აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისევ გააკრიტიკა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელსაც, ტრამპის აზრით, სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არ სურს.
„მე არ ვარ მისი დიდი ფანი(გულშემატკივარი)“, - განაცხადა ტრამპმა 15 ოქტომბერს ამერიკულ ტელეარხ Newsmax-თან ინტერვიუში. ტრამპი მიიჩნევს, რომ ზელენსკი არ არის ის ადამიანი ვისთანაც საქმე უნდა ჰქონდეთ.
- უკრაინის პრეზიდენტს არაერთხელ უთქვამს, რომ მზად არის რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკებებისა და სამშვიდობო შეთანხმებისთვის, თუმცა არა უკრაინის ტერიტორიების დათმობის ხარჯზე, როგორც ამას რუსეთი მოითხოვს.
Newsmax-თან ინტერვიუში აშშ-ის პრეზიდენტმა გააკრიტიკა უკრაინის გადაწყვეტილება, განაახლოს დარტყმები რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე და ისევ ამას დაუკავშირა მსოფლიოში საწვავის ფასების ზრდა და არა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციას, რომლის დაწყებისა და ჰორმუზის სრუტის დაბლოკვის შემდეგ მსოფლიო ბაზარზე საწვავის დეფიციტი და ფასების ზრდა დაიწყო.
- უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების განახლების შესახებ 15 ოქტომბერს განაცხადა მას შემდეგ, რაც ტრამპის მიერ 11 ოქტომბერს გამოცხადებული „ენერგეტიკული ზავის" მიუხედავად რუსეთმა არ შეწყვიტა უკრაინის ენერგოობიექტებზე შეტევები.
უკრაინაში ომის დასასრულებლად აშშ-ის ჯერჯერობით წარუმატებელ ძალისხმევაზე საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ პუტინს და ზელენსკის ერთმანეთი სძულთ და როცა ასეთი სიძულვილია, რაიმეს მოგვარება ძალიან რთულია. ტრამპი, რომელიც პუტინს არასდროს აკრიტიკებს, მიიჩნევს, რომ ზელენსკისთან საქმის დაჭერა უფრო რთულია, ვიდრე პუტინთან.
radiotavisupleba ახალი ამბები