ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ საზენიტო-სარაკეტო სისტემა Patriot-ის რაკეტები თავადაც სჭირდებათ.
უკრაინა, რომლის საჰაერო თავდაცვის სისტემა რუსულ ბალისტიკურ რაკეტებს ვერ უმკლავდება, პარტნიორებს დამატებითი საშუალებებით, პირველ ყოვლისა, Patriot-ის რაკეტებით დახმარებისკენ მოუწოდებს. ეს უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ განაცხადა 5 აგვისტოს, კიევსა და კიევის ოლქზე რუსეთის მასირებული სარაკეტო შეტევის შემდეგ, რომელსაც დიდი მსხვერპლი და მასშტაბური ზიანი მოჰყვა.
უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემის შესაძლებლობაზე 6 აგვისტოს ჟურნალისტებმა თეთრ სახლში ჰკითხეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. მან უპასუხა, რომ ეს რაკეტები თავადაც სჭირდებათ. ტრამპმა გაიმეორა ადრეც არაერთხელ ნათქვამი, რომ წინა პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინას ძალიან ბევრი იარაღი მისცა.
- 8 ივლისს ანკარაში, ნატოს სამიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არიან უკრაინას მისცენ საზენიტო სისტემა Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზია.
- 28 ივლისს ზელენსკიმ ტრამპთან თეთრ სახლში შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ განიხილეს Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზია.
- ამ შეხვედრიდან სამ დღეში ტრამპმა თქვა, რომ Patriot-ი განსაკუთრებული იარაღია და მისი წარმოების უფლების გაცემისას სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.
ბოლო ხანს დასავლეთის არაერთმა მედიასაშუალებამ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გამო შეერთებულ შტატებს საბრძოლო მასალების დეფიციტი აქვს. პრეზიდენტმა ტრამპმა ეს უარყო და დაპატიმრებით დაემუქრა მათ, ვინც მსგავს „მოღალატეობრივ განცხადებებს" ავრცელებს.

59 minutes ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·