ის გადაცემა This Week-ში განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთის იმპიჩმენტის შესახებ წარდგენილ რეზოლუციას მტკიცედ უჭერს მხარს.

„მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ჰეგსეთის იმპიჩმენტის რეზოლუციას. ე. წ. თავდაცვის მინისტრმა ბოროტად გამოიყენა თავისი ძალაუფლება, საფრთხე შეუქმნა ჩვენს ეროვნულ უსაფრთხოებას და წამოიწყო ირანში ეს გაუაზრებელი და ძვირად ღირებული ომი, რომლის არჩევაც აუცილებელი არ იყო. ამ ომმა ამერიკელებისთვის ფასები მკვეთრად გაზარდა და ქვეყანა უფრო სახიფათო მდგომარეობაში ჩააყენა. პიტ ჰეგსეთი თანამდებობიდან უნდა წავიდეს“, – განაცხადა ჯეფრისმა.

მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ ამ ინიციატივას დემოკრატებში ძალიან ძლიერი მხარდაჭერა ექნება. პარტიის წევრები საკითხს 10 ნოემბერს, ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ განიხილავენ.

თუმცა ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს რესპუბლიკელ კონგრესმენ თომას მასისაც. მან ABC News-ს განუცხადა, რომ ჰეგსეთის იმპიჩმენტის შესახებ რეზოლუციის ხელახლა წარდგენას ჯერ კიდევ 9 ნოემბერს აპირებს.

მასის მიერ მომზადებული დოკუმენტი რვა მუხლს მოიცავს და თავდაცვის მინისტრს, სხვა ბრალდებებთან ერთად, 1973 წლის „ომის უფლებამოსილებების შესახებ კანონის“ დარღვევასაც ედავება.

მასის მიერ გამოყენებული საპროცედურო მექანიზმი საკითხის პრივილეგირებულ რეზოლუციად წარდგენას გულისხმობს. ასეთ შემთხვევაში წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელობა ვალდებულია, შესაბამისი კენჭისყრა ორი საკანონმდებლო დღის განმავლობაში დანიშნოს.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი ტრამპი ჰეგსეთის გადაყენების მომხრე არ არის. მან ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვის მინისტრის საქმიანობა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ მისი თანამდებობაზე დატოვებას აპირებს.

თავად ჰეგსეთმა კი იმპიჩმენტის მცდელობას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა და ინიციატივა მის წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად შეაფასა.

რატომ არის ჰეგსეთის იმპიჩმენტის საკითხი მნიშვნელოვანი

ჰეგსეთის წინააღმდეგ ინიციატივა მხოლოდ თავდაცვის მინისტრის პერსონალურ პასუხისმგებლობას არ ეხება. დემოკრატების შეფასებით, ირანში სამხედრო ოპერაციის დაწყება და წარმართვა იმ გადაწყვეტილებების ნაწილია, რომლებმაც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოება და ეკონომიკური მდგომარეობა გააუარესა.

ამასთან, ჰეგსეთის იმპიჩმენტის საკითხი ტრამპის ადმინისტრაციის საქმიანობის უფრო ფართო გამოძიებების ფონზე განიხილება.

დემოკრატები აცხადებენ, რომ ახალი კონგრესის მუშაობის დაწყების შემდეგ ყურადღებას გაამახვილებენ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებებზე, შესაძლო კორუფციაზე, პრეზიდენტის ოჯახის ბიზნესინტერესებსა და აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილების გამოყენებაზე.

თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ჰეგსეთის იმპიჩმენტი და პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტი ორი განსხვავებული კონსტიტუციური პროცედურაა. თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ რეზოლუციის წარდგენა ავტომატურად არ ნიშნავს, რომ შესაბამისი პროცესი პრეზიდენტის წინააღმდეგაც დაიწყება.

შეძლებენ თუ არა დემოკრატები ტრამპისთვის იმპიჩმენტის მესამედ გამოცხადებას

ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის ახალი პროცედურის შესაძლებლობა კვლავ დღის წესრიგშია, თუმცა დემოკრატიულ პარტიაში ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არსებობს.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი აშშ-ის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ ორჯერ გამოუცხადა იმპიჩმენტი – 2019 და 2021 წლებში. ორივე შემთხვევაში სენატმა იგი გაამართლა.

2026 წლის შუალედური არჩევნების შედეგებმა დემოკრატებს კონგრესში ახალი შესაძლებლობები გაუხსნა. მათ წარმომადგენელთა პალატასა და სენატში უმრავლესობა მოიპოვეს, თუმცა ახალი მოწვევის კონგრესი მუშაობას 2027 წლის იანვარში დაიწყებს. მანამდე ორივე პალატას ისევ რესპუბლიკელები გააკონტროლებენ.

ახალი კონგრესის მუშაობის დაწყების შემდეგ დემოკრატებს შეეძლებათ:

  • დაიწყონ პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის საქმიანობის მასშტაბური გამოძიებები;
  • მოითხოვონ სახელმწიფო უწყებების დოკუმენტები და დაიბარონ თანამდებობის პირები კონგრესის მოსმენებზე;
  • წარმომადგენელთა პალატაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის მუხლები დაამტკიცონ – შესაბამისი მუხლების დასამტკიცებლად უბრალო უმრავლესობაც საკმარისია, რომელიც დემოკრატებს იანვრიდან ექნებათ.

თუმცა პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად სენატში დამსწრე წევრების ხმების ორი მესამედია საჭირო. შესაბამისად, დემოკრატების უმრავლესობაც კი არ იქნება საკმარისი რესპუბლიკელი სენატორების მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერის გარეშე.

იმ შემთხვევაში, თუ სენატი ტრამპის გადაყენებას მხარს დაუჭერს, კონსტიტუციის თანახმად პრეზიდენტის თანამდებობას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დაიკავებს და ტრამპის დარჩენილ საპრეზიდენტო ვადას დაასრულებს (2029 წლის 20 იანვრამდე). რიგგარეშე არჩევნები არ დაინიშნება.

რას აძლევს ეს დემოკრატებს და რა რისკები ახლავს

დემოკრატებისთვის ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ გამოძიებებისა და იმპიჩმენტის პროცედურების გამოყენება პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის წინ წამოწევის შესაძლებლობაა. თუმცა პარტიის ხელმძღვანელობა აცნობიერებს, რომ მხოლოდ იმპიჩმენტის მცდელობა შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს.

ამასთან, შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დემოკრატებს ამომრჩევლებისთვის კონკრეტული შედეგების ჩვენებაც მოუწევთ. მათი ერთ-ერთი მთავარი დაპირება ცხოვრების გაძვირებასთან ბრძოლა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

Associated Press-ის ინფორმაციით, პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა იმის შესახებ, თუ რამდენად უნდა დაეთმოს პოლიტიკური დღის წესრიგი იმპიჩმენტს და რამდენად ტრამპის ადმინისტრაციის საქმიანობის გამოძიებასა და ამომრჩეველთა ყოველდღიურ პრობლემებს.

ამრიგად, ტრამპის მესამე იმპიჩმენტის საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის. ამ ეტაპზე დემოკრატების გაცხადებული გეგმა, პირველ რიგში, ტრამპის ადმინისტრაციის საქმიანობის ფართომასშტაბიანი გამოძიებების დაწყებაა, ხოლო პრეზიდენტის წინააღმდეგ ახალი იმპიჩმენტის საკითხი, როგორც ჩანს, ამ გამოძიებების შედეგებისა და პარტიაში არსებული პოზიციების გათვალისწინებით გადაწყდება.

ჰეგსეთის გადაყენების ინიციატივა კი აჩვენებს, რომ ადმინისტრაციის ცალკეული წევრების პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შესაძლოა უფრო ადრე დადგეს, ვიდრე თავად ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი.

მეორე მხრივ, საკითხავია – რამდენად ერთიანი დარჩება ტრამპის პოლიტიკური გუნდი მომდევნო ორი წლის განმავლობაში და როგორ აისახება ეს 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის რესპუბლიკელების კანდიდატის შერჩევაზე?

პრეზიდენტების იმპიჩმენტის ისტორია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ოთხჯერ გამოუცხადა პრეზიდენტს:

  1. ენდრიუ ჯონსონი – 1868 წელი;
  2. ბილ კლინტონი – 1998 წელი;
  3. დონალდ ტრამპი – პირველად 2019 წელს;
  4. დონალდ ტრამპი – მეორედ 2021 წელს.

1. აშშ-ის მე-17 პრეზიდენტს ენდრიუ ჯონსონს წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა კონგრესთან დაპირისპირების გამო სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ. გადაყენებას მხოლოდ ერთი ხმა დააკლდა სენატში: 35 სენატორი მომხრე იყო, 19 – წინააღმდეგი. საჭირო იყო 36 ხმა.

2. ბილ კლინტონი – 1998-1999 წლები

აშშ-ის 42-ე პრეზიდენტს იმპიჩმენტი მონიკა ლევინსკის საქმესთან დაკავშირებული ცრუ ჩვენებისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის ბრალდებებით გამოუცხადეს. სენატში ვერცერთმა ბრალდებამ ვერ მოაგროვა ხმების საჭირო ორი მესამედი.

3. დონალდ ტრამპი – 2019 და 2021 წლები

პირველი იმპიჩმენტი უკრაინასთან დაკავშირებულ საქმესა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა, მეორე – 2021 წლის 6 იანვარის კაპიტოლიუმზე თავდასხმისკენ წაქეზების ბრალდებას. ორივე შემთხვევაში სენატმა ტრამპი გაამართლა.

ყველაზე საინტერესო შემთხვევა რიჩარდ ნიქსონის მიმართ იმპიჩმენტის დაწყების მცდელობა იყო.

უოტერგეიტის სკანდალის შემდეგ წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა მის წინააღმდეგ იმპიჩმენტის სამი მუხლი დაამტკიცა. თუმცა, სანამ საკითხი წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობის კენჭისყრამდე მივიდოდა, ნიქსონი გადადგა – არა იმპიჩმენტის შედეგად, არამედ თანამდებობიდან გადაყენების რეალური საფრთხის გამო.

რიჩარდ ნიქსონი დღემდე ერთადერთი პრეზიდენტია აშშ-ის ისტორიაში, რომელიც თანამდებობიდან გადადგა. მან პრეზიდენტის პოსტი ვადაზე ადრე, 1974 წლის 9 აგვისტოს დატოვა უოტერგეიტის სკანდალის ფონზე.

ნიკო აბაშიშვილი